მეღვინეები თითქის დარწმუნებულნი არიან, რომ კრემლი უკან არ დაიხევს და ბლოკადას დააწესებს
თეო გუდავაძე
24.06.2019

 ქართული ბაზარი რუსული ემბარგოს მოლოდინშია. უკვე მეორედ, პოლიტიკური დაძაბულობის გამო, რუსეთი საქართველოს ექსპორტის შეჩერებით "დასჯას" უპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოელი მეზობელი ქართული ღვინის გასაღების ნომერ პირველი ბაზარია, კომპანიები ემბარგოსათვის მზად არიან და ამბობენ, რომ ამის მოლოდნი სულ არსებობს. შესაბამისად, ქართული ღვინო სხვა ბაზარს აუცილებლად იპოვნის. 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგოს შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველმა უწყებამ ქართული ღვინის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება დაიწყო. საქმე რუსების მიერ ანტიქართულ კამპანიასთან გვაქვს, რაც საქართველომ არაერთგზის გამოიარა, ახლო და შორეულ წარსულებშიც. ამჯერად საუბარია ღვინის ხარისხის დაწუნებაზე.

კერძოდ, რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოდან იმპორტირებული ღვინისა და სხვა ალკჰოლური სასმელების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება, შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან, ქართულ პროდუქციაზე კონტროლი გააძლიერონ

რუსეთის მარეგულირებელში განმარტავენ იმასაც, რომ მხოლოდ 2018 წელს 203 ათასი ლიტრი ქართული ღვინო არ შეესაბამებოდა დადგენილ რუსულ ნორმებს, რის გამოც არ შეუშვეს ქვეყანაში, ხოლო რვა ქართველ მწარმოებელს ღვინის იმპორტი აეკრძალა. მათ შორის არიან: შპს "ბაგრატიონი - 1882", შპს "ბოლერო და კომპანია", შპს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა", შპს "ბადაგონი", შპს "ქართული ღვინის სახლი", "ქართული ღვინო", "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია" და შპს "ბატონო". 

შეესაბამება თუ არა სიმართლეს ღვინის ხარისხის გაუარესება თუ ეს მხოლოდ რუსული ახირებაა, რომელიც პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან? მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, საექსპორტო ღვინოების ინსპექტირების ფარგლებში, ღვინის კომპანიებიდან აღებულია 370-მდე ნიმუში, რაც საშუალოდ 50%-ით გაზრდილია გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კომპანიებს საექსპორტო შესაბამისობის სერტიფიკატების გაცემაზე უარი ეთქვა 24 შემთხვევაში. სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში შემოწმდა 30 კომპანია, აქედან 6 კომპანიის რამდენიმე დასახელების ღვინო არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. 

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბოლო წლებში მუშაობა გაძლიერებულია. 

"მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოებული ათეულ მილიონობით ბოთლი ღვინო აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტს. ვფიქრობთ, არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს ქართული საექსპორტო პროდუქციის ხარისხი“ – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში. 

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, შალვა ხეცურიანი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ქართული ბაზარი, მუდმივად მზადაა, რომ სიტუაციის ნებისმიერი გამწვავების შემთხვევაში, რუსეთი კვლავ აამოქმედებს ემბარგოს. მისი თქმით, ბაზრების დივერსიფიცირებისათვის, ქვეყნის შიგნით არაერთი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა ერთ რომელიმე ქვეყნაზე არ ვიყოთ მიბმული. 

"ჩვენ, უკვე მიჩვეულები ვართ რუსეთის მხრიდან ემბარგოს და ის კომპანიები რომლებიც რუსეთში ღვინოს ყიდის, ყველა აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება განმეორდეს ნებისმიერ დროს. ამიტომ ამაში დიდი მოულოდნელობა არ არის. რამდენადაც ვიცი, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის მაგრამ ისეთი პირი უჩნას, რომ ამ კუთხით აუცილებლად მომზადებულნი უნდა ვიყოთ. 

ძალიან დიდი ლოიალობაა რუსულენოვან ბაზრებზე ქართული ღვინის მიმართ და ამას განაპირობებს ორსაუკუნოვანი მარკეტინგი. რუსეთში უყვართ ქართული ღვინო, იცნობენ მას და შესაბამისად, ეს ბაზარი კომფორტულია. 

მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად უნდა ვიფიქროთ სხვა ქვეყნების ათვისებაზე და ამისათვის, ძალიან დიდი სამუშაო საჭირო არა მხოლოდ გარე მარკეტინგის კუთხით, არამედ შიგნით ქვეყანაშიც, რათა ბოლოს და ბოლოს გავხდეთ ევროპული ღვინის ცივილიზაცია, რომელიც არ იქნება მიბმული, რუსულ ბაზარზე. ეს ერთი და ორი დღის ამბავი არ არის. მუდმივ პროცესში ვართ, რომელიც ძალიან ნელა და ხანგრძლივად მიმდინარეობს. საჭიროა შიგნით დარგის რეგულაცია მოხდეს უფრო სწორად და ევროპულად. პირველ რიგში აუცილებელია ქვევრის რეგლამენტის შექმნა, რათა გასაგები იყოს რეგულაციებიც და მეორე საკითხია ჩვენი დასახელებების ღვინოების კიდევ უფრო პოპულარიზება და ეფექტიანობის გაზრდა. ამ ორი რეგულაციის მიღება და სათანადო აღსრულება მიგვაახლოებს ღვნის ევროპულ გაგებასთან და წავალთ საბოლოოდ იმ გზით, რითიც დავივიწყებთ პოსტსაბჭოურ ბაზრებზე მჭიდრო დამოკიდებულებას, რაშიც, სამწუხაროდ, დღემდე ვიმყოფებით", - აცხადებს ხეცურიანი "ბიზნეს-რეზონანსთან". 

შარშან საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ზრდის ტემპმა, 2017 წელთან შედარებით 13 პროცენტს მიაღწია, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 203 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი. ექსპორტის კუთხით პირველი ქვეყნა კი კვლავ რუსეთია 53 682 627 ბოთლი ღვინით. 

„თბილღვინოს“ ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველი უწყების იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ქართული ღვინის ხარისხი გაუარესდა და „როსპოტრებნადზორმა“ კონტროლის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო.  მარგველაშვილი აცხადებს, რომ ღვინის ხარისხთან დაკავშირებით „როსპოტრებნადზორთან“ ამ დრომდე პრობლემა არ ჰქონიათ. „თბილღვინოში“ აცხადებენ, რომ დღეისთვის რუსულ ბაზარზე მათი პროდუქციის 20% გადის. 

"თუ ქართულ ღვინოს ემბარგო დაუწესდება ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება. ასეთ ფაქტს წარსულში უკვე ჰქონდა ადგილი და მათ შეუძლიათ ეს ბერკეტი ისევ გამოიყენონ. ხარისხზე არასდროს გვქონია მათთან პრობლემა. დღესდღეობით, ჩვენი პროდუქციის დაახლოებით, 20% გადის რუსეთში ექსპორტზე. ვცდილობთ, ჩვენს პორტფელში მათი წილი მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს და ეს 20-25%-ს არ სცდება. დარგმა ეს ერთხელ გადაიტანა ემბარგო და კიდევ გადაიტანს. ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ არ ველოდები, რომ ეს მოხდება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×