(რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას უმრავლესობის ორმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა. imedinews-ის ინფორმაციით, ესენი არიან რომან კაკულია და მარიამ ჯაში. კაკულიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო ჯაშმა განაცხადა რომ თავი შეიკავა.
კენჭის ყრის შემდეგ გასაჯაროებული სიის მიხედვით, ჩანს, რომ ბექა ოდიშარიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა დეპუტატმა ამ საკითხზე განცხადება უკვე გაავრცელა.
საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში. პარლამენტის წევრის განცხადებით, მან ხმა მისცა ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხს, თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო ეს კენჭისყრის შედეგში არ აისახა.
საქართველოს პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. იმუნიტეტის შეჩერებას დარბაზში მყოფმა 91-ივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თუმცა ხმის მისაცემად 94 პარლამენტარი იყო დარეგისტრირებული.
ამ გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუძლია ნიკა მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დააკავოს.
მანამდე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირაპარლამენტის ბიურომ, კიდევ უფრო ადრე კი იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა. გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით გუშინ მიმართა.
21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.