
91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა პატიმრობა შეეფარდოს, სესიაზე კენჭი უყარეს.
რომან კაკულია, მარიამ ჯაში და ბექა ოდიშარია "ქართული ოცნების" ის დეპუტატები არიან, რომლებიც დღეს, ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების კენჭისყრას ესწრებოდნენ, თუმცა იმუნიტეტის შეჩერებისთვის ხმა არ მიუციათ.
დარბაზში კენჭისყრას ნიკა მელიაც ესწრებოდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მან კომენტარი მხოლოდ ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ეს ადამიანები თვალს ვერ მისწორებდნენ, ისინი უნდა დავიხსნათ ტყვეობიდან“ - განაცხადა მელიამ. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებიდან უმრავლესობას არ სურდა მის წინააღმდეგ ხმის მიცემა, მაგრამ ისინი ტყვეობაში იმყოფებიან.
"არ ვაპირებდი სიტყვის წარმოთქმას, რომ არა აუცილებლობა. მგონი მოკლე სათქმელში ვთქვი, რასაც ვგრძნობდი და რაც ხდებოდა. ამ ხალხს კი არ უნდა ვებრძოლოთ, ეს ხალხი, ვინც აქ იყო, უნდა დავიხსნათ ტყვეობიდან. ისინი ნამდვილად არიან ტყვეობაში, ვიგრძენი, რომ არ შეუძლიათ თვალი თვალში გაუსწორონ ადამიანს, რომლის წინააღმდეგაც ღილაკს მიაჭირეს ხელი. ეს არის უბედურება ამ ქვეყნის, ყველას უბედურებაა.
შველა გვჭირდება. სახელისუფლებო გუნდს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ყველა უნდა დავირაზმოთ და ტყვეობისგან დავიხსნათ. მეუხერხულებოდა უკან გამოხედვა, ვცდილობდი დრო მომეკლა და ტელეფონში ჩავრგე თავის. მძიმე იყო და თვითონაც კარგად მიხვდნენ. შევალ ჩემს სამუშაო ოთახში და შემდგომ გავალ გარეთ,“ - განაცხადა მელიამ.
მელიას ბედი, გავრცელებული, თუმცა დაუდასტურებელი ცნობებით, შეიძლება გაიზიარონ გიგი უგულავამ, ირაკლი ოქრუაშვილმა, გუბაზ სანიკიძემ, ლევან ხაბეიშვილმა და ირაკლი ნადირაძემ.
„ციხეში არ წასულა ნიკანორ მელია, არის სასამართლო. მაგალითად, ირაკლი ბათიაშვილი შვიდი წლით გაუშვა ციხეში თქვენმა პარტიამ,“ - ეს განცადება გია ვოლსკიმ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ გააკეთა.
კითხვაზე, ამაყობს თუ არა ის ამ გადაწყვეტილებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამაში საამაყო არაფერია.
„პოლიტიკურ რეპრესიებს მოველოდი მაშინ, თუკი იქნებოდა რეალურად განხორციელდებოდა ის პროექტი, რაც ჩვენს ოპონენტებს ყველას არა, ჰქონდა ჩაფიქრებული, მაშინ იმ გამოცდილების მქონეებმა, შეიძლება თქვენ არ გახსოვთ, საკმარისად იქნებოდა ბევრი მაგალითი თუ რასაც ჰქვია პოლიტიკური დევნა და ოპონენტებთან პოლიტიკური ანგარიშსწორება,“ - აღნიშნა ვოლსკიმ.
„ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია კი აცხადებს, რომ ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება, რომელიც არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ისტორიაში.
„მიუხედავად იმისა, ვინ როგორ უყურებს ნიკა მელიას იმ დღის განცხადებას, ვინ როგორ თვლის, სწორი იყო, არასწორი იყო, გამოსაძიებელი იყო, არ იყო, ჩვენ დღეს მთელი დღის განმავლობაში ვუყურეთ რაღაცას, რასაც კავშირი არ აქვს არც სამართალთან, არც პოლიტიკასთან და არც არაფერთან. ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება, რომელიც არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ისტორიაში,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
უფლებადამცველი და იურისიტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავება და მისთვის მანდატის შეჩერება არანაირიად გამართლებული არ არის. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ასიათასობით ადამიანი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. ოპოზიციის ლიდერების და მელიას დაკავება იმ ფონს, რომელიც ახლა ქვეყანაშია, კიდევ უფრო დაძაბავს. ჯობდა ინდივიადიუალურ პირებზე საქმის გამოძიება დასრულებულიყო და თუნდაც მელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიეღოთ.
„მელიას აშკარა ძალადობისკენ მოწოდება არა აქვს. კადრებშიც ჩანდა, რომ ის შიგადა-შიგ საზოგადოებას წესრიგისკენ და სიწყნარისკენ მოუწოდებდა. მელიას დაკავების ფაქტი პარალმენტისთვისაც საკმაოდ ცუდი პრეცედენტი იქნება. მელიას გმირად გამოცხადება არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად გამართლებული არ არის.
თუ ხელისუფლების მთავარი მიზანია, რომ ოპოზიიცის ლიდერების დაკავებით მთავარი ყურადღების გადატანა მოხდეს და „ნაციონალებს“ დააბრალოს ის შეცდომები, რაც 20 ივნისს ჩაიდინეს, ნამდვილად არ გამოუვათ. საზოგადოება ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, რასთან აქვს საქმე. რა თქმა უნდა, ხელისუფლება კვლავ ცდილობს, რომ თავისი ბრალეულობა ისევ ორ პარტიას შორის დავამდე დაიყვანოს, მაგრამ ეს აღარ გამოუვა“, - აცხადებს მუხაშავრია „რეზონანსთან“.
ამბობს, რომ მელიას დაკავება არც სამარლებლივად და არც პოლიტიკურად საჭირო არ არის. ეს ისევ და ისევ ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. ეს კინო უკვე ნანახი გავქვს, როდესაც 7 ნოემბერს ნიკა გვარამია გამოვიდა და რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის დაკავებაზე განცხადება გააკეთა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ნიკა მელიას და სხვა ლიდერების დაკავებაში ხელისუფლების სარგებელს ვერ ხედვას. მისი აზრით, პირიქით ამან შესაძლოა არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს. ამიტომაც არ თვლის, რომ ხელისუფლება ამით საკუთარი დანაშაულის დაფარვას ცდილობს.
„მელიას და სხვა ოპოზიციის ლიდერების დაკავება თუ მოხდება, ამას ხელისუფლების სასარგებლო სვლად არ მივიჩნევ. რაც შეეხება იმას, რეალურად არის თუ არა მელია და სხვები დამნაშავეები, რაც მედიით საზოგადოებამ იხილა, ამის გარკვეული ნიშნები ნამდვილად იყო. სამართალდამცველებს და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მხოლოდ მელიას მოწოდების შემდეგ დაიწყო და ეს კადრებში კარგად ჩანს.
საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება საკუთარი დანაშაულის გადაფარვას და „ნაციონალებისთვის“ გადაბრალებას ცდილობს, გარკვეულ წილად ოპოზიციის ვერსია და ერთგვარი თავდაცვაა. ამ სიტუაციის პოლიტიკურ დავაში და დაპირისპირებაში გადაყვანა ვერაფერს უშველის. ჩვენ ვნახეთ და ვიცით პროტესტი რის გამოც დაიწყო. ეს არის რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი. თუმცა სიტუაცია პოლიტიკურად რაც უფრო გამწვავდება, ეს რუსეთს აწყობს და მისი მთავარი მიზანი ეს არის.
ამიტომაც, როგორც ხელისუფლებამ ასევე ოპოზიციამაც გონივრულობას უნდა მოუხმოს და ცოტა პირადი ინტერესები გვერდით გადადოს. თუ ოპოზიციას ქვეყანაში სიმშვიდე უნდა, ხელისუფლების დათმობის შემდეგ საუბარი უკვე მაგიდასთან მოლაპარაკების რეჟიმში უნდა განაგრძოს. ხოლო თუ ხელისუფლებას ქვეყანაში სიმშვიდე სურს, მელიას და სხვა ოპოზიციური ლიდერების დაკავებას უნდა შეეშვას და დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო არ გაამწვავოს“, - აცხადებს საყვარელიძე „რეზონანსთან“.