თამარ შუკვანი
25.06.2019

 საქართველოს პროკურატურამ 20 ივნისის აქციის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცა. როგორც შესაბამისი უწყება აცხადებს, საქმე აღძრულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც უმაღლეს სასჯელს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთანავე, 26 ივნისს პარლამენტი საკომიტეტო მოსმენაზე მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე იმსჯელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების" დამფუძვნებელი, იურისტი არჩილ კაიკაციშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ თუკი პროკურატურამ წარდგენილი მტკიცებულბების საფუძველზე დაამტკიცა ნიკა მელიას ბრალეულობა, მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისივე თქმით, ამასთანავე უნდა გამოიკვეთოს, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი.

„ის, რაც მოხდა, გამოსაძიებელია და სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. დგას პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან, ასევე საპარლამენტო უმცირესობიდანაც. ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი არის ის გარემოება, რომელიც პარლამენტში შეჭრის მოწოდებასთან არის დაკავშირებული.

„პროკურატურის პოზიცია გასაგებია, მაგრამ ნიკა მელია არის პარლამენტის წევრი. პროცედურულად ასეა, რომ თუკი პარლამენტს პროკურატურა მიმართავს მელიას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, და ალბათ უკვე მიმართა კიდევაც, ამ შემთხვევაში თუკი პარლამენტი დაეთანხმება, მოხდება სისხლის სამართლებრივი ქმედების განხორციელება, კერძოდ დაპატიმრება.

„არ ვიცი რამდენად მყარია მტკიცებულბები, რომლებიც პროკურატურას ხელთ უჭირავს ნიკა მელიას მიმართ, თუმცა 225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა და სხვისი ქონების დაზიანება, ან გადადგურება. ეს მუხლი გამოიყენება ასევე, როდესაც ადგილი აქვს ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობას ანდა მასზე თავდასხმას და კანონის თანახმად ითვალისწინებს მაღალ სასჯელს, 6-დან 9 წლამდე," - აღნიშნა კაიკაციშვილმა.

მისივე განცხადებით, საბოლოო სასჯელს სასამართლო განსაზღვრას - ეს იქნება უმაღლესი, შუალედური თუ მცირე სასჯელი. კაიკაციშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სხვა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

„წარდგენილი მტკიცებულებებით პროკურატურა თუკი დაამტკიცებს, რომ მელიას ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არსებობდა, სასჯელი ზომა სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების შემადგენელი ნაწილია. უმაღლესი, შუალედური თუ მცირე სასჯელი, სამართლაწარმოების პროცესში რაიმე დამამძიმებელი და შემამსუბუქებელ გარემოებებზე იქნება საუბარი - ეს უკვე შემდგომი პროცედურული საკითხია.

„სასჯელს პროკურატურა ითხოვს, მაგრამ საბოლოოდ სასამართლო განსაზღვრავს. რთული სათქმელია რა მოხდება და როგორ. თუ ნიკა მელიას მიმართ არსებული ბრალი არსებობს, არ უნდა გამოირიცხოს სხვა პოლიტიკოსებიც, რომლებიც ერთი და იმავე ტონალობაში და ჟანრში უძღოდნენ წინ მომიტინგეებს პარლამენტის დასაკავებლად," - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×