მიმდინარე წლის იანვარ-მაისში დიზელის საწვავის იმპორტი საკმაოდ შემცირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტმა ამ მიმართულებით 32,5 ათასი ტონითიკლო. ბენიზნის იმპორტის მხრივ ტენდენცია არ შეცვლილა და იანვარ-მაისშიც მზარდი ტრენდით გამოირჩეოდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 404,2 ათასი ტონა, რაც 25,7 ათასი ტონით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (429,9 ათასი ტონა).
მათ შორის, 2019 წლის იანვარ-მაისის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 215,4 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6,8 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 188,8 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 32,5 ათასი ტონით).
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის იანვარ-მაისის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: "რეგულარის" მარკის ბენზინი - 146,4 ათასი ტონა, ანუ 68,0%; "პრემიუმის" მარკის ბენზინი - 65,7 ათასი ტონა, ანუ 30,5%, "სუპერის" მარკის ბენზინი - 3,2 ათასი ტონა, ანუ 1,5%.
ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 5 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 136,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 33,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 101,6 ათასი ტონა (25,1%), აზერბაიჯანი - 77,1 ათასი ტონა (19,1%), ბულგარეთი - 38,6 ათასი ტონა (9,5%), თურქმენეთი - 32,5 ათასი ტონა (8,0%); საბერძნეთი - 17,8 ათასი ტონა (4,4%) და სხვ.
მთლიანობაში დიზელის საწვავის იმპორტია შემცირებული, მაგრამ ბენზინის იმპორტში დინამიკა პოზიტიურია. კონკრეტული მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში დიზელის საწვავის იმპორტის შემცირება, უცნობია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე, ეს პროცესი არ იყოს მოსალოდნელი. მიმდინარეობს ბაზრის კვლევა, რაც დიზელის იმპორტის კლების მიზეზს საბოლოოდ გაარკვევს.
"დიზელის საწვვავის იმპორტმა იანვარ-მაისში მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაშო დიზელის საწვავის მოხმარებას, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ პოზიტიურ დინამიკაშია. მაგალითად, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტი ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის მომატებული. ასევე საგზაო სამუშაოების მოცულობაც გაზრდილია. სამეურნეო სამუშაოებები აქტიურ ფაზაშია.
გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი და რაოდენობა ასევე პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს. ერთადერთი, რაც ჩვენი აზრით, დიზელის საწვავის იმპორტსა და მოხმარებაზე უარყოფითად მოქმედებს, არის სატრანსპორტო საშუალებებით თურქეთის მიმართულებით საწვავის გატანა, რაც სავსებით ლეგალურად ხდება. ბოლო პერიოდის განმავლობაში იქ ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, თუმცა დიზელის ფასთაშორის სხვაობა ქვეყნებს შორის არ არის იმ მოცულობის, რაც აქამდე იყო. გარდა ამისა, ამ უშუალოდ ამ ფაქტორს იმპორტის მკვეთრი კლება არ უნდა გამოეწვია.
ვხედავთ, რომ ვითარება მეტ-ნაკლებად პოზიტიურია, მაგრამ დაბეჯითებით ვერ ვამბობთ, რა არის იმპორტში კლების მიზეზი. ვსწავლობთ ბაზარს და უახლოეს პერიოდში გვექნება ზუსტი მოცემულობა - უკავშირდება თუ არა სხვა პროდუქციის ბაზარზე გამოჩენას თუ წმინდა ეკონომიკური ხასიათის ფაქტორით არის გამოწვეული", - ამბობს მთვრალაშვილი. .
რაც შეეხება იმპორტს ქვეყნების მიხედვით, ყველაზე დიდი მომწოდებელი ტრადიციულად რუსეთია. იმ შემთხვევაში თუ რუსული ემბარგოს მიზეზით რისკი გაჩნდება, მთვრალაშვილის თქმით, ეს არ შექმნის პრობლემას, რადგან ალტერნატიული ბაზრებით ჩანაცვლდება.
"რუმინეთი ბოლო წლების ყველაზე დიდი მომწოდებელი იყო. მეორე წელია, ეს პოზიცია რუსეთმა დაიკავა. ბენზინის 50% სწორედ რუსეთიდან არის მოწოდებული, როგორც ვხედავთ, მაღალ დონეზეა დიზელის იმპორტიც. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის დაძაბვა ამ მხრივ პრობლემას არ გამოიწვევს, ალტერნატიული ბაზრებია, სხვა მომწოდებლებიც გვყავს, თუმცა ჯერ არ ჩანს ნიშნები, რომ მოწოდება შეფერხდება", - დასძენს მთვრალაშვილი.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავთან დაკავშირებით ხარისხის სტანდარტი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, თუმცა ამის პარალელურად საავტომობილო პარკის განახლება ვერ მოხერხდა.
განსაკუთრებით ცუდი ვითარება გვაქვს დიზელის საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით. ესენი არის ძირითადად ასაკოვანი სატრანსპორტო საშუალებები და იმ დროს, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე ეკოლოგიური სტანდარტი და შეუზღუდავად ხორციელდება მოძველებული, შეიძლება ითქვას, ჩამოწერილი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი.
"ასაკოვანი სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება განვიხილოთ როგორც გარემოს მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი. ამიტომ სასურველი იქნება, რომ დიზელის საწვავის სტანდარტის გაუმჯობესების პარალელურად, ასევე შემუშავდეს გარკვეული რეგულაციები სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე, ვინაიდან სხვა შემთხვევაში გარემოს გაუმჯობესების კუთხით ვითარება არ შეიცვლება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვეროპის და არა მარტო ევროპის ქვეყნებში საწვავის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად ვითარდებოდა სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიური სტანდარტი. ზოგიერთ ქვეყანაში, სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიური სტანდარტი საწვავის ხარისხობრივ სტანდარტს ასწრებდა კიდეც", - განუცხადა მთვრალაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსს".