„რასია 1“: საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეებს რუსების დახოცვისკენ მოუწოდა
ტატა შოშიაშვილი
25.06.2019

 ცნობილი რუსული პოლიტიკური თოკ-შოუ „60 მინუტ“ (60 წუთის) წამყვანი ევგენი პოპოვი და სკანდალური ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს რუსებიs დახოცვისკენ მოუწოდებს. სკაბაევამ და პოპოვმა ეს ფრაზა რამდენჯერმა სხვადასხვა ფორმულირებებით გაიმეორეს თავის გადაცემაში. სკაბაევამ მოგვიანებით განაცხადა, რომ საქართველოში რუსების დახოცვის პირობა დადეს.

„საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, ქართველმა დეპუტატმა, აკაკიმ, ჩვენ, თქვენ და ყველას განგვიცხადა, რომ ხოცავდა, ხოცავს და დახოცავს რუსებს. ის არის ხელისუფლების წარმომადგენელი. მათ წინააღმდეგ უნდა მივიღოთ შემაკავებელი და რეპრესიული ღონისძიებები“,- განაცხადა პოპოვმა ეთერში.

ამის შემდეგ კი ოლგა სკაბეევამ აღნიშნა, რომ, მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ ამ „ნაციკებს“ (იგულისხმება ზოგადად ნაციონალისტები და არა „ნაცმოძრაობა“, რედ.) მხარი დაუჭირა ხელისუფლებამ და ეს გახდა ქვეყნის პოზიცია, რომლითაც ის აპირებს სამომავლოდ მოქმედებას:

„ამ ნაციკებს, ნაციონალისტებს მხარი ქვეყნის ხელისუფლებამ დაუჭირა. საქართველოს პრეზიდენტი კონსოლიდირებულია სწორედ ამ ხალხთან , რომლებმაც თქვეს, რომ რუსების დახოცვას აპირებენ“, - განაცხადა სკაბეევამ.

სავარაუდოდ, საუბარია „ევროპული საქართველოს“ წევრი პარლამენტარის, აკაკი ბობოხიძის განცხადებაზე, რომელმაც პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩასული რუსული დელეგაციის წარმომადგენელ სერგეი გავრილოვს წყალი შეასხა და მიაძახა, რომ ხოცავდა რუსებს და გააგრძელებს ამის კეთებას. 

თუმცა, როგორც თავად ბობოხიძემ შემდეგ აღნიშნა, მას მხედველობაში ჰქონდა აფხაზეთის ომი, რომელშიც ის იბრძოდა. რუსულმა სახელისუფლო მედიამ კი, გარდა იმისა, რომ ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატის ემოციური სიტყვები კონტექსტის დამახინჯებით გააშუქა, ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსადაც გაასაღა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×