თამარ შუკვანი
24.06.2019

 „რუსეთიდან შესაძლოა დაიწყოს ქართველი არალეგალების მასობრივი გამოსახლება. ამასთანავე, კრემლმა შეიძლება სრულად გადაკეტოს ყველა ის ფინანსური გადმორიცხვა, რომელიც რუსეთიდან საქართველოში ხორციელდება. დამატებით, უნდა აღინიშნოს უცაბედი განგაშის გამოცხადება საჰაერო სადესანტო ჯარებში, სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის ნაწილებსა და ცენტრალურ სამხედრო ოლქში, საიდანაც მოხდება დამატებითი სამხედრო ნაწილების ოპერატიულად გადმოსროლა," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ნაბიჯების შესახებ საუბრისას.

გაღიზიანებული კრემლი საქართველოს კიდევ ერთ მუქარას უთვლის. ეკონომიკური ომის გამოცხადების შემდეგ მოსკოვმა თბილისთან მიმართებაში შესაძლოა დამატებითი ზომები მიიღოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს უშიშროების კომიტეტის წევრი გვაფრთხილებს.

„არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ანტირუსული ისტერიის გაგრძელებამ დამატებითი საპასუხო ზომების მიღება გვაიძულოს, რომელიც სცდება ტურისტულ ემბარგოს," - წერს ფრანც კლინცევიჩი სოციალურ ქსელში.

ასევე, უნდა ითქვას, რომ 23 ივნისს 06:00 საათზე რუსეთმა ოპერატიულ-სტატეგიული სამხრეთში არაგეგმიური სამხედრო მომზადების მონიტორინგი დაიწყო. კრემლმა შესაძლოა კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი გამოიყენოს საქართველოსთან მიმართებაში. ამის შესახებ ვახტანგ მაისაია საუბრობს.

„დილის ექვს საათზე უკვე დაიწყო არაგეგმიური სამხედრო მომზადების მონიტორინგი ოპერატიულ-სტატეგიული სამხრეთში, ანუ ამ სარდლობის შენაერთები რამდენად არიან მზად ძალიან მცირე და ოპერატიული კუთხით მოახდინონ საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა და საბრძოლო ოპერაციებში ჩართვა ჩრდილოეთ კავკასიაში, რაც პირდაპირ უკავშირდება ფედერაციის საბჭოს უშიშროების კომიტეტის წევრის განცხადებას.

„რუსეთმა შესაძლოა დაიწყოს არალეგალების მკაცრი მონიტორინგი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაიწყება ქართველი არალეგალების მასობრივი გამოსახლება, რაც ერთ-ერთი ბერკეტი იქნება ხელისუფლებაზე. რამდენიმე ათასი ადამიანის და შესაძლოა უფრო მეტის, ქვეყნიდან გამოძევება მოახდინონ, რაც ჩვენ ქვეყანაში ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

"შესაძლოა, საპირისპირო მიტინგებიც დაიწყოს, იმ ადამიანების, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ იქნენ გამოძევებულნი, - ისინი დაკარგავენ საშაულებას იმისა, რომ ოჯახები არჩინონ. ეს არის სოციალური ბუნტის ერთგვარი სტიმულაციის შექმნა.

„კიდევ ერთი ბერკეტი გახლავთ, რომ რუსეთმა შესაძლოა სრულად გადაკეტოს ყველა ის ფინანსური გადმორიცხვები, რომელიც რუსეთიდან საქართველოში ხორციელდება, რასაც ემატება უცაბედი განგაშის გამოცხადება საჰაერო სადესანტო ჯარებში, სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის ნაწილებსა და ცენტრალურ სამხედრო ოლქში, საიდანაც მოხდება დამატებითი სამხედრო ნაწილები ოპერატიულად გადმოსროლა," - აღნიშნა მან.

ამასთანავე გავიხსენოთ, 20 ივნისს საჰაერო საზღვრის დარღვევის მეორე დღე, როდესაც რუსეთმა ცხინვალში საბრძოლო შენაერთების მზადყოფნა გამოაცხადა. ამას ემატება ცენტრალურ აზიაში სამხედრო წვრთნების გამართვა, რომელიც 28 ივნისამდე გასტანს. ასევე, გავიხსენოთ ჩეჩნეთის ხელმძღვანელის კადიროვის მუქარა, რომელიც რუსეთს ღიად უჭერს მხარს, ხოლო საქართველოს მუქარის ტონით ესაუბრება.

ვახტანგ მაისაიას განცხადებით, რუსეთის მხრიდან შესაძლოა პროვოკაციების მოწყობა, რაც ქართულმა მხარემ არ უნდა დაუშვას.

„20 ივნისს რუსებმა საჰაერო საზღვარი დაარღვიეს და მეორე დღეს ცხინვალის რეჟიმმა რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. საგანგებო სიტუაცია 28 ივნისამდე იქნება. ხოლო ამ პერიოდში 50 სწავლება ჩატარდება 35 სამხედრო პოლიგონზე, - ეს არის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი" და ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა „ცენტრი".

„გავიხსენოთ როგორ ხდებოდა რუსეთის მიერ საქართველოს 2008 წელს სამხედრო ინტერვენცია და ყველაფერი ხილული გახდება. ახლა იგივე სცენარია მოსალოდნელი, ოღონდ უფრო დახვეწილი სცენარი, რაც მაშინ რუსეთის მთავრობას არ ჰქონდა ჯერ კიდევ გამომუშავებული.

„კადიროვის მუქარა, ცხინვალში საბრძოლო შენაერთების მზადყოფნა, ახლა უკვე არაგეგმიური საბრძოლო მზაობისა და უცაბედი სამხედრო წვრთნების ჩატარება 28 ივნისამდე. ეკონომიკური ომის გარდა, რომელიც რუსეთმა გამოგვიცხადა, დამატებით შესაძლოა კიდევ მცოცავი ოკუპაციის ელემენტების განხორციელდეს.

"არ გამოვრიცხავ პროვოკაციებსაც, რომელსაც რუსეთის მხრიდან ადგილი უკვე ჰქონდა და მსგავსი რამ არ უნდა დავუშვათ, - თითქოს რუს ჟურნალისტზე თავდასხმა განხორციელდა, რაც ასე არ იყო," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×