პეკინზე "iPhone +"-ის მაღაზიის გაძარცვა, დღისით, მზისით, ხალხის თვალწინ სცადეს. შეიარაღებული თავდასხმა იმ დროს მოხდა, როცა მაღაზიაში კლიენტები იმყოფებოდნენ. ახალგაზრდა მამაკაცმა მძევლად მაღაზიის ერთი თანამშრომელი აიყვანა და მისი მოკვლით იმუქრებოდა. თვითმხილველები „რეზონანსთაან“ ყვებიან, რომ პირი, რომელიც მაღაზიაში შეიჭრა, ცივი იარაღით იყო შეიარაღებული.
მაღაზიის თანამშრომლებმა პოლიციის გამოძახება მოასწრეს და დამნაშავე სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს. თანამშრომლების ინფორმაციით, მამაკაცი მათ მაღაზიაში ხშირად შედიოდა, თუმცა მსგავსი არაფერი შეუმჩნევიათ.
მაღაზიის მენეჯერი გოგა თურქია „რეზონანსთან“ ყვება, რომ მძარცველი კონსულტანტისგან თანხას და ძვირადღირებულ ტექნიკას ითხოვდა. თანამშრომელს დანას ყელზე ადებდა და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისთვის ყელის გამოჭრით იმუქრებოდა. მისი თქმით, ადგილზე პოლიციის გამოძახება ოპერატიულად მოხდა და მძარცველის სწრაფად განეიტრალება შეძლეს.
„დღის ასე პირველ ნახევარში მაღაზიაში მამაკაცი შემოიჭრა. ჩვენს კონსულტანტს ყელზე დანა მიადო და მისი მოკვლით იმუქრებოდა თუ ფულს და ძვირადღირებულ ტექნიკას არ მივცემდით. მოვასწარით და პოლიცია გამოვიძახეთ. დანით იყო შეიარაღებული და მძევლის ყელის გამოჭრით იმუქრებოდა. ეს ბიჭი ადრეც ნანახი გვყავს, მაღაზიაში ხშირად შემოდიოდა-ხოლმე, ჩვენი კლიენტი იყო.
რას წარმოვიდგენდით, რომ მას ეს განზრახვა ჰქონდა. შესაძლოა სიტუაციას სწავლობდა, რათა თავისი ჩანაფიქრი განეხორციელებინა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, რომლებმაც ეს ადამიანი მაღაზიაშივე აიყვანეს,“ -აცხადებს "iPhone +"-ის მენეჯერი გოგა თურქია.
მისივე ინფორმაციით, მძევლად აყვანილი გოგონას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება და პოლიციის დახმარებით ის მძარცველისგან სწრაფად გაათავისუფლეს. მენეჯერი ამბობს, რომ მძარცველმა დააზიანა მაღაზიის ინვენტარი და ტექნიკა. არის ზარალი, რომელსაც დაითვლიან.
ეს "iPhone +"-ის დაყაჩაღების და ძარცვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. გასულ კვირას მისი ფილიალი არასრუწლოვნებმა გაძარცვეს, საიდანაც 50 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა მოიპარეს. არასრუწლოვნებმა მაღაზიის ძარცვა რეკორდულ დროში, 50 წამში შეძლეს.