საპარლამენტო უმრავლესობა განაწყენებულია თანაგუნდელებზე, რომლებმაც ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, ესენი არიან: რომან კაკულია, ბიძინა გეგიძე,მარიამ ჯაში და ალექსანდრე ერქვანია.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ უმრავლესობიდან, ვინც მელიას იმუნიტეტის შეჩერებაში მონაწილეობა არ მიიღო, მისი აზრით, მათ არ გარიცხავენ.
რამაზ საყვარელიძე: ისინი არ მგონია უმრავლესობიდან გაირიცხონ, რადგან დეპუტატის მთელი დამსახურება იმაშია, რომ იგი ხელმძღვანელობს თავისი აზრის მიხედვით. მე რომ ამჟამად პარლამენტში და უმრავლესობაში ვყოფილიყავი, არც მე არ მივცემდი ხმას, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი თვითონ „ქართული ოცნებისთვის" არ არის პოლიტიკურად მომგებიანი და „ოცნების" ინტერესიდან გამომდინარე, ამ პროცესის ჰაერში დატოვება მემგონი აჯობებდა კიდეც.
საერთდ, ანალოგიურ საკითხებზე დეპუტატები, ძალიან ხშირად იკავებენ თავს სწორედ იმიტომ, რომ საქმე ეხება მეორე დეპუტატს და ერთმანეთის გაწირვა არ უნდათ.
„რეზონანსი":უმრავლესობა ამ ფაქტზე განაწყენდა, თუ ვთქვათ ამ ოთხეულის გარიცხვის საკითხი დადგა, რა პროცესები უნდა გაიაროს „ოცნებამ"?
რ.ს: მე მგონი ყველა პარტიას გარიცხვის თავისი წესები აქვს - დათო ჭიჭინაძე როგორ გარიცხეს? შეიკრიბა პარტია და მიიღეს გადაწყვეტილება,
„რ": ამჟამად "ოცნებაში" რა პროცესები მიმდინარეობს, გუნდი რა მდგომარეობაშია?
რ.ს:"ქართული ოცნება" შესაშურ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის, გუნდში ალბათ ბევრი საკითხების გადახედვა მოუწევთ, მე ჯერჯერობით მიჭირს გუნდის მდგომარეობის შეფასება და მგონი ამასთან დაკავშირებით, მეტ-ნაკლები ხარისხით გახარიას მოხსენებაშიც იქნება.
„რ":ანუ გახარიას მოხსენებაში იქნება ის მესიჯები, რაც შემდგომში გუნდზე აისახება?
რ.ს:მესიჯები თუ არ იქნება, ყოველ შემთხვევაში მოვლენის აღწერაში გამოჩნდება, გუნდის დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ.
შეიძლება გახარიამ გუნდის თემა საერთოდ არ ახსენოს, შეიძლება მისი რაღაც ნაწილი დაასახელოს, როგორც მის მიერ გადადგმული ნაბიჯების ან მომხრე, ან მოწინააღმდეგე, ეს კი გუნდის მდგომარეობაზე ინფორმაციას მოგვაწვდის.