საქართველოდან რუსი დეპუტატის გაძევების შემდეგ კრემლის გაღიზიანება არ ცხრება. მოსკოვმა საქართველოს, ფაქტობრივად, ეკონომიკური ომი გამოუცხადა; 21 ივნისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 8 ივლისიდან ფრენები საქართველოს მიმართულებით, როგორც სამგზავრო, ისე ტვირთების გადაზიდვისთვის, აიკრძალება. ამასთანავე, 24 ივნისს რუსეთმა 8 ქართულ კომპანიას ქვეყანაში ღვინის შეტანა აუკრძალა „პროდუქციის ხარისხის გაუარესების" მოტოვით.
არსებული პროცესის ფონზე, რამდენად მიზანშეწონილი და რეალურია, რომ საქართველომ სიმეტრიული ზომები მიიღოს - ქართულმა მხარემ საპასუხოდ უნდა დაუწესოს თუ არა ეკონომიკური შეზღუდვები იმ რუსულ კომპანიებს, რომლებიც დღეს საქართველოში საქმიანობენ, როგორიცაა „თელასი", „ვითიბი ბანკი", „იანდექს ტაქსი", „ლუკოილი", „ბილაინი" თუ სხვა?
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო რუსულ კომპანიებს ქვეყნის შიგნით ვერ შეზღუდავს, რადგან ეს პარალელურად ქართული მხარის ინტერესებსაც დააზიანებს.
„ეკონომიკური შეზღუდვები რომ დაუწესო რუსულ კომპანიებს, რომელიც საქართველოშია, შესაძლოა პრობლემა შეიქმნას ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით, რადგან რუსეთის გახლავთ „თელასი", რომელიც თბილისში ელექტროგანაწილებით არის დაკავებული. ამ შემთხვევაში მექანიზმები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ არსებობს," - აღნიშნა ჩიტაძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამა თუ იმ კონკრეტული კომპანიების საქართველოში შეზღუდვა რთული იქნება, რადგან გარკვეულწილად, ამაში საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიც დევს, რაც ასევე შესაბამისად შეიზღუდება.
„რუსული კომპანიები ისე არის საქართველოში წარმოდგენილი, რომ არ მგონია „თელასი" ამ ქვეყნიდან გავაგდოთ. დღეს ძალიან ბევრი რუსული კომპანია საქართველოში სტრატეგიულ ობიექტებს ფლობს. იქიდან გამომდინარე, რომ ობიექტების უკან დაბრუნებას საქართველო ვერ მოახერხებს, ეს იქნება მითი და არა რეალობა.
„ჩვენთან რუსული კომპანიების საქმიანობა დიდი საქმიანობით არ განისაზღვრება. მათ აქვს სტრატეგიული ობიექტები, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ვიბრუნებთ," - აცხადებს ჭიჭინაძე.
ნიკა ჩიტაძე „სხვა მექანიზმებზე" საუბრობს, რასაც საქართველომ საპასუხოდ უნდა მიმართოს. მისი განცხადებით, რუსეთს საქართველო ეკონომიკური შეზღუდვებით ვერ უპასუხებს, რადგან, მისი თქმით, ესა თუ ის კომპანია საქართველოში „მატერიალურ დოვლათს" ქმნის.
„მგონია, რომ სხვა მექანიზმებია საჭირო. ეკონომიკურ შეზღუდვებს კომპანიებზე ვერ დააწესებს; მაგალითად, „ვითიბი ბანკი" საბანკო სფეროში რომ შეზღუდო, ათეულ ათასობით კლიენტი ჰყავს. იგივე შეიძლება ითქვას ენერგო კომპანია „თელასთან" დაკავშირებითაც.
„შეზღუდვებს ამ კომპანიებს ვერ დაუწესებთ, რადგან ქმნიან მატერიალურ დოვლათს. ყველაზე მთავარი სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობაა. სახელმწიფომ გარკვეულწილად მოლაპარაკებით უნდა გააუმჯობესოს საკუთარი პროდუქციის ხარისხი, რომ შემდგომში უზრუნველყოფილი იქნას ევროკავშირის ბაზარზე გატანა," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
დავით ჭიჭინაძე კონკრეტულ კომპანიას ასახელებს, რომელსაც შესაძლოა შეეზღუდოთ მუშაობა, თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ ამით საქართველოს მოსახლეობაც ზარალდება.
ჭიჭინაძის აზრით, პარლამენტმა უნდა განიხილოს ის საპასუხო ზომები, რომლითაც საქართველომ კრემლს უნდა უპასუხოს; მისი თქმით, აუცილებელია ადეკვატური პასუხის გაცემა რუსეთისთვის ისე, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დაზარალდეს.
„იანდექს ტაქსის" ვფიქრობ უნდა შეუწყდეს მუშაობა. ტურიზმის შემცირებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ტაქსისტებსაც გაუჭირდებათ კლიენტების მოძიება. შესაბამისად, თუ ჩვენ შევძლებთ „იანდექსის" გაშვებას, შესაძლოა გარკვეულ ნაწილში ჩვენს ტაქსისტებს წაადგეთ, მაგრამ იმ „იანდექსისის" ტაქსებზე ვინ მუშაობენ? - ისევ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ეს ადამიანები ხომ უმუშევრები დარჩებიან?! ასე პირდაპირ, განსჯის გარეშე არ შეიძლება, ეს უნდა დაექვემდებაროს განხილვას.
„რა თქმა უნდა, აუცილებელია რეაგირება იმ ნაბიჯებზე, რასაც რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა. ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, მათი მდგომარეობა დღეს როგორია? ისინი ერთ-ერთი მთავარი დონორები არიან ფულადი გადმორიცხვის თვალსაზრისით. ის ადამიანები აქ ოჯახებს ინახავენ - ეს ყველა საკითხი განსახილველია.
„როგორც კი სიტუაცია ჩაცხრება, ეს უმთავრესი პრობლემები იქნება. გარკვევა იმისა, რა ეშველება მოსახლეობის კრედიტებს, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეკონომიკური სტაბილურობა და როგორი პასუხები გავცეთ რუსეთს ისე, რომ ჩვენი მოსახელობის ინეტრესები არ დავაზიანოთ და მეტ-ნაკლებად რუსეთთან და მათ ინტერესებთან მიმართებაში ადეკვატური პასუხი გამოგვივიდეს. დიახ, ამას სჭირდება საფუძლიანი განხილვა," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.