„აქცია არ უნდა ჩატარებულიყო. არაფერი საოკუპაციო არ სჭირდა ქვეყანას. გავრილოვი ახლა ოკუპაციას ვერ მოახდენდა და არ ახდენდა. 2008 წელს არ იყო, როდესაც მიშა (სააკაშვილი) თვითონ შემოუძღვა ჯარს საქართველოში?" - აცხადებს რეჟისორი ქეთი დოლიძე.
„რეზონანსი": პროკურატურის მოთხოვნით ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა „ოცნების" პარლამენტმა და შესაძლოა ის დააპატიმრონ. რამდენად გამართლებულია მელიას წინააღმდეგ დაწყებული ეს საქმე, როცა გიორგი გახარიას მინისტრობიდან გადაყენების მოთხოვნით აქციები არ წყდება?
ქეთი დოლიძე: მელიას კი არა მთელ „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა მოუხსნან იმუნიტეტი და ის 40 ადამიანი საერთოდ უნდა გამოაძევონ იქიდან. მკვლელობაზე ხელის მომწერი ყველა, 40-ვე „ნარჩევი" „ნაციონალი" ეს არის ჩვენი ერის შეურაცხყოფა და საერთოდ დიდი უბედურება, რომ პარლამენტში არიან, სარგებლობენ ყველანაირი პრივილეგიით, აქვთ იმუნიტეტი. ყველას უნდა მოეხსნას იმუნიტეტი, ყველას! „ნაციონალური მოძრაობა" უნდა გამოცხადდეს დამნაშავე მოძრაობად, მორჩა და გათავდა!
„რ": 20 ივნისიდან მიმდინარე აქციას როგორ აფასებთ, თქვენთვის არის ეს ანტისაოკუპაციო აქცია?
ქ.დ: არა, ეს არ არის ანტისაოკუპაციო აქცია. რა ანტისაოკუპაციო აქცია?! ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად მოგონილი. ეს კონფლიქტი 2 წუთში დამთავრდა, ახლა ეს არის „ნაციონალების" აქცია. ეს ახალგაზრდები ასე ტვინდაბნეულები რომ არ იყვნენ, დიდი ხანია უნდა წასულიყვნენ სახლში!
„რ": თქვენთვის იყო თუ არა მიუღებელია რუსეთის დუმის დეპუტატის მიერ პარლამენტში სესიის წაყვანა და თვლით თუ არა, რომ ამის გამო ანტისაოკუპაციო პროტესტი სამართლიანი?
ქ.დ: აქცია არ უნდა ჩატარებულიყო. არაფერი საოკუპაციო არ სჭირდა ქვეყანას. გავრილოვი ახლა ოკუპაციას ვერ მოახდენდა და არ ახდენდა. 2008 წელს არ იყო, როდესაც მიშა (სააკაშვილი) თვითონ შემოუძღვა ჯარს საქართველოში? დიახ, შემოუძღვა და დაიწყო ომი. იმიტომ, რომ აწყობდა, სხვანაირად ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებდა. რუსეთთან იყო მოლაპარაკება, სხვანაირად ხელისუფლებას და ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდა. 2007 წლის აქცია რომ მოხდა, ბოკერიას ჰკითხეს, რატომ დაარბიეთ ხალხიო და მან განაცხადა, რომ არ დაგვერბია, ძალაუფლებას ვერ შევინარჩუნებდითო. პირადად ბოკერიას ნათქვამია ეს...
„რ": თქვენი აზრით, ახლა რატომ დაარბია „ოცნებამ" აქცია?
ქ.დ: არა, ახლა არავინ არაფერი დაარბია, თქვენი ჭირიმე! როგორ ადარებთ ამას და 7 ნოემბერს?! მორჩა, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.
„რ": რობერტ სტურუას ნათქვამს იზიარებთ, როცა თქვა, რომ „ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ და საქართველო აღარ არის"?
ქ.დ: კი, ნამდვილად ასეა. ყველა სიტყვას ვიზიარებ აბსოლუტურად.