პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი თბილისში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. იგი წერს, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს თბილისში მიმდინარე მოვლენებს და ირიბი მუქარით გვახსენებს, რომ „გროზნოდან თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია". სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ კადიროვი პრეზიდენტ პუტინის რუპორია და აღნიშნული განცხადება საქართველოს მიმართ პირდაპირი მუქარაა.
„რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი მუქარა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. რამზან კადიროვს მზად ჰყავს 30-ათასიანი კარგად შეიარაღებული საბრძოლო რაზმები, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში, რომლებსაც უშუალოდ კადიროვი ხელმძღვანელობს და ამ სარდლობის მეთაური კი გენერალი ზოლოტოვია.
„ეს უკვე არის პირდაპირი საფრთხე. მითუმეტეს, რომ ვსაუბრობთ 200-კილომეტრიან ზონაზე, ფაქტიურად, პანკისიდან თბილისამდე 200 კილომეტრია", - აცხადებს მაისაია.
კადიროვი აღნიშნულ განცხადებაში აშშ-საც შეეხო. ჩეჩნეთის ლიდერმა თქვა, რომ „ამერიკის სიყვარულმა დაღუპა ბევრი ქვეყანა". ვახტამგ მაისაია კადიროვის ამ ფრაზასაც გამოეხმაურა.
„კადიროვი არის ვლადიმერ პუტინის პირდაპირი რუპორი. ფაქტიურად, ის პუტინის გარეშე ერთ სიტყვას არ იმეორებს. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ ეს არის პუტინის ნარატივი და რასაც პუტინი თვლიდა, ვინ დაღუპა და რომელი ქვეყნები დაღუპა ამერიკამ, ალბათ ის იგულისხმა კადიროვმაც", - აცხადებს ექსპერტი „რეზონანსთან" საურისას.