ფინანსიტები ვარაუდობენ, რომ მალე ეროვნული ვალუტა 3,0-ის ნიშნულამდე დაეცემა და ამით ეკონომიკაც ჩამოიშლება
რეზონანსი
25.06.2019

 ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე ცალმხრივი ინტერვენციების გამო ლარი კატასტროფულად გაუფასურდა. რეზერვების აქტიური შესყიდვებით ეროვნული ბანკი ლარის გამყარების ყველა შანსს სპობს. 10 დღის წინ სებ-მა 30 მლნ დოლარი ისე გამოაცალა ბაზარს, რომ დღესაც გაუგებარია, რა პრინციპით იმოქმედეს. საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, არც მთავრობა და არც სებ-ი ამაზე კომენტარს არ აკეთებს. ამასობაში ლარი შეიძლება ითქვას ჩამოიშალა და გაცვლითი კურსი ახალ-ახალ ანტირეკორდებს ამყარებს.

აშკარაა, რომ სავალუტო ბაზარზე სებ-ის უხეში ჩარევით ლარის გამყარებას ხელი ეშლება, ხოლო ფაქტობრივად არაფერს აკეთებენ მაშინ, როცა კურსი უფასურდება. სწორედ სავალუტო შესყიდვებს მიიჩნევს ლარის გაუფასურების მიზეზად საინვესტიციო ბანკი "გალთ ენდ თაგარტი", რომლის ანაგარიშის მიხედვითაც, "ლარის სისუტე", ძირითადად, ეროვნული ბანკის ნაბიჯებთან არის დაკავშირებული. როგორც მათ ანგარიშშია აღნიშნული, ეროვნული ვალუტა წლის პირველ ნახევარში დაახლოებით, 7%-ით გაუფასურდა, მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო სალდოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნებოდა. 

"ლარის სისუსტე წლის პირველ ნახევარში, ძირითადად, დაკავშირებული იყო ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების შესყიდვებთან (216 მილიონი დოლარი წლის პირველ ნახევარში), ასევე სხვა ფაქტორებთან (უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდა, ნეგატიური მოლოდინები თურქული ლირის მერყეობის გამო და ა.შ.)”, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ითვლის, რა გავლენა ექნება რუსეთის ე.წ. ტურისტულ ემბარგოსა და სხვა პროდუქციაზე შესაძლო ემბარგოს ქართულ ეკონომიკაზე. 

"ველოდებით, რომ ლარის საშუალო შეწონილი კურსი დოლართან მიმართებით 2.70-2.75-ის ფარგლებში იქნება წლის მეორე ნახევარში, ხოლო 2020 წლისთვის 2.6-ზე დაფიქსირდება, რამდენადაც დამატებით ზეწოლას რუსეთის სანქციების გამო მოსალოდნელი არ არის", - ნათქვამია კვლევაში.

თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. სავალუტო ბაზარზე შექმნილ სიტუაციას მოლოდინით ხსნის ფინანსისტი დავით წიქარიძე, რომელიც საინვესტიციო ბანკის ანგარიშს არ ენდობა და ამბობს, რომ არსებულ რეალობაში ლარის კურსის პროგნოზირება წარმოუდგენელია.

"არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. ეს კატასტროფული გაუფასურება ისედაც მოსალოდნელი იყო, რადგან მოლოდინები არის სავსებით ნეგატიური. საბაბი ყოველთვის მოიძებნება, ადრე თურქეთის ფაქტორი მიიჩნეოდა მიზეზად, შემდეგ ჩინეთის, ახლა უკვე ქართული ფაქტორიც გამოჩნდა. 

მიმდინარე მოვლენებს, არ შეიძლება, კურსზე გავლენა არ მოეხდინა. ახლა სხვანაირად დგინდება ლარის კურსი, ადრე განსხვავებული პლატფორმა იყო, რაც ჩემი აზრით, არსებულს ბევრად სჯობდა. "ბლუმბერგის" სისტემა დასავლეთის ქვეყნებში კარგად მუშაობს, მაგრამ ჩვენთან, სუსტი ეკონომიკის პირობებში, ძალიან ცუდიშედეგი მოაქვს. დღეს რეალურად არის საბაბი, რომ კურსი დაეცეს, მაგრამ შემდეგში რა მოხდება, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ხალხს მომავლის ცუდი მოლოდინი აქვს, დოლარში გადააქვთ შენატანები, რაც ლარზე დამატებით ზეწოლას ახდენს. 

რეალურად ახლა დიდი რყევა არ უნდა ყოფილიყო, ამას რეზერვების შესყიდვებს ვერ დავუკავშირებ. არ იყო ისეთი მასშტაბური, რომ ამ დონის გაუფასურება დონეზე გამოეწვია. სუბიექტური ფაქტორი მუშაობს და ისე დგინდება კურსი, რომ არავითარ პროგნოზს არ ექვემდებარება. შეიძლება, ეკონომიკა დაიქცეს, მაგრამ ლარი მაინც გამყარდეს და პირიქით, ეკონომიკური განვითარების პირობებშიც მივიღოთ დევალვაცია", - ამბობს "რეზონანსთან" წიქარიძე.

ესპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ კურსი 3,0-ის ნიშნულამდე დაეცეს. ამის მიზეზად საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებს მიიჩნევს და დასძენს, რომ შექმნილ სიტუაციაში სებ-ის მიერ ვალუტის კურსის ფორმირების პრინციპი და მისი პოზიცია გაუგებარია.

"არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ყოველთვის იწვევს არასტაბილურობას ეკონომიკაშიც და ამ ტენდენციას ლარიც მიჰყვება. კერძოდ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური მღელვარება იწყება, კაპიტალი ყოველთვის გარბის ქვეყნიდან, შესაბამისად, ბიზნესმენები ცდილობენ ფულის გატანას, ხოლო ეს პროცესი ლარის კურსის ვარდნას იწვევს. 

პროგნოზი კურსთან დაკავშირებით საქართველოში შეუძლებელია არა გრძელვადიან პერიოდში, მომდევნო 2 დღის კურსიც კი შეიძლება ვერ ივარაუდო. ვალუტის ფორმირების მექანიზმი არ ატარებს ეკონომიკურ, ანუ საბაზრო ხასიათს, მასზე ძალიან ხშირად წმინდა პოლიტიკური ფაქტორები ან რამდენიმე ინვესტორის განწყობა მოქმედებენ. ხაზგასასმელია ისიც, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლარის გაუფასურება არის შეუქცევადი, მისი მცირეოდენი გამყარებები ძალიან მოკლევადიან ხასიათს ატარებს. გაცვლითი კურსის ტენდენცია ძირითადად ვარდნისკენაა მიმართული. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ 1 კვირაში დოლარი 3,0 ლარი მეტიც ღირდეს. ამას უნდა ვუმადლოდეთ ეროვნულ ბანკს, რომლის მიერაც ხდება ლარის გაცვლითი კურსის წესების შემუშავება", - ამბობს ელიავა და დასძენს, რომ რუსეთის მხრიდან ემბარგოს დაწესება სამომავლოდ ისევ კურსს დააწვება და ლარი შეიძლება უფრო მეტადაც გაუფასურდეს.

"არასტაბილური პოლიტიკური ვითარება თუ გაგრძელდა და ამას დაემატება გარე ფაქტორი, როგორიცაა რუსეთიდან ჯერ ტურისტული ემბარგო და სამომავლოდ სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა, ლარი უფრო მეტად გაუფასურდება. ჩვენი ვალუტა ასეთ არასასურველ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოებებზე მყისიერად მოახდენს გავლენას, ეს ბუნებრივია და გარდაუვალიც", - ამბობს ექსპერტი.

რაც შეეხება სეხელმწიფო უწყებებს და კონკრეტულად ეროვნულ ბანკს, ისინი საერთოდ გასულნი არიან კომუნიკაციის ორბიტიდან. "რეზონანსმა" რამდენიმე კითხვით მიმართა სებ-ს, მაგრამ მათგან ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო. გვენეტაძის უწყება, გარდა იმისა, რომ საბოტაჟს უწყობს ეროვნულ ვალუტას, საქმის ყოველი გაფუჭების შემდეგ ემალება საზოგადოებას და სამარცხვინოდ დუმს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×