“თუ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის გარეთ საფრთხე შეექმნათ, შეუძლიათ ჩაერიონ სამხედრო ძალითაც”
თამარ შუკვანი
24.06.2019

 რუსი დეპუტატის საქართველოდან გაძევება კრემლისთვის რთულად გადასატანი ფაქტი აღმოჩნდა - 20 ივნისს აქართველოს პარლამენტში დაწყებული მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, საბოლოოდ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსებული სერგეი გავრილოვის ქვეყნიდან გაპარვით დასრულდა, რის შემდეგაც რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში უფრო მკვეთრი და მკაცრი გახდა.

რა შეიძლება იყოს ეს, - რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოდან გაძევებით გაღიზიანებული კრემლის რეაქცია, თუ არის კიდევ სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შესაძლოა რუსეთის ამ მკვეთრ ნაბიჯებს დავუკავშიროთ, რომლითაც კრემლი ბოლო პერიოდში გამოირჩევა?

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გავრილოვის ფაქტორის გარდა, რუსეთის გაღიზიანების საგანს წარმოადგენს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს ბოლო დროს გაკეთებული გაცხადებები, რომელიც ნატო-ში საქართველოს დაჩქარებული წესით ინტეგრაციასა და ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას შეეხება.

„გავრილოვის ფაქტორი არ არის გადამწვეტი. რუსეთს არ მოსწონს, რომ რუსი დიპლომატი საქართველოდან გააძევეს, თუმცა, ბოლო მოვლენები, ასევე ანაკლიის პორტის პროექტს უკავშირდება. ამასთანავე, საქართველოს დაახლოებას დასავლეთთან, მათ შორის აშშ-სთან, რომელიც პირდაპირ გამოხატავს თავის დაინტერესებას, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს. ეს შეიძლება დავუკავშიროთ აგრეთვე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას. რა თქმა უნდა, გავრილოვის ფაქტორი ერთ-ერთია, მაგრამ არა ერთადერთი," - აღნიშნა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ რუსეთმა უბრალოდ საბაბი მონახა იმისათვის, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს.

„რუსეთის რეაქცია მაინც დიდწილად დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რაც გავრილოვის სკანდალურ ინციდენტს და იმ ჯაჭვისებურად განვითარებულ რეაქციას მოყვა. რუსეთი ახლა ცდილობს ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს იმისათვის, რომ როგორმე საბაბი მოძებნოს, - მან შეძლოს საქართველოს საქმეებში ჩარევა.

"ამიტომაც კეთდება ასეთი მძაფრი აქცენტი რუსი ტურისტების და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების პრობლემებზე. რუსეთი ამით ხომ არ იქმნის ერთგვარ ალიბს იმისათვის, რომ შემდეგ პროვოკაცია მოაწყოს?" - აცხადებს ანჯაფარიძე.

აღსანიშნავია, რომ 21 ივნისს საღამოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს გადაყვანას უკრძალავს. ხოლო რუსულ ტუროპერატორებს კი „ურჩიეს" ამ თარიღის შემდეგ საგზურები აღარ გაყიდონ, რაც, ფაქტობრივად, საქართველოში ორგანიზებული ტურიზმის აკრძალვაა.

ჩიტაძის განცხადებით, გავრილოვის ფაქტორის გამოყენებით კრემლი ცდილობს საქართველოში რუსი ტურისტების ჩამოსვლა აღკვეთოს.

„რუსეთმა ვერ შეძლო, ყველაფრის მიუხედავად საქართველოს დამორჩილება. მანამდე უფრო უკრაინის მიმართ შეიმჩნეოდა რუსეთის აგრესიული დამოკიდებულება, მაგრამ დღეს უკვე საქართველოს მიმართ უფრო აგრესიული ზრახვები უბრუნდება.

„რუსეთი გაღიზიანებულია რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლით და მან საბაბად გავრილოვის ფაქტორი გამოიყენა. ამ შემთხვევაში კრემლი ცდილობს, რომ რუსი ტურისტების საქართველოს ტურისტულ ბაზაზე შემოსვლა შეკვეცოს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ანჯაფარიძის თქმით, რუსეთს საკუთარი კანონმდებლობა აძლევს საშუალებას, იმ შემთხვევაში თუკი მის მოქალაქებს რაიმე საფრთხე შეექმნებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მოსკოვმა საპასუხო რეაგირება სამხედრო ძალის გამოყენებითაც კი მოახდინოს.

„რუსებს თავიანთ კანონმდებლობაში უწერიათ, რომ თუ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეექმნათ რეალური საფრთხე, ამის ნიადაგზე ჩაერიონ, მათ შორის სამხედრო ძალითაც.

„პომპეოს განცხადება ანაკლიის შესახებ და ასევე იმის შესახებ, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება უნდა დაჩქარდეს - გავრილოვის ფაქტორი კარგი შემთხვევა გამოდგა რუსეთისთვის, რომ საქართველოზე გაეძლიერებინა წნეხი იმისათვის, რომ ხელი შეეშალოს ამ პროცესებისთვის," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×