ტატა შოშიაშვილი
25.06.2019

 „ჯერ კიდევ ვლადიმე ილიას ძე ლენინი თვლიდა, რომ თუ ბურჟუაზიამ (კაპიტალისტურმა სამყარომ) მოგება ნახა, შეუძლია, რომ თვითონ მოიტანოს საკუთარი თავის დასახრჩობი თოკი. ძალიან ცუდად გამოიყურება ევროპული ღირებულებების ღალატი, რაც იქნება, თუკი ევროპამ რუსეთს „საზღვრების გადაკერვა" შეარჩინა," - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება, რასაც მხარი დაუჭირა 118-მა დელეგატმა, წინააღმდეგიიყო 62, 10-მა კი თავიშეიკავა.

გვიან ღამით, ცხრასაათიანი დებატებისა და განხილვის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.

რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სასანქციო პროცედურების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული. დოკუმენტის სახელწოდებაა „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებისა და ხმის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება". მისი ავტორი რეგლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელი, ბელგიელი სოციალისტი დეპუტატი პეტრა დესუტერია.

„რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ეკონომიკურ ასპექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი გამოეთიშა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ევროპის საბჭოს წინაშე ფედერაციამ შეწყვიტა ფინანსური ვალდებულებების შესრულება, რამაც პრობლემები გააჩინა:

„ჯერ კიდევ ვლადიმე ილიას ძე ლენინი თვლიდა, რომ თუ ბურჟუაზიამ (კაპიტალისტურმა სამყარომ) მოგება ნახა, შეუძლია, რომ თითონ მოიტანოს საკუთარი თავის დასახრჩობი თოკი. ეკონომიკურ ასპექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. ამიტომ უკრაინის საკითხის განხილვისას სულ აწყდებოდა (ევროსაბჭოს საარლამენტო ასამბლეა) ეკონომიკურ პრობლემებს, რადგან თითონ რუსეთი ბაზრის გარდა ენერგეტიკის წყაროცაა და ა.შ.

„სულ გაურბოდათ იმისკენ თვალი, რომ იქნებ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება გადაფაროს ეკონომიკურმა ინტერესმა. მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც ეს ტენდენციაა, ოღონდ გაბედვით ვერ ბედავენ ბოლომდე, რადგან ძალიან ცუდად გამოიყურება ევროპული ღირებულებების ღალატი, რაც იქნება თუკი ევროპამ რუსეთს „საზღვრების გადაკერვა" შეარჩინა, რადგან ეს ევროპის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. მეორე მხრივ, თვალი გაურბით იმ მოგებებისკენ, რაც რუსეთთან ურთიერთობას ახლავს. ამ გაორებასთან გვაქვს, მგონი, საქმე", - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებები შეუზღუდონ და ისე დააბრუნონ, რათა ევროპამ საკუთარი იმიჯი არ შელახოს და ღირებულებებს არ უღალატოს, რამაზ საყვარელიძე დასძენს, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აქტიურად მიმდინარეობს:

„მაგაზე აქტიურად მიმდინარეობს ლაპარაკი და აქცხადებს, რომ „კი გადავდგამთ ამ ნაბიჯს, მაგრამ თან არ უნდა დავთმოთ ბრძოლა უკრაინისთვის. დიახ, ამის გაკეთებას ცდილობენ, ოღონდ აი, ასეთი რაკურსით," - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×