ელზა პაპოშვილი
25.06.2019

 გუდაურში ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ტერიტორია დაარბიეს. ინფორმაცია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ ვრცელდება. „რეზონანსთან“ ფესტივალის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ  ინვენტარი დააზიანა  და წაღებულია სამუშაო იარაღები. 

ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ტერიტორიაზე ასობით ადამიანი კონკრეტული პირების ორგანიზებით შეიჭრა, რომლებსაც ფესტივალის ჩატარება არ სურდათ და ორგანიზატორებს მანამდეც ემუქრებოდნენ. მათი თქმით, საუბარია დაახლოებით 30  ათასი ლარის ზარალზე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ქურდობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლებით დაიწყო. 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყაზბეგში 28-30 ივნისს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ფესტივალის მათ ტერიტორიაზე ჩატარებას არ დაუშვებენ. შესაბამისად, ორგანიზატორები ამბობენ, რომ ყაზბეგში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი აღარ ჩატარდება. ახალი ადგილი კი მოგვიანებით გაირკვევა.

კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  ადგილობრივები ფესტივალის ტერიტორიაზე შევარდნენ, თავს ფესტივალის მუშახელს დაესხნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე გაანადგურეს ინვენტარი. ამ ყველაფრის მიზეზად კი ადგილობრივები ამბობენ, რომ „ზნედაცემულებმა წმინდა მიწაზე ფეხი არ უნდა დაადგან“. 

„ადგილობრივებმა, მიუხედავად იმის,ა რომ ინფორმირებულები იყვნენ ამ ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარებაზე, მაინც გადაწყვიტეს, რომ  ჩაეშალათ. ამის მიზეზად კი მათ წმინდა მიწაზე ზნედაცემული ადამაინების ყოფნას ასახელებენ. მივიდნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და ორგანიზატორებს წასვლა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი ტერიტორია დაარბიეს. სცემეს ფესტივალის მუშახელი და ინფრასტრუქტურა სრულიად გაანადგურეს“, - აცახდებს ორაშვილი. 

ფესტივალის ორგანიზატორის მარიამ შარაშიძის ინფორმაციით კი, ორშაბათს სტეფანწმინდიდან მოხევეები და მთიულები ავიდნენ ტერიოტირიაზე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო მათი მამა-პაპის საძოვრები და მუსიკა ეკლესიებსა და ხატებს შეურაცხყოფდა. შარაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ადგილობრივების აზრით, ფესტივალზე დაკრული მუსიკა მათ ხატებს და ეკლესიებს შეურაცხყოფს. 

მისი თქმით, ორგანიზატორები ადგილობრივ მერთან შესულები იყვნენ, მაგრამ შეთანხმება 3 საათის მოლაპარაკების მიუხედავად ვერ მოხერხდა. ამიტომაც სად ჩატარდება ფესტივალი ჯერჯერობით უცნობია. 

„ჩვენი თანამშრომელი ბიჭები იყვნენ ტერიტორიაზე და უცებ ვიღაცამ დაიყვირა „დავარბიოთო“ და  ადგილობრივები შემოცვივდნენ, რომლებმაც ყველაფერი დალეწეს. აღარაფერი არ არის. 10 დღის  განმავლობაში ვემზადებოდით. ფესტივალი პარასკევს უნდა გახსნილიყო.  სამართალდამცავებიც იყვნენ  ამოსულები, ფოტოები ჩვენც  გადავიღეთ. ზარალია 30 000-დან ზემოთ არის. კოტეჯები, ბარები - აღარაფერი აღარ არის“, - აცხადებს ფესტივალის ორგანიზატორი „რეზონანსთან“.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ დიდი ზარალის მიუხედავად, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს. მათი თქმით, ფესტივალი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მთლიანად  არ არის და ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ. 

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული, არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო. 

ორგანიზატორები ამბობენ, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×