ნიკა მელია თავისუფალია - სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ გამოაცხადა, რომლის თანახმადაც მელიამ გირაოს სახით 20 დღის ვადაში 30 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ ალექსანდრე იაშვილმა ჩამოთვალა ის ვალდებულებები, რომლებიც ნიკა მელიას დაეკისრა სასამართლოს განჩინებით.
„საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; ნიკა მელიას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პირადობის დამადასტურებელი და სხვა დოკუმენტების ჩაბარების ვალდებულება", - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა, რომლის თქმითაც, ჩამოთვლილი ვალდებულებებისა და გაზრდილი - 30 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებით სასამართლომ მიიჩნია, რომ უზრუნველყოფილი იქნება აღკვეთის ღონისძიების ყველა მიზანი.
ალექსანდრე იაშვილის თქმით, ნიკა მელიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 14 აგვისტოს 12.00 საათზე გაიმართება.
პროკურატურამ სასამართლომდე პარლამენტს მიმართა, რათა მელიასთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ. ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენა თითქმის 6 საათს გაგრძელდა, რასაც პლენარული სხდომა მოჰყვა.
მელიამ სესიაზე უმრავლესობის დეპუტატებს ემოციური სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ ის ბევრად უფრო თავისუფალია ახლა, დაჭერის საფრთხის წინაშე, ვიდრე უმრავლესობის ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც მის იმუნიტეტის შეჩერებას ხმას აძლევდა.
მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
26 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის 91 დეპუტატმა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.
„საზოგადოების და საერთაშორისო ზეწოლის შედეგი, ბიძინა ივანიშვილს აუწიეს ყური, ვერ გაბედა!" - ესაა პირველი კომენტარი რომელიც ნიკა მელიამ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. მელიამ იმ დეპუტატებს მიმართა, რომლებმაც მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს.
"მივმართავ იმ 92 დეპუტატს, აბრძანდით ახლა და მიბრძანდით თქვენს მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან, რა გაგიკეთათ. გაგაშიშვლათ, ღირსება აგყარათ, დაგამცირათ, მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად.
"სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე მე მოსამართლეს ვუთხარი, რომ არ შემიცვლია აზრი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს შესახებ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.
92 დაჩოქილი დეპუტატი დავინახე გუშინ, რომლებიც თითქოს ამსჯელეს, რომ მელია არის დამნაშავეო. იმ საფრთხეების წინაშე დადგა ივანიშვილი, რომ ჩემს დაჭერას ამჯობინა რაც გააკეთა,"-განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მისი გათავისუფლება იმ წნეხს უკავშირდება, რომელშიც საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ "ქართული ოცნება" მოაქცია. მისი თქმით, ჯერ კიდევ გუშინ ივანიშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა მისი დაპატიმრება, თუმცა დღეს იძულებული გახდა ის გაეთავისუფლებინა.
„დაურეკეს ბატონ გოგოხიას, მოსამართლეს, ჩინჩალაძის ძმაკაცს და უთხრეს, რომ მელია არ უნდა დაიჭიროთო დღეს. არა და გუშინ დაჭერა კი არა დახვრეტაც უნდოდათ შესაძლებლობა, რომ ჰქონოდათ. მე მერიდება თქვენს ნაცვლად, 92 დეპუტატს მივმართავ. რა გიქნათ, აბრძანდით ახლა ბიძინა ივანიშვილთან და მოსთხოვეთ პასუხი. რატომ დაამცირებინეთ საკუთარი თავები ასე," - განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას გირაოთი გათავისუფლებას უმრავლესობის წევრები „რეზონანსთან" აფასებენ და ამბობენ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, ამიტომაც, მოსამართლემ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მან პირადად საჭიროდ ჩათვალა. „ოცნების" წევრი და დეპუტატი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ მიაღწია მთავარ მიზანს და ნიკა მელიას ფაქტობრივად შინაპატიმრობა მიესაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწმეებზე ზეწოლის მოხდენას ვერ შეძლებს.
„სასამართლო არის დამოუკიდებელი, ის დამოუკიდებლად იღებს გადაწვეტილებას, როგორც საზოგადოებამ ნახა, მოხდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს და სპეციალური ღონისძიების შეფარდება, რაც გულისხმობს იგივეს, რაც არის შინაპატიმრობა. პროკურატურის მიზანი, რომ ნიკანორ მელიამ არ მოახდინოს ზეწოლა მოწმეებზე, ეს მიღწეულია. აქვე მინდა ხაზი გავუსვა , რომ აქ არანაირ საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ან განაჩენზე საუბარი არ არის," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„რეზონანსთან" უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და არ არის აუცილებელი მელია ციხეში იჯდეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას. ვოლსკი ამბობს, რომ პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, მიემართა სასამართლოსთვის კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
„სასამართლოს პარლამენტი ვერ ჩაანაცვლებს. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი ის ციხეში იჯდეს. ეს არ ნიშნავს მისთვის პასუხისმგბელობის მოხსნას. მისი პასუხისმგბელობის განსაზღვრა პარლამენტის უფლებამოსილება არ არის. რა უხარიათ ჩვენს ოპონენტებს, ვერ გავიგე, მაშინ როცა მათი სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს საერთოდ არ იღებდა. 2 წუთში უდანაშაულო ხალხს ასამართლებდა", - განაცხადა ვოლსკიმ.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პარლამენტმა სახე იმდენად დაკარგა, ამის ფონზე მურუსიძე და მისი სასამართლოც კი ყველაზე პატიოსნად გამოიყურება. ხუხაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდება მოსამართლის პირადი გადაწყვეტილება იყო, რადგანაც ისინიც კარგად ხედავენ ქვეყანაში რაც ხდება და ყველა ახლა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ მელიას დაკავებით ან გათავისუფლებით არსებითად ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება. ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა საკუთარი პრობლემები მელიასთვის გადაებრალებინა, რაც არ გამოუვიდათ. ამიტომაც ახლა სხვა პოლიტიკური ლიდერებისთვის ბრალის წაყენებას აზრიც აღარ აქვს, რადგანაც მათთან შედარებით მელია ყელში ყველაზე მეტად ჰყავდათ გაჩხერილი.
„ნიკა მელია ახლა ეშმაკობს და ცდილობს, რომ რაღაც შიდა დაძაბულობა შექმნას, თითქოს და მოსამართლეს ვინმემ მისი გირაოთი გათავისუფლება უბრძანა. მოსამართლეები ახლა თავის გადარჩენას ცდილობენ და იმ მარაზმის ფონზე რაც პარლამენტში ხდება, თვითონ უკეთესები გამოჩდნენ.
"ფაქტობრივად უმრავლესობა ისეთ მდგომარეობამდე მივიდა, რომ მათ ფონზე მურუსიძეც კი გმირად გამოიყურება. ამას მიაღწიეს და აი ამ უბედურებაში არიან. ვფიქრობ, რომ თავად მოსამართლეები ხედავენ, ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს და საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყეს.
"ნიკა მელიას დაკავებაც არაფერს არ გამოიწვევდა. მელიას ფაქტორი პოლიტიკურ პროცესს ვერაფრით ვერ ცვლის. ეს პროცესი რაც ახლა ქვეყანაში მიდის, მელიას ფაქტორს არ უკავშირდება. ის არის ერთი ეპიზოდი და არა მთავარი პრობლემა იმ დავიდარებაში, რასაც უკვე 8 დღეა თვალს ვადევნებთ. მელია ყველაზე მთავარი სამიზნე იყო, მასთან არაფერი გამოუვიდათ და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან რა უნდა გააკეთონ", - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან".
მისივე თქმით, მელიას დაკავებით ხეისუფლებას უნდოდა, რომ პრობლემა, რომელიც შეექმნა ორპოლუსიან ნარატივში დაებრუნებინა. მისი დაკავების შემთხვევაში მომიტინგეებისთვის მელიას გათავისუფლების მოთხოვნა მთავარი გახდებოდა და ამით შექმნილი კრიზისიდან დაძრომას შეეცდებოდნენ. ხუხაშვილი ამბობს, რომ იყო მცდელობა აქციებზე მდგომი ახალგაზრდებისთვის „ნაციონალები" დაერქმიათ, ეს გეგმა კი მოსამართლემ თავისი გადაწყევტილებით ჩაუგდოთ.