თამარ შუკვანი
26.06.2019

 ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ 20 ივნისის სადამსჯელო აქციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია და კიდევ სამი დეპუტატი გეგმავდა. ესენია არიან მიხეილყაველაშვილი, ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი, რომლებიც, მისი თქმით, იმ დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზის მეოთხე სართულზე დაცვით იმყოფებოდნენ.

გოცირიძის თქმითვე, აღნიშნულ პირებთან მისვლის საშუალება ოპოზიციას დაცვამ არ მისცა. მისი განცხადებით, ამიტომ მიმართა კომიტეტის დარბაზში მყოფ პროკურორებს, რომ ახალი გარემოებები არსებობს და ეს ფაქტებიც ვიდეოზე არის გადაღებული.

„20 ივნისის სადამსჯელო აქციას გეგმავდნენ პრემიერი ბახტაძე, შს მინისტრი გახარია და სამი დეპუტატი: მიხეილ ყაველაშვილი, ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი. ისინი ერთად იყვნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზის მეოთხე სართულზე დაცვით. ჩვენ ვართ მოწმეები, ჩვენ ვნახეთ ისინი.

„ეს ფაქტები გადაღებულია ვიდეოზე, როგორ დარბოდნენ. ჩვენ გვიკრძალავდნენ სართულიდან სართულზე გადაადგილებას. ამიტომ, მხოლოდ გახარია არ არის დამნაშავე. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ სამმა დეპუტატმა, რომლებიც იმ ღამით პრემიერთან ერთად მონაწილეობდნენ დარბევის პროცესის დაგეგმვაში, რომელთა ასეთი უგუნური გადაწყვეტილებების გამო მოხდა ის, რაც ვიხილეთ. დასახიჩრდა ასეულობით ადამიანი", - განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, „რეზონანსი" სამივე დეპუტატს დაუკავშირდა. დავით მათიკაშვილმა „რეზონანსის" ხსენებაზე, სხდომის დაწყება მოიმიზეზა და მობილური გათიშა. მსგავსი შემთხვევა მათიკაშვილის მხრიდან აქამდე არაერთი ყოფილა. ის, ფაქტობრივად, თავს იკავებს მედიასთან რაიმე სახის კომენტარის გაკეთებისაგან. რაც შეეხება დანარჩენ დეპუტატებს, ანრი ოხანაშვილსა და მიხეილ ყავლეაშვილს, მათ მობილურს საერთოდ არ უპასუხეს.

„რეზონანსი" იმავე საკითხზე მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა და როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, გვაცნობებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×