„ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი ვადით," - განაცხადა პარალემნტში მისულმა პროკურორმა გულუაშვილმა.
ამ დროს კი, პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო სხდომის პარალელურად, სადაც ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილება, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება. საკანონმდებლო ორგანოსთან რეგიონებიდან ჩამოსული და ადგილობრივი მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებენ. შეკრებილთა შორის არიან პოლიტიკოსებიც. მათი განცხადებით, სახეზეა რუსული სცენარი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერის დაჭერით ივანიშვილი პუტინის დაკვეთას ასრულებს.
ნიკა მელია დღეს დილით 10 საათზე პროკურატურაში იყო დაბარებული ბრალდების წარსადგენად, მაგრამ იგი არ გამოცხადდა. ის მხოლოდ პარლამეტში მივიდა. მელიას მტკიცებით, მის ადვოკატს არ გადასცემია მტკიცებულებები, რის საფუძველზეც პროკურატურა მის დაკავებას მოითხოვს.
მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის თქმით, დეპუტატი პარლამენტში იმყოფება, მიმალვას არ აპირებს და მზად არის წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ადვოკატისვე შეფასებით, მიმდინარე პროცესის მიმართ დიდი კითხვის ნიშნები არსებობს.
პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიას წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება საქმეზე მოპოვებული ჩვენებებია. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენას მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა, რომელთა შორის არის შემდეგი პირების ჩვენებებიც: დ.ბ., სუსის თანამშრომელი. ა.ბ., ახმეტის პოლიციის უფროსის მოადგილე, ი.შ., შსს-ს თანამშრომელი.
ამ საკითხზე კამათი იყო პარლამენტში, სადაც ერთმანეთს მამუკა მდინარაძე და რომან გოცირიძე დაუპირისპირდნენ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პროკურატურის მაღალჩინოსანმა, ამირან გულუაშვილმა წარმოადგინა პარლამენტისადმი მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის წერილი დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის თხოვნით.
გულუაშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნისს, პარლამენტთან მისი თავმჯდომარის და სხვა მაღალჩინოსნების გადადგომის მოთხოვნით 19 საათიდან დაწყებული საპროტესტო აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა 21 საათსა და 50 წუთამდე, თუმცა მელიამ 21 საათზე მიმართა მომიტინგეებს და განაცხადა, რომ თუ მოთხოვნები ერთ საათში არ დაკმაყოფილდებოდა, ყველას ერთად გადაენაცვლა პარლამენტის შენობაში.
გულუაშვილისვე განცხადებით, მას შემდეგ მოთხოვნები არ შესრულდა, პარლამენტში შეჭრის მიზნით მოქალაქეთა ნაწილმა მელიას ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დაიწყო ძალადობა პარლამენტის წინ განლაგებულ სამართალდამცავებზე, იარაღად სხვადასხვა ნივთის გამოყენებით მოხდა მათზე თავდასხმა და კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება. სხვადასხვა დაზიანება მიიღეს, როგორც სამართალდამცავებმა, ისე პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვისთვის შეკრებილმა მოქალაქეებმა. მისივე თქმით არსებობს ნიკანორ მელიასათვის აღკვეთის ღონისძიებად როგორც ფორმალური ისე ფაქტობრივი საფუძვლები
გულუაშვილმა მელიას მძიმე დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი.
„ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი ვადით" - განაცხადა გულუაშვილმა.
შსს-ს ინფორმაციის თანახმად ნიკანორ მელია სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით რომელიც საშუალებას აძლევს უცხო ქვეყანაში შესვლის გამარტივებული პროცედურებით და პრივილეგიებით ისარგებლოს და პროკურატურას აქვს ვარაუდი რომ მელია თავისუფლად შეძლებს საზღვარგარეთ გასვლას მართლმსაჯულების თავიდან არიდების მიზნით.