თამარ შუკვანი
25.06.2019

 „მელია არის დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი, რომელიც კიდევ ცდილობდა, რომ თავი გაემართლებინა. ფაქტობრივად, მან მოუწოდა ახალგაზრდებს შეჭრილიყვნენ და პარლამენტის გადატრიალება მოეხდინათ. ყველაფრის მიუხედავად, ჰქონდა ძალიან დიდი პრეტენზია, გამოდიოდა და დემაგოგობდა," - ასე იხსენებს უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას დღეს პარლამეტში მომხდარ ინციდენტს.

ხაბარელის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში თავიდანვე აგრესიული განწყობით შემოვიდნენ. მისი თქმით, მათ მიზანს სხდომაზე პროვოკაციის მოწყობა წარმოადგენდა.

„თავიდანვე ყველა აგრესიით შემოვიდა და ეტყობოდათ, რომ პროვოკაციისთვის იყვნენ შემოსული; ვუსმინეთ, ვუსმინეთ... ბოლოს კი უკიდურესი აღელვების წერტილი იყო, როდესაც ნიკა მელია აქეთ გადმოვიდა შეტევაზე და ჩვენზე ზეწოლა დაიწყო.

„ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელსაც ქვეყანაში არეულ-დარეულობის მოწყობა სურს, რაც გარკვეულწილად მოახერხეს კიდევაც და უნდოდათ ამის გაგრძელება. ხოლო ქვეყნის არევის საშუალებას არავინ მისცემს," - აღნიშნა მან.

კითხვაზე, მიზეზი მხოლოდ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი იყო თუ არა, ხაბარელმა განაცხადა, რომ სხვა რიგი მიზეზებიც არსებობდა:

„მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა. აქ არის კიდევ სხვა ბევრი მიზეზი და არა მარტო ეს. იყვნენ შემოსული პროვოკაციისა და არევის მიზნით, რისი საშუალებაც არ მივეცით," - დასძინა მან.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა ჩხუბით დაიწყო. ოპოზიცია ითხოვდა დღის წესრიგში დამდგარიყო შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, რაზეც მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა.

დაპირისპირება მამუკა მდინარაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიცია 20 ივნისის მოვლენების პროვოცირებაში დაადანაშაულა. ნიკა მელიამ და შოთა ხაბარელმა ერთმანეთისკენ მიკროფონებით გაიწიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×