„როგორც იქნა, ხელისუფლებამ ადეკვატური და ფუნდამენტური, სისტემური ნაბიჯი გადადგა. 0%-იანი ბარიერი გარკვეულ ქაოსსა და კონსოლიდაციის ნაცვლად პოლიტიკური ძალების დაქსაქსვას იწვევს, ეს პრობლემატურია, მაგრამ არა კრიტიკულად პრობლემატური. ბიძინა ივანიშვილი თუ დააპირებს ვინმეს ყიდვას, როგორ გგონიათ, 3%-იანს ვერ იყიდის?! მაინცდამაინც 0,76%-იანი იყიდება და გვაქვს იმის ილუზია, რომ 3%-იანი არ გაიყიდება?", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკურმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარება, რის შესახებაც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, თუმცა, ჯერჯერობით, სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობაა საჭირო:
„პროპორციული ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება, ვფიქრობ, მისასალმებელია. როგორც იქნა ხელისუფლებამ ადეკვატური და ფუნდამენტური, სისტემური ნაბიჯი გადადგა, რაც კარგია. რაც შეეხება ბარიერის ზომას, მიმაჩნია, რომ ამაზე დისკუსიის გამართვა შესაძლებელია.
„დღეს არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს გადაწყვეტილი საკითხია, რადგან ბევრი არგუმენტი არსებობს და ამაზე დისკუსია უნდა გაგრძელდეს. მარტო ამით არ შემოიფარგლება იმავე საარჩევნო კანონმდებლობაზე, ადმინისტრაციული რესურსის კონტროლსა და სხვა საკითხებზე მსჯელობა, კიდევ იქნება დისკუსიები და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ამ საკითხების მიმართ იქნება ადეკვატური", - ამბობს ექსპერი.
გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ 0%-იანი ბარიერი გარკვეულ ქაოსსა და კონსოლიდაციის ნაცვლად პოლიტიკური ძალების დაქსაქსვას გამოიწვევს, თუმცა ამის მოგვარება შესაძლებელი იქნება და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოყვანილ არგუმენტებზე კი აცხადებს, რომ ეს ოპოზიციის ხერხია, რომლითაც საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს:
„რაც შეეხება 0%-იან ბარიერს, ის არგუმენტები, რაც ოპონენებს მოჰყავთ, მიანცდამაინც დამაჯერებელი არ არის. რა თქმა უნდა, 0%-იანი ბარიერი გარკვეულ ქაოსსა და კონსოლიდაციის ნაცვლად პოლიტიკური ძალების დაქსაქსვას იწვევს, ეს პრობლემატურია, მაგრამ არა კრიტიკულად პრობლემატური. თუმცა ჯობია, რომ რაღაც ბარიერი, თუნდაც 3%-იანი არსებობდეს, რათა მეტ-ნაკლებად დაწმენდილი და გაფილტრული სურათი მივიღოთ.
„ის არგუმენტი, რომ ბიძინა ივანიშვილი 50 პარტიასა და კოალიციებს შექმნის, არადამაჯერებელია, რადგან ბიძინა ივანიშვილი თუ დააპირებს ვინმეს ყიდვას, როგორ გგონიათ, 3%-იანს ვერ იყიდის?! მაინცდამაინც 0,76%-იანი იყიდება და გვაქვს იმის ილუზია, რომ 3%-იანი არ გაიყიდება? ვინმეს აქვს ამის ილუზია?
„ეს არგუმენტები არ არის დამაჯერებელი და ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ისმის, რადგან მას აქვს თავისი დღის წესრიგი. ერთ მხრივ, ეშინია, რომ ის კოალიცია, რომელიც შექმნეს, არ დაიშალოს. მუხტის შენარჩუნება უნდა, არ სურს გაჩერება და იმის სურვილიც აქვს, რომ საპროტესტო ტალღა გაგრძელდეს და მღვრიე წყალში თევზი იჭიროს და ა.შ.
„მე ამ ეტაპზე მივესალმებოდი ხელისუფლების გადაწყვეტილებას და გავაგრძელებდი მასთან სამუშაო ვითარებაში გავაგრძელებდი მასთან დისკუსიას როგორც საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, ასევე ადმინისტრაციული და სხვა ტიპის რესურსის გამოყენების კონტროლის მიმართულებებით. ეს იქნებოდა უფრო საქმიანი და სახელმწიფოებრივად სწრორი გზა", - განმარტა გია ხუხაშვილმა.