პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა, 91 ხმა არც ერთის წინააღმდეგ. ამით მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. ოპოზიციიდან პლენარულ სხდომას მხოლოდ ნიკა მელია ესწრებოდა. ოპოზიციის სხვა წევრები ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ დასწრებიან. როგორც „ევროპული საქართველოს" და „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები აპროტესტებდნენ, რომ პროკურატურის მიმართვას თან არ ახლდა მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებაზე ნებართვას ითხოვდა.
ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქმე სრულად არის გამოსაძიებელი და „ჯოხი მხოლოდ ერთ კაცზე არ უნდა გადატყდეს."
„როდესაც ჩვენ ეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივ შტურმად და გადატრიალების მცდელობად მიგვაჩნია, პასუხისმგებლიანად უნდა მოვიქცეთ. ამიტომაც, მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენ დეპუტატები ვართ იმისათვის, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ. თუმცა ცხადია, რომ დეტალურად უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. სრულად უნდა ვაკონტროლოთ სიტუაცია, მხოლოდ ერთი კაცი ამას არ გააკეთებდა.
„ეს ყველაფერი არის ძალიან დეტალურად გამოსაძიებელი და პროკურატურას მოვუწოდებთ, რომ საქმე მთლიანად გამოიძიოს, დამნაშავეები გამოავლინოს და არ ის, რომ ჯოხი ვიღაცაზე გადატეხოს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფერზე ცხადია, რომ ხელისუფლებას ეკისრება; ვითარების ასეთ მდგომარეობაზე, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროებაზე, უსამართლობასა და უწესრიგობაზე," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ცნობისათვის, პროკურატურამ 20 ივნისის აქციის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცა. როგორც შესაბამისი უწყება აცხადებს, საქმე აღძრულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც უმაღლეს სასჯელს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთანავე, 26 ივნისს პარლამენტი საკომიტეტო მოსმენაზე მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე იმსჯელებს.