ეკატერინე ბასილაია
23.06.2019

 20 ივნისიდან თბილისში დაწყებული ანტირუსული აქციების გამო რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ომი გამოუცხადა. ვლადიმირ პუტინის 21 ივნისის განკარგულებით 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა დროებით ეკრძალებათ, იკრძალება როგორც რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა, ასევე გადაზიდვებიც. ამასთან, ტუროპერატორებსა და სააგენტოებს ეძლევათ რეკომენდაცია, აკრძალვის მოქმედების პერიოდში თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან. პუტინმა ხელისუფლებას ასევე დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ. 

პარალელურად, კრემლმა რუსეთიდან საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნის პირობებიც დაასახელა.

„სიტუაცია საქართველოში უნდა ნორმალიზდეს და უნდა გაქრეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების ყველანაირი საფრთხე“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტსი პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი. 

თუ როგორ შეფასდება საფრთხის არარსებობა, ამის შესახებ მას არ ულაპარაკია.

პესკოვის განცხადებით, პუტინმა გააზრებულად მიუთითა 8 ივლისს, რადგან სწორედ ამ დროისთვის ტურების უმრავლესობის დრო იწურება.

„ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება დაკავშირებულია საქართველოში ექსტრემისტულ გამოვლინებებთან, რომელიც ანტირუსულ ხასიათს ატარებს და რომელიც შეიძლება ჩვენი ტურისტების წინააღმდეგ იყოს მიმართული.  ჩვენ არ შეგვიძლია საფრთხე შევუქმნათ ჩვენი ტურისტების სიცოცხლეს“, - განაცხადა მან.

პუტინის გადაწყვეტილების კვალდაკვალ რუსეთიდან ქართველების „დასჯის“ ახალ-ახალი მუქარები ისმის. მაგალითად, რუსეთის დუმის ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ დეგტიარევმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველა კურორტისა და ყველა ქართული პროდუქციის ბოიკოტი - ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება „თბილისში რუსოფობიური გამოსვლების მორიგი ტალღის შემდეგ“.

„დაე, უცადონ ტურისტებს აშშ-დან, ევროკავშირიდან და „ბორჯომი“ ევროპულ ბაზარზე გაყიდონ“, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

ეკონომიკური ომის გარდა მუქარის განცხადებები გაისმა გროზნოდანაც. რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ „გროზნოდან თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია“.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს უზრუნველყოს, ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რუსი ჟურნალისტების და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება. მოსკოვიდან აცხადებენ, რომ თბილისში „აგრესიულად განწყობილი რადიკალური ელემენტების მხრიდან“ ტელეკომპანია „რასია 24“-ის გადამღებ ჯგუფზე იყო თავდასხმის მცდელობა.

რუსეთის საგარეო უწყების ამ განცხადებას გამოეხმაურა თბილისიც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „საქართველოს დედაქალაქის სტუმრებს, უცხოელ ჟურნალისტებსა და ტურისტებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, არავითარი საფრთხე არ შექმნიათ და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სრულად უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებას. ამასთან, რუსეთის ფედერაციის ტელეკომპანიის ჟურნალისტების მონაწილეობით ცალკეულ მცირე ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.“

სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, პუტინის მიერ დაწესებულ მორიგ ეკონომიკურ ემბარგოს ეხმაურება და ამბობს, რომ შეეცდება რუს კოლეგას, კარასინს შეეხმიანოს და ამის შემდეგ გაკეთდება უფრო დეტალური განცხადებაც.  

ეკონომიკური ომი გამოცხადებულია. რას უნდა ველოდოთ კრემლიდან კიდევ და რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ?

პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში, ზურაბ ბაშიძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ექნება კომუნიკაცია გრიგორი კარასინთან, რის შემდეგაც გაანალიზებს ხელისუფლება სიტუაციას.

„რუსეთის მოქალაქეებისთვის არანაირი პრობლემა არ ყოფილა და არც არის. მიგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ უსაფრთხო მიმართულებად ითვლება ტურისტული თვალსაზრისით. არის ტურისტების სერიოზული ზრდა და არანაირი პრობლემა მათ უსაფრთხოებისა არ ჰქონიათ... 

„მოდით, ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ და მერე მოგახსენებთ... რა იქნება, პროგნოზების გაკეთება მიჭირს. კარასინთან კომუნიკაცია ჯერ არ მქონია, მაგრამ ახლო მომავალში მექნება. ამ ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე შესაბამისი ანალიზისა და დასკვნებისთვის. ამის შემდეგ გავაკეთებთ უფრო ვრცელ კომენტარს. 

„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ყველა მოქალაქის ინტერესები. ავაცილოთ მათ სერიოზულ საკითხებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე. ამჯერად ამ კომენტარით შემოვიზღუდოთ და მოგვიანებით უფრო ვრცლად გავისაუბროთ,“ - განაცხადა აბაშიძემ.

„ექსპერტთა კლუბის“ წევრის, პოლიტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, მოსკოვის მხრიდან ეკონომიკური ომის რეალური მოტივი არის ქართველების დასჯა პარლამენტის წინ გამართული ანტირუსული აქციის გამო.

რუსეთს ეგონა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში ქართულმა ერმა მიიძინა და რომ ქართველი ერი ოკუპაციის თემასა თუ რუსეთის თვითნებობაზე ისე მძაფრად უკვე აღარ რეაგირებს, რომ მან შეძლო საქართველო საკმაოდ მიება რუსულ ეკონომიკაზე, მაგრამ უცებ მათთვის დავზარდამცემი ფაქტი აღმოჩნდა, რომ ქართველმა ერმა გაიღვიძა, ერთად გამოვიდა და ხმამაღლა თქვა, რომ დიახ, რუსეთი ოკუპანტია და რუსული კონტროლი საქართველოზე არ უნდა განხორციელდეს. 

ეს შეიძლება ერთგვარი შოკიც იყო მათთვის და ამიტომ მორიგი ანტიქართული ისტერია დაემართათ. გაბრაზებულ გულზე გადაწყვიტეს, დაესაჯათ საქართველო. რუსეთმა გადაწყვიტა, რომ საქართველოსთვის მტკივნეული იქნება ეკონიმიკური სანქციების კვლავ შემოღება, ისევე, როგორც ეს მოხდა 2006 წელს. მაშინ საქართველოს ეკონომიკა 70%-ით იყო მიბმული რუსეთზე და საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიიღო საქართველოს ეკონომიკამ. 

„დაახლოებით იგივე მცდელობაა ახლა. გარკვეულ ზარალს მიიღებს ქართული ტურისტული და სატრანსპორტო სფერო. თუმცა რუსი ტურისტების ნაწილი საქართველოში მაინც შემოვა, ან ლარსის გზით, ან მოიფიქრონ კიდევ რამე მექანიზმები, იგივე ბელაორუსიდან, აზერბაიჯანიდან. აზერბაიჯანული ხაზები დაფრინავენ საქართველოსა და რუსეთს შორის. შემოსვლით შემოვა, მაგრამ რაოდენობა შემცირდება,“ - ამბობს ცქიტიშვილი.

მისი თქმით, რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი და ამდენად, შესაძლოა კიდევ სხვა სახის სანქცია მოიფიქროს.

„რაზე წავა, რთული სათქმელია. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში, შეიძლება აკრძალონ ქართული ღვინო, რუსეთში ყველაზე დიდი ექსპორტი სწორედ ღვინოზე მოდის. კარგია, რომ ჩინეთის ბაზარი გავხსენით. საჭიროა უფრო მეტი მუშაობა  ახალ ბაზრებზე. 

„ასევე შეიძლება გაიზარდოს საოკუპაციო  ხაზზე პროვოკაციები. ერთი პროვოკაცია უკვე განახორციელეს, რომ თითქოს „რასია 24“-ის გადამღებ ჯგუფს დაესხნენ თავს საქართველოში, თუმცა არც კადრი და არც ადგილი, სად მოხდა ეს, ცნობილი არ არის. ამგვარი პროვოკაცია კიდევ იქნება.

„სამხედრო პროვოკაციას არ ველოდები. თუმცა ვიცით, რომ აგვისტო რუსებისთვის საყვარელი თვეა. 8 ივლისის შემდეგ  დიდი სიფრთხილე გვმართებს, თუნდაც რუსი ტურისტების მიმართაც. იმიტომ, რომ შესაძლოა თვითონ მოაწყონ პროვოკაცია რუსი ტურისტების მიმართ, რომ შემდეგ ჩვენ დაგვაბრალონ,“ - დასძენს ცქიტიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×