ლარმა ახალი არანომალური ანტირეკორდი დაამყარა. ოფიციალურად დოლართან მიმართებაში 27 ივნისს 2.84 ნიშნულზე იქნება, მაგრამ რეალური კურსი 2,87-ია. სპეციალისტები გაუფასურებას სპეკულაციურ ფაქტორებს უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ გამყარება კვირის ბოლოდან დაიწყება.
ლარის გაუფასურება რომ სებ-ის მიერ, რეზერვების შევსების პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირშია, წლებია საუბრობს მედიის და ეკონომისტების დიდი ნაწილი. ფინანსისტი, ანალიტიკოსი, ნიკა შენგელია დაბეჯითებით ამბობს, რომ ლარის ასეთი გაუფასურება და ისტორიაში ყველაზე დაბალი კურსი სპეკულაციური ფაქტორებითაა განპირობებული და ეროვნული ბანკის პასუხიმგებლობაც დიდია.
"დღეისათვის ის, რაც ლარის გარშემო ხდება, თამამად უნდა ითქვას, რომ არის სპეკულაციური კურსი. ამის მიზეზი კი გახლავთ მხოლოდ ეროვნული ბანკი, რომელიც რამდენადაც ვიცი, კვლავ აპირებს დოლარების შესყიდვას აუქციონზე. მიუხედავად იმისა, რომ გვენეტაძემ თქვა აღარ მოხდება რეზერვების შევსებაოს, სწორედ ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა 30 მლნ იყიდა. ამას ემატება ეიფორია, რაც რუსეთთან შექმნილმა ვითარებამ განაპირობა, თუმცა ყველაფერი მაინც ეროვნული ბანკის კისერზეა, მისი "ვაჟკაცობაა".
ჩვენ პროგნოზით, პარასკევიდან დასტაბილურებას დაიწყებს გაცვლითი კურსი და ლარის მაქსიმალურად სიმყარის ნიშნული ამ პირობებში იქნება 2.70.
უფრო გრძელვადინი პროგნოზი ამ პირობებში რთული გასაკეთებელია. უნდა აღნიშნოს ბევრი ფაქტორი, მათ შორის ის, თუ რა ინფრასტურქტურული პროექტები გახორციელდება, რამდენი ფულადი მასა გამოვა და ა.შ. ამ ეტაპზე, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი და ამას რეალურად სამშაბათ-ოთხშაბათს დავინახავთ", - ამბობს შენგელია "რეზონანსთან".
სპეციალისტები ეროვნულ ბანკთან ერთად მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაზე საუბრობენ, რის გამოც ყველა რყევა მძიმედ აისახება ლარზე. სწორედ ასე აფასებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ლარის ანტირეკორდს.
"ლარის მდგომაროება როგორც დღეს ისე, ზოგადადაც უკავშირდება ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. ამიტომაცაა, რომ ყველა რყევა, რომელიც ხდება (იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომკური) მომენტალურად ჰპოვებს ასახვას ეროვნულ ვალუტაზე. ასეა დღესაც. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და მოლოდინმა იმისა, კიდევ რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა საქართველოს წინააღდეგ, ვითარება ძალიან დაძაბა. ბაზარი ამაზე მკვეთრად რეაგირებს. რასაკვირველია ამ მომენტში განმაპირობებელ ფაქტორად რუსეთთან ვითარების გართულება იქცა იმიტომ, რომ არ გვაქვს მყარი და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ფუნდამენტურ ფაქტორებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდება და არა, სხვადასხვა შოკებზე, თუ "შოკუნიებზე", - აღნიშნა "რეზონანსთან" ყიფიანმა.
ფუნდამენტურ ფაქტორებს უკავშირებს ეკონომისტების ნაწილი არსებულ ვითარებას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, ლარზე გაზრდილი მოთხოვნა და ეკონომიკის ზრდის შენელება - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რასაც ანალიტიკოსი აკაკი ცომაია ეროვნული ვალუტის დევალვაციას აბრალებს.
"შეიძლება ადამიანებს ჰგონიათ, რომ ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები და ის მოლოდინია, რომ ტურისტული ნაკადები შემცირდება და ლარი გაუფასურდება, მაგრამ ამ კუთხით გამოწვეული გაუფასურება შეზღუდულია. ახლა ქვეყანას არ აქვს იმხელა რესურსი, რომ დაიწყოს დოლარის დარეზერვება ისეთ დონეზე, რომ ასე სპონტანურად მოხდეს ლარის გაუფასურება.
სინამდვილეში არსებობს მაკროეკონომიკური პრობლემები. კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება, ეროვნულ ვალუტაში სესხებზე მოთხოვნა იზრდება, ამასთან, ეკონომიკის ზრდის პროცესი შენელდა, რაც ცალსახად მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხია", - აცხადებს "ბიპიენთან" აკაკი ცომაია.