„ქართული ოცნება" აბსოლუტურ კრახშია. ყველა რევოლუციის და ხელისუფლების შეცვლის წინ, მთავრობა იჭერდა ბევრ ხალხს. ახლაც ასე იქნება. მთავრობა, რომელიც პოლიტიკური მიზეზებით იჭერს ადამიანებს და სვამს ციხეში, ის უკვე დამთავრებული მთავრობაა,"- აცხადებს რეჟისორი გიორგი შენგელაია.
„რეზონანსი": 20 ივნისიდან აქციები არ წყდება. თქვენ ამ აქციაში მონაწილეობთ და როგორ აფასებთ ამ მოვლენებს, რა აქციაა ეს თქვენთვის?
გიორგი შენგელაია: ეს არის ანტისამთავრობო აქცია. ერთ მხარეს ხალხია, მეორე მხარეს - მთავრობა. მე აქტიურად ვმონაწილეობ, ახლა ამ მიტინგის ფარგლებში შევქმენი „საქართველოს რესპუბლიკის გადარჩენის კომიტეტი", სადაც იქნებიან სულ ნაცნობი, გამოჩენილი და ერუდირებული ადამიანები. ახლა მიტინგს დრამატურგია აკლია და ჩემთვის ეს არის შემდეგი ეტაპი.
საერთოდ, მე აღტაცებული ვარ იმ ხალხით, ვინც ეკვეთა ამ მილიცია-პოლიციას. თავიდან ფეხებამდე ვუჭერ მხარს ამ აქციას. საქართველო მივიდა აბსურდამდე. აბსურდია, როცა ქვეყანას ოლიგარქი მართავს. პარტიის თავმჯდომარეა მხოლოდ და ამ დროს ფაქტობრივად ყველა საკითხს ეს წყვეტს. მოლდოვაში იყო ასეთი ოლიგარქი და გააგდეს. ანუ, უკვე პრეცედენტი არის და ჩვენც გავაგდებთ.
„რ": თქვენი აზრით, ეს პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ საერთო უკმაყოფილებამ გამოიწვია თუ იმან, რომ პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი მიიწვიეს?
გ.შ: ეს ფაქტი მიუღებელი იყო, მაგრამ ეს არის პატარა მიზეზი იმის, რომ დაიწყო ეს. უკვე დავღეჭეთ ეს ამბავი. არ უფრო ღრმა ფესვები უნდა ეძებოთ. ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტები დაწყებული იყო, პანკისში, ჭიათურაში, ხალხი, მუშები გამოვიდნენ. ახლა ეს პროტესტი კიდევ გაიზრდება... დემონსტრაციებზე გამოდის ხალხი, როცა მშიერია, როცა ვერც შვილებს ინახავენ, ვერც მედიცინას იხდიან.
„რ": რობერტ სტურუამ თქვა, რომ ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის. თქვენ სტურუას ამ ნათქვამს როგორ შეაფასებდით?
გ.შ: რობერტ სტურუა არის ლოთი... ყველა პარტია უნდა გაერთიანდეს, „ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო", ყველა. ახლა ყველა პარტია საჭიროა. ახლა „ნაციონალური მოძრაობა" სჯობს ბიძინას გუნდს.
„რ": თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს გადარჩენის კომიტეტს ქმნით და ვინ იქნებიან გაწევრიანებულები, ძველი თაობის ადამიანები თუ ახალი თაობაც?
გ.შ: ეს ოფიციალურად გამოქვეყნდება ხვალ. ახალი თაობა არა. პირიქით, ეს არის გამოცდილი, დიდი ცოდნის მქონე ხალხი, აბსოლუტურად უანგარო, ეს არის უნივერსიტეტის ხალხი, ეს არის ხელოვნების ზოგიერთი წარმომადგენელი, საუკეთესო ვინც არის საქართველოში, ყველა მანდ არის. ეს ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანდება. ახალგაზრდები უნდა გავაერთიანო ძველგაზრდებთან, რომლებმაც ბევრი იციან.
„რ": დღეს პარლამენტში ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს. გაქვთ მოლოდინი, რომ დააპატიმრებენ?
გ.შ: „ქართული ოცნება" აბსოლუტურ კრახშია. ყველა რევოლუციის და ხელისუფლების შეცვლის წინ, მთავრობა იჭერდა ბევრ ხალხს. ახლაც ასე იქნება. მთავრობა, რომელიც პოლიტიკური მიზეზებით იჭერს ადამიანებს და სვამს ციხეში, ის უკვე დამთავრებული მთავრობაა.