„რუსეთმა საქართველოს ემბარგო 2006 წელსაც დაუწესა, მაგრამ ქვეყანა ამით არ დაზარალებულა, პირიქით, ეკონომიურად უფრო განვითარდა. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება, გამოჩნდება ალტერნატიული გზები და უფრო მეტი ხელშეწყობა ექნება იმ ბიზნესს, რომელსაც ტურისტული ბიზნესი ჰქვია“, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ბრძანებას, აიკრძალოს ავიარესიები საქართველოში, „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი მურმან დაუმბაძე.
„ბუნებრივია, ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, შეიძლება ჰქონდეთ განცდა, რომ მათ ბიზნესს ზიანი მიადგება. შეიძლება პირველ დღეებში შეიქმნას პრობლემები, მაგრამ თითოეული ჩვენი მოქალაქე მალევე უნდა გადაეწყოს და ენეგიულად გაუმკლავდეს არსებულ რეალობას.
„ასე იყო 2006 წელს, როდესაც რუსეთმა ეკონომიკური ემბარგო დაუწესა საქართველოს, მაგრამ მოიძებნა სხვა ალტერნატიული გზები და ქვეყანა უფრო განვითარდა. რაც მეტია წინააღმდეგობა, მით უფრო ეფექტურია შედეგი, თანაც, საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში რუსეთის წილი დიდი არ არის.
„ჩვენ მტრები უნდა მოვიცილოთ და გავიმრავლოთ მეგობრები, ვინც პატივს სცემს ჩვენს ქვეყნას, ჩვენს სუვერენიტეტს და განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ტურისტები ჩამოვლენ უკრაინიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან, სხვა მეგობარი ქვეყნებიდან და უფრო მეტი ხელშეწყობა ექნება იმ ბიზნესს, რომელსაც ტურისტული ბიზნესი ჰქვია", - განაცხადა „რეზონანსთან“ მურმან დუმბაძემ.