უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციურ ლიდერებთან დაკავშირებით სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს. მუხაშავრია ფიქრობს, რომ ამით მმართველი გუნდი ყურადღების გადატანას ცდილობს და სურს, რომ გახარიადან მთელი კონცენტრაცია მელიაზე გადავიდეს, თუმცა ეს არ გამოუვათ.
იურისტი ფიქრობს, რომ მელიას დაპატიმრების საფუძველი არ არსებობს და წესით სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ უნდა დააკმაყოფილოს. უფლებადამცველი აცხადებს, რომ პარლამენტმა მისთვის მანდატის მოხსნით საკმაოდ ცუდი პრეცედენტი შექმნა, რასაც საერთაშორისო ასპარეზზე უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვება.
„რეზონანსი": როგორ შეაფასებთ ნიკა მელიასთვის მანდატის ჩამორთმევას და მის შესაძლო დაკავებას?
ლია მუხაშავრია: ნიკა მელიას დაკავება და მისთვის მნადატის შეჩერება არანაირად გამართლებული არ არის. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ასიათასობით ადამიანი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. მითუმეტეს საუბარია, რომ სხვა ოპოზიციის ლიდერების დაკავებაც იგეგმება.
მათი და მელიას დაპატიმრება, იმ ფონს, რომელიც ახლა ქვეყანაშია კიდევ უფრო დაძაბავს. ჯობდა ინდივიდუალურ პირებზე საქმის გამოძიება დასრულებულიყო და თუნდაც მელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიეღოთ.
„რ": ის, რაც მედიით ვიხილეთ და რასაც მას გამოძიება ელოდება, იძლევა თუ არა მისი დაკავების საფუძველს?
ლ.მ: მელიას აშკარა ძალადობისკენ მოწოდება არა ყოფილა. კადრებშიც ჩანდა, რომ ის შიგადაშიგ საზოგადოებას წესრიგისკენ და სიწყნარისკენ მოუწოდებდა. მელიას დაკავების ფაქტი პარალმენტისთვისაც საკმაოდ ცუდი პრეცედენტი იქმნება. საერთაშორისო პარტნიორების და მეგობრების თვალში, საკმაოდ ცუდად გამოჩნდება.
მელიას გმირად გამოცხადება, არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად გამართლებული არ არის. მისთვის ასე სასწრაფოდ მანდატის ჩამორთმევა და მითუმეტეს დაკავება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უფრო ჰგავს. ჯობდა პროცესები ჩაწყნარებულიყო და მისი პასუხისმგებლობის საკითხი შემდეგ დამდგარიყო.
„რ": ფიქრობთ, რომ ახლა ოპოზიციის ლიდერების დაკავებით ხელისუფლება ყურადღების გადატანას ცდილობს?
ლ.მ: თუ ხელისუფლების მთავარი მიზანია, რომ ოპოზიიცის ლიდერების დაკავებით მთავარი ყურადღების გადატანა მოხდეს და „ნაციონალებს" დააბრალოს ის შეცდომები, რაც 20 ივნისს ჩაიდინეს, ნამდვილად არ გამოუვათ. საზოგადოება ძალიან კარგად ათვითცნობიერებს რასთან და რა სიტუაციასთან აქვს საქმე. რა თქმა უნდა, ხელისუფლება კვლავ ცდილობს, რომ თავისი ბრალეულობა ისევ ორ პარტიას შორის დავამდე დაიყვანოს, მაგრამ ეს აღარ გამოუვა.
საზოგადოება ვნახეთ, რომ სულ სხვა რაღაცას აპროტესტებს და ეს მხოლოდ ორ პარტიას შორის დავამდე აღარ გაჩერდება. გახარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერაფრით გაექცევა. მელიას დაკავებით იმ საშინელებას ვერ გაამართლებენ, რასაც ბავშვებისთვის თვალების დათხრა ჰქვია.
„რ": ფიქრობთ, რომ მელიას და სხვა ოპოზიციური ლიდერების დაკავებით შესაძლოა ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესია კიდევ უფრო გაიზარდოს?
ლ.მ: რა თქმა უნდა, ეს ისევ ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, როდესაც 7 ნოემბერს ნიკა გვარამია გამოვიდა და რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის დაკავებაზე განცხადება გააკეთა. იგივე სცენარი, იგივე ხელწერა.
ეს სიტუაცია უკვე გავიარეთ და საზოგადოებას ეს სცენარი ათასჯერ გადაკითხული აქვს. ველი, რომ ხელისუფლება ყველანაირი ღონისძიებას გამოიყენებს იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მისი უშუალო დანაშაულიდან სრულიად სხვა თემაზე გადაიტანოს. თუმცა კიდევ ვამბობ, რომ ეს აღარ გამოუვა. აქციის მონაწილეებს ახლა მელიასთან დაკავშირებული მოთხოვნები დაემატება.