"გახარიას პარლამენტში გამოსვლამდე, შეიძლება რაღაც პროცესები მოხდეს, დაკავება ოპოზიციური ლიდერების და ამის შემდეგ, აიღოს გახარიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა".
აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, ვისაც "რეზონანსი" ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა.
"რეზონანსი": შსს მინისტრი 20 ივნისის მოვლენებზე სასაუბროდ საპარლამენტო ტრიბუნას ითხოვს. თქვენი აზრით, შეძლებს გახარია თავის გამოსვლაში სიცხადე შეიტანოს იმ მოვლენებში, რომელიც პარლამენტის წინ განვითარდა?
არჩილ გამზარდია: გახარიას ცალმხრივი პროპაგანდა ეხერხება, მაგრამ ამ რეჟიმში ვერ გეტყვით, თუმცა, მოუწევს დაამტკიცოს, რომ ადგილი ჰქონდა ცალკეული პოლიციელების მხრიდან გადაცდომას და ეს მისი ბრძანება არ იყო.
ასეთ მასშტაბური გადაცდომას შსს-ს პირველი პირის პასუხისმგებლობას ვერ გამორიცხავს, ამიტომ შესაძლებელია, ვიდრე გახარია პარალმენტში გამოვა, რაღაც პროცესები მოხდეს - დაკავება ოპოზიციური ლიდერების და ამის შემდეგ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს იქნება ეფექტი, მაგრამ შეელევა ხელისუფლება, ან მიიღებს ამას პროტესტანტები, თუ სხვა მოთხოვნები წამოვა...
სამართლიანობა მოითხოვს, რომ პასუხისმგებლობა იყოს თანაბარი და არა შერჩევითი. ვნახოთ, რა ფორმას მისცემს ამ მოვლენებს და ასევე, ოპოზიციური ლიდერების დაკავებას სახელისუფლებო და ოპოზიციური პროპაგანდა.
"რ": "ნაცმოძრაობაში" დარწმუნებული არიან, რომ მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა ჩააქროს საპროტესტო მუხტი, ეს ვერ მოხდება, მათი ამოცანაა, ყველაზე მთავარი და საშიში კონკურენტის პოლიტიკური ველიდან ჩამოცილება.
ა.გ: პოლიტტექნოლოგიები, რომელიც იყო 2003 წლის რევოლუციის წინ, ამ აქიებზეც იყო გამოყენებული, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ აქციებს მართავს "ნაციონალური მოძრაობა". ეს უფრო მაღალი რანგის საპროტეტსო მუხტია და არა ერთპარტიული მოწოდებები, რომელიც მოთხოვნებში მეტ ნავთს ასახმს, პროცესი რომ აგიზგიზდეს.
აქ იკვეთება, როგორც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების ინტერსები, ასევე ის, რაზედაც ადრეც ვამბობდი, რომ დადგება დრო, როდესაც მოქმედი ხელისუფლება წინა ხელისუფლების ქმედებებზე აქცენტით ფონს ვეღარ გავა და მოქალაქეები გადააბიჯებენ იმ ბარიერს, რომლითაც "ქართული ოცნება" სულდგმულობდა.
აქციებს საპროტესტო მუხტს ვერც სააკაშვილისგან მუხტის მიცემა შეძენს, პირიქით უფრო დააგდებს. ვერც იმას ვიტყვი, რომ მიტინგი ახალ პოლიტიკოსებს შექმნის; ვნახოთ, სადამდე გაგრძელდება ეს პროცესი და რა შედეგს მიიღებს საზოგადოება, მხოლოდ ხელისუფლებაზე ზეწოლას, თუ ხელისუფლების შეცვლას.
"რ": ანუ, "ოცნების" დაისს არ გამორიცხავთ?
ა.გ: გამიჭირდება იმის თქმა, ივანიშვილს პროცესი გაექცა თუ თვითონ მართავს ამ პროცესებს, რადგან ივანიშვილი ფარული მოთამაშეა და ასე მარტივად არ ჩანს, რა ინტერესები აქვს. იგი ბევრად უფრო რთული პერსონაჟია, ვიდრე ჩანს.
დღევანდელი მოცემულობა კი ასეთია, კლდიდან მოწინააღმდეგეს რომ აგდებენ და თვითონაც გადაყვებიან. ანუ, თუ "ოცნება" გადაიჩეხება "ნაციონალური მოძრაობაც" გადაიჩეხება.