“ხელისუფლებას ექნება საშუალება რამდენიმე სატელიტური პარტია, „ფეიკ“ პარტია შექმნას და შეიყვანოს პარლამენტში”
ეკატერინე ბასილაია
24.06.2019

 პროტესტის მე-5 დღეს „ქართულ ოცნებას" მოუწია კიდევ ერთ დათმობაზე წასულიყო - ბიძინა ივანიშვილი შს მინისტრ გიორგი გახარიას ვერ შეელია, თუმცა დათმო მაჟორიტარობის გაუქმება და გამოაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით.

სწორედ ნულოვანი ბარიერის თემა გახდა პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებში ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებების საგანი. ნაწილი აცხადებს, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და „ოცნებას" მოუწია დათმობა დიდი პროტესტის გამო, ხოლო მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ კი, ეს დათმობა დიდი პროტესტის შედეგია, მაგრამ ნულოვანი ბარიერი არის ხაფანგი სხვადასხვა ექსტრემისტული, პრორუსული და „ოცნების" სატელიტი ადამიანების პარლამენტში შესაყვანად და ამ ფორმულით მომავალი პარლამენტი ქაოტური იქნება.

ამასთან, კეთდება განცხადებები, რომ ამ კიდევ ერთი დათმობის გამო პროტესტი არ შეწყდება, სანამ გიორგი გახარია მინისტრობიდან არ წავა, რომ 20 ივნისის აქციის დარბევისა და ადამიანების რეზინის ტყვიებით დასახიჩრების გამო პასუხი უნდა აგოს შს მინისტრმა და ის უნდა წავიდეს. ასევე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს დაკავებული 305 მომიტინგეც და სანამ ეს მოთხოვნებიც არ შესრულდება, აქციები ისევ განახლდება ჩვეულ დროს - 19 საათზე და ჩვეულ ადგილზე - პარლამენტის შენობის წინ. ასევე აქციის მეხუთე დღეს მიტინგი გაიმართა შს სამინისტროსთანაც - „წავიდეს გახარია".

საგულისხმოა, რომ 20 ივნისს პარლამენტის წინ დაწყებული მასშტაბური აქციის მეორე დღეს „ოცნება" იძულებული გახდა კობახიძე თანამდებობიდან გაეშვა, თუმცა, მაშინ პოლიტოლოგებისა და ოპოზიციის მხრიდან ეს შეფასდა, როგორც „ძალიან გვიან და ძალიან ცოტა".

აქციის მე-5 დღეს „ოცნებამ" კიდევ ერთი საკითხი დათმო. „ოცნების" ოფისში დიდი მსჯელობის შემდეგ ბრიფინგზე გამოვიდა პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას გადადგომის საკითხზეც ჰკითხეს, თუმცა, პარტიის თავმჯდომარემ საპრესკონფერენციო დარბაზი ისე დატოვა, ამ კითხვისთვის პასუხი არ გაუცია. თუმცა ის, რომ „ოცნება" გახარიას გაშვებას არ განიხილავს, ამაზე განცხადებები უკვე გაკეთდა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახარიაზე „საუბარი არ ყოფილა". პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა კი განაცხადა, რომ გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ხედავენ.

გახარიას გადაყენება პროტესტის მთავარ მოთხოვნად ისევ რჩება. ამასთან, ნულოვანი ბარიერი მიუღებელია ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე" დაწერა, რომ ნულოვანი ბარიერით ჩატარებული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი პატარ-პატარა პარტიებს იყიდის და „ვინც ახლა ამას დასთანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი". სააკაშვილის პოზიციას იზიარებენ „ნაცმოძრაობაში".

„ხალხმა ყვავს კაკალი დააგდებინა. პროპორციული სისტემა ივანიშვილმა დათმო. ეს გამარჯვებაა, მაგრამ გახარიას თავს სისხლი ღაღადებს. ის ვერ დარჩება თანამდებობაზე,"- წერს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ფეისბუქზე".

„რესპუბლიკური" პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პროპორციული სისტემა სტრატეგიული ხასიათის მიღწევაა, მაგრამ ივანიშვილმა ამ იძულებით დათმობას მოაყოლა ნაღმები - „ივანიშვილს სურს, სატელიტი ჯგუფებით ფონს გავიდეს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ მან ამას ვერ მიაღწიოს".

ნულოვანი ბარიერით, ჯერჯერობით, კმაყოფილია მხოლოდ „გირჩი".

განსხვავებულია პოზიციები ანალიტიკოსებშიც.

ანალიტიკოსები თანხმდებიან მხოლოდ იმაში, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის კიდევ ერთი დათმობა, რაც გამოიწვია იმან, რომ ხალხის პროტესტი არ შეწყდა. ამასთან თვლიან, რომ „ეს არ არის საკმარისი", რადგან დარბეული აქციის გამო პასუხისმგებლობა უნდა იკისროს გიორგი გახარიამ, თუმცა არ ელიან, რომ ივანიშვილი გახარიას გაუშვებს. ნულოვანი ბარიერზე კი მათი აზრები იყოფა.

რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი - პარტიამ 0,67% უნდა მიიღოს, რომ 150-კაციან პარლამენტში ერთი დეპუტატი შეიყვანოს.

კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაიას თქმით, წინა არჩევნების ანალიზს თუ გავაკეთებთ, პარტიას, რომელიც 12 000-14 000 ხმას მიიღებს, შევა პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია შევა პარლამენტში.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მიეცემათ, არა მარტო მაგალითად, „რესპუბლიკელებს" და „თავისუფალ დემოკრატებს", რომლებმაც 2016 წელს ვერ გადალახეს ბარიერი, არამედ მარგინალიზებული, ჰომოფობიური და პირდაპირ რუსული დაფინანსების მქონე ჯგუფებიც შევლენ.

„პირიქით, მარგინალიზებულ ჯგუფს მიეცემათ საშუალება 14 000 ხმა მოაგროვონ. 14 000 ხმა არის თითო უბანზე 4-5 ბიულეტენი. იმხელა ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსური რესურსი, გაყალბების შესაძლებლობა ყოველთვის ყველა ხელისუფლებას ჰქონდა საქართველოში. ხელისუფლებას ექნება საშუალება რამდენიმე სატელიტური პარტია, „ფეიკ" პარტია შექმნას და შეიყვანოს პარლამენტში... ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდება ფრაგმენტაცია პოლიტიკური ძალების. როცა ბარიერი 3-4%-ია, პარლამენტში ხვდება ჯგუფი, რომელსაც 6-7 კაცი ჰყავს და 6-7 ადამიანთან მოლაპარაკება და გადაბირება მეტად რთულია, ვიდრე ფრაგმენტირებული თითო-თითო ადამიანის.

"ვისაც მეტი ფული და რესურსი აქვს, ამ შემთხვევაში ხელისუფლებაში მყოფ ძალას, „ოცნებას" გაუადვილდება ივაჭროს ასეთ ადამიანებთან და შეძლოს სხვადასხვა ფორმით უმრავლესობის მოპოვება. ფრაგმენტირებული და ჭრელი პარლამენტი ბევრად ადვილი ასარევია, ვიდრე ჩამოყალიბებული," - ამბობს ჩოკორაია.

მისი თქმით, მივიღებთ 1992 წლის პარლამენტს, როცა ედუარდ შევარდნაძემ გამსახურდიას პარტიის გარდა პარლამენტში ყველა შეუშვა, დაახლოებით 26 პარტია იყო, რითაც თავის ლეგიტიმაციას შეუწყო ხელი, ხოლო იმ გადაწყვეტილებებს მაინც იღებდა, რაც თავად სურდა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კარგია, რადგან მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და მივიღებთ კოალიციურ მთავრობას და ხალხის დიდი პროტესტის გამო „ოცნებას" მოუწია გადაედგა ეს ნაბიჯი.

„ნულოვანი ბარიერით პროპორციული სისტემა მიუღებელია პირველ რიგში მსხვილი პარტიებისთვის, „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოსთვის", რადგან ისინი კარგავენ მანდატებს. გარდა ამისა, კარგავენ შესაძლებლობას, გააკეთონ კოალიცია და როგორმე გაერთიანებული ოპოზიციით შეინიღბოს „ნაციონალური მოძრაობა", ან რაღაც ახალი კონფიგურაცია დაჯდეს. ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და ეს კარგია. საუბარი იმაზე, რომ ასე მივიღებთ შევარდნაძის დროინდელ 1992 წლის პარლამენტს, როცა პარლამენტი იყო ჭრელი. მაგრამ ეს იყო პარლამენტი, რომელმაც ქვეყანა გამოიყვანა სამოქალაქო ომიდან, გაუფასურებული კუპონიდან და მიიღო კონსტიტუცია.

"პარტია რომ პარლამეტში მოხვდეს, სჭირდება 0,7%, ეს არც თუ ისე ცოტაა, 13 000 ხმა სჭირდება და თუ 2016 წლის არჩევნების შედეგს ნახავთ, არც ისე ბევრი პარტია შევა პარლამენტში. მეორეც, თუ მოვთვლით მსხვილი პარტიების წილს, თუნდაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, 38% მიიღო „ოცნებამ", 37% - „ნაცმოძრაობამ", 10% - „ევროპულმა საქართველომ", სად რჩება იქ კიდევ ადგილი, რომ პრორუსები შეყარონ პარლამენტში ან იყიდონ წვრილი პარტიები, არ მესმის.

"თუ „ოცნებამ" ხმები უნდა იყიდოს, რატომ იყიდის სხვა პარტიისთვის, თავისთვის იყიდის. ამ პრორუსულმა პარტიებმა ხმები უნდა მიიღონ და ეს თემა ასე მარტივი არ იქნება.

"ხაფანგი არის სხვა მხრივ. „ოცნებას" ეს აწყობს. არა იმიტომ, რომ ხმებს უყიდის სხვა პარტიებს, არამედ „ოცნება" მიიღებს ყველაზე მეტ პროცენტს და მას ექნება უფლება დააკომპლექტოს კოალიციური მთავრობა. „ოცნებას" არჩევანი უჩნდება წვრილი პარტიებისგან, რომლებიც დამოუკიდებლად იყრიან კენჭს და სულ არ უნდათ "ნაცმოძრობასთან" ერთად ყოფნა,"- აცხადებს ძაბირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×