ვის დასჯას ითხოვს ივანიშვილი 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების შემდეგ "უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, საზოგადოების მოთხოვნას მოჰყვება სამართლებრივი შედეგები.
20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოკითხვაზე, ასევე, დაბარებული იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თბილისში პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო ორგანოში ოპოზიციის ლიდერების დაბარებას ნიკა მელია „რეზონანსთან" აფასებს. მისი თქმით, "ოცნება" მის დაკავებას ხელისუფლებაში მოსვლის წუთიდან ცდილობს. მელია ამბობს, რომ ისე შეიძლება მოხდეს, პოლიციაში დასაბარებელი თავად გიორგი გახარია გახდეს.
"ბატონი გახარია, ისე გაიხდის საქმეს, რომ აქეთ გახდეს უახლოეს პერიოდში დასაბარებელი. ხალხის რომ დაიბარებს გახარიას, ეს გარდაუვალია. უკვე გიბარებთ და ის გუგუნის ხმა წესით და რიგით უკვე უნდა ესმოდეთ. 7 წელია გახარია და ივანიშვილის ჩემი დაკავების მოლოდინში არიან. აღარც მახსოვს მერამდენე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. თუ არ ვცდები, მეხუთე თუ მეექვსეა. მაგრამ ეს რომ შველოდეს გახარიას, გამოსავალია მათთვის?!", - განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ის დაკითხვაზე უკვე დაიბარეს, თუმცა მან შეუთვალათ, რომ მისი დაკითხვა მხოლოდ მოსამართლის თანდასწრების შემთხვევაში მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკითხვაზე არ მივა. ოქრუაშვილი ამბობს, რომ ორი დღეა ამ პასუხის შემდეგ მას აღარავინ შეხმიანებია. ყოფილი მინისტრი ელის საგამოძიებო ორგანოები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენს კითხვაზე ელის თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებას, ის ამბობს, რომ მათ თავებში რა მოიხარშება, კაცმა არ იცის. ამიტომ გამორიცხვით არაფერს გამორიცხავს.
„ორი დღის წინ ვიღაცამ დამირეკა გამომძიებელი ვარ და დაკითხვაზე მოდითო. ვუპასუხე, რომ მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით თუ მოხდება ჩემი დაკითხვა ჩვენებას მაგ შემთხვევაში მივცემ. არაფერი აღარ უთქვამთ, წესით მეორე დღესვე პასუხი უნდა ეთქვათ. მოსამართლესთან ერთად დაკითხვა უფრო გამჭვირვალე პროცესია. ამიტომაც, მის გარეშე დაკითხვაზე არ გამოვცხადდები. ველი პასუხს, არ ვიცი დამაკავებენ თუ არა, მაგათ თავში რა მოიხარშება კაცმა არ იცის-ყველაფერია მოსალოდნელი", - აცხადებს ოქრუაშვილი „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ თუ კი ოპოზიციის ლიდერების დაკავება იგეგმება, მაშინ ხელისუფლებამ არცერთი უპასუხო კითხვა არ უნდა დატოვოს. მისი აზრით, მაშინ საზოგადოებას ზუსტი და უტყუარი მტკიცებულებები უნდა აჩვენოს იმის, რომ ოპოზიციის კონკრეტული ლიდერები გადატრიალებას ან პარლამენტში შევარდნას ნამდვილად გეგმავდნენ. ძაბირაძე ამბობს, რომ ასეთი დაკავება, პოლიტიკურად ისედაც მყიფე სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს და ისევ წყალს ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს.
„ნიკა მელიას განცხადება და გამოსვლა მეც მოვისმინე. თუმცა, ეს არ მგონია საკმარისი იყოს და სპეცრაზმელებს ათავისუფლებდეს იმ პასუხისმგებლობისგან, რაც მათ ჩაიდინეს. თუ კი ოპოზიციის ლიდერების დაკავებას გეგმავენ, მაშინ უტყუარი მტკიცებულებებია საჭირო, რათა ზუსტად და დეტალურად გავიგოთ, რეალურად ეს ხალხი რას აპირებდნენ. პროკურატურამ განაცხადმა,რომ საქმეში ომბუდსმენსაც ჩართავენ და პროცესებს ისიც დააკვირდება.
"ვურჩევ, ასევე საელჩოს წარმომადგენელები და საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთონ. ახლა პოლიტიკურად სიტუაცია იმდენად დაძაბულია, რომ ამ ლიდერების დაკავებას მაქსიმალურად ზუსტი მტკიცებულებები სჭირდება.
"თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ სიტუაცია ჩაწყნარდეს და შემდეგ დააკავონ. საერთოდ, მგონია, რომ გავრილოვის ჩამოსვლიდან ღამით განვითარებული მოვლენები გამოსაძიებელია. დეტალურად უნდა გაირჩეს ყევლაფერი წვრილ-წვრილად და გავიგოთ რეალურად რა მოხდა, საქმე რა პროვოკაციებთან გვქონდა",-აცხადებს „რეზონანსთან" ძაბირაძე.