თამარ შუკვანი
26.06.2019

 იმის ფონზე, როდესაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, სულ უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ მას საბოლოოდ, საღამოს სესიაზე, იმუნიტეტი მოეხსნას.

„რეზონანსი" დაინტერესდა რა სტრატეგია აქვს შემუშავებული „ნაციონალურ მოძრაობას" იმ შემთხვევაში თუ მისი ერთ-ერთი მთავარი ლიდერი დააკავეს და გაასამართლეს. ჩვენ დავუკავშირდით პარტიის რამდენიმე წარმომადგენელს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს სტრატეგია ჯერჯერობით არ არსებობს: „სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე პარტიის ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში ისაუბრებს," - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

პარტიის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უკვე დამარცხებულია. ამასთანავე, მამუკა ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ აქციები გაგრძელდება, რაც საბოლოოდ, სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

„ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოშორდება. ეს მოხდება კანონიერი, კონსტიტუციური მეთოდით. სამოქალაქო პროტესტი, რომელიც უკვე ერთი კვირაა გრძელდება, დარწმუნებული ვარ, ისევ გაგრძელდება. ამ კრიზისიდან ხელისუფლების გამოსვლის არანაირი შანსი არ არსებობს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინც არ უნდა დააკავონ, ეს ხელისუფლება მაინც ვერ შეინარჩუნებს თავის ადგილს. მათ ამოწურეს ყველანაირი ლეგიტიმაცია. ეს სამოქალაქო პროტესტი სავსებით კანონიერია და მივა სასურველ შედეგამდე.

„შესაბამისად, „გავრილოვის ღამეზე" სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს ბატონ გახარიას, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქეები დააბრმავა, ვისი ბრძანებითაც ხელებაწეულ ჩვენ თანამოქალაქეებს, ახალგაზრდებს პირდაპირი დამიზნებით თვალში ესროდნენ. შემდგომ კი უკვე 6 საათის განმავლობაში დევნიდნენ ქუჩებიდან, სადარბაზოებიდან. ცემით, ფურთხებით, დასისხლიანებით გამოყავდათ და საბოლოო ჯამში სამასი პატიმარი მივიღეთ.

„ამაზე სრული პასუხისხმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ამას ემატება ის, რომ უნდა გავიხსენოთ თუ რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ; გავრილოვის შემოყვანა პარლამენტში და სპიკერიატის სკამში დასმა. იმ გავრილოვის, რომელიც მუდმივად ებრძოდა ქართულ სახელმწიფოებრიობას. იმ დღეს პარლამენტზე, პრაქტიკულად, რუსული დროშა აღიმართა და სწორედ ამას მოყვა სამოქალაქო საზოგადოების, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, სამართლიანი და სავსებით ლოგიკური პროტესტი, რომელთაც გახარია თავისი ბინძური დავალებებით გაუსწორდა," -აღნიშნა მან.

2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული გზით ჩატარდებას, ჩიქოვანი დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, ეს დიდი გამარჯვება, თუმცა მთავარი გამარჯვება, მისი თქმით, ჯერ კიდევ წინ არის.

„ეს არის დიდი მიღწევა, რომელიც ამ ახალგაზრდებისა და იქ მდგომი უფრისი თაობის წარმომადგენლების პროტესტმა მოიტანა. დიდი მიღწევაა, თუმცა მთავარი არის ის, რომ ვისზეც დარბევისა და ამ საშინელი ღამის პასუხისმგებლობა არის, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს აუცილებლად, როგორც პოლიტიკური ასევე სამართლებრივი," - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×