ეკატერინე ბასილაია
27.06.2019

 რაც აქციის ღამეს მოხდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა; სანამ არ დასრულდება გამოძიება, მე ვიქნები ამ (მინისტრის) სავარძელში; პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა; თუ მე გავხდი სისხლიანი ჯალათი ხალხის თვალში, ამ ტვირთს როგორმე ვატარებ; დაშლის ბრძანებაზე დიახ, მე მაქვს ხელი მოწერილი... - ეს განცხადებები შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კონფერენციაზე განაცხადა.

„მე თუ გავხდი სისხლიანი ჯალათი ხალხის თვალში ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ძალადობრივი შეტევა ინსტიტუტებზე არის შეუძლებელი, ქვეყნის განვითარებასთან შეუსაბამო, მე ამ ტვირთს როგორმე ვატარებ,"- თქვა გახარიამ.

შს მინისტრს ჰკითხეს, თუ აქციები არ დასრულდება, გადადგება თუ არა.

„მე შემიძლია გადავდგე ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც. ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მე ამ სავარძელში გადადგომა-არ გადადგომის გამო კი არ ვზივარ, აქ ვარ და ვიქნები მანამ, სანამ იმ კონკრეტულ ამოცანებს, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, დავასრულებ,"- განაცხადა გახარიამ. მისი ამოცანა კი, როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, არის გამოძიების დასრულება, როგორც უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში, ასევე 225-ე მუხლით სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმის ნაწილში და თუ სისტემური დანაშაული გამოიკვეთება, ის მზადაა ამის შემდეგ წავიდეს.

შს მინისტრი გიორგი გახარია 20 ივნისის აქციის დარბევიდან 8 დღის შემდეგ საჯაროდ გამოჩნდა და ტელემედიის ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებმა მინისტრს რამდენჯერმე დაუსვეს კითხვა, რატომ გამოიყენა სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები, მათ შორის საშიში, ნარინჯისფერი ტყვიები პირდაპირი დამიზნებით; რატომ არ იღებს პოლიტიკურ პასუხიმგებლობას მინისტრი და არ მიდის.

ასევე შს მინისტრს რამდენჯერმე დაუსვეს კითხვა, ვინ გასცა მიტინგის დაშლაზე ბრძანება, მინისტრმა თუ ვინმე სხვამ და არსებობს თუ არა ხელმოწერილი დოკუმენტი, გახარიამ ჯერ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რაც აქციის ღამეს მოხდა, ყველაფერზე პასუხისმგებელია თვითონ. შემდეგ კი თქვა, რომ 20-21 ივნისის ღამის მსგავსი ღონისძიებების ჩატარებისთვის არსებობს კონკრეტული ბრძანებები, დიახ, ამ ბრძანებებზე მას აქვს ხელი მოწერილი.

მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის თანამდებობაზე რჩება, მათ შორის პოლიციელების „ბულინგისგან" დასაცავად, რადგან პოლიციელები იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, სამოქალაქო სიმშვიდეს ამ ქალაქში, რის გამოც იძულებულები გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ახლა კი ზოგიერთი მოქალაქე ცდილობს პოლიციელებს მოუწყოს „სახალხო სასამართლო", რაც მიუღებელია.

„არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ სავარძელში ჯდომის. ამ სავარძელში ჯდომა არის სწორედ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელზეც საუბრობთ","- თქვა მინისტრმა.

მინისტრმა განაცხადა, რომ სახალხო პროტესტი თავიდან იყო სამართლიანი, ღამის 10 საათამდე აქცია იყო მშვიდობიანი და სამართალდამცველებიც გულწრფელად თანაუგრძნობდნენ ამ პროტესტს. თუმცა შემდგომ აქცია კანონიერ, მშვიდობიან ფარგლებს გასცდა და დაიწყო პირდაპირი მოწოდებები და ორგანიზებული შტურმი პოლიციაზე პარლამენტში შესვლის მიზნით. მომიტინგეების ჯგუფებმა გაიტაცეს 30 პოლიციელი. ამიტომ გახდა იძულებული პოლიცია დაეშალა მიტინგი და თუკი აქციაზე გამოყენებული ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებისას იყო რაღაც დარღვეული, ამას გამოძიება დაადგენს.

გახარიას განცხადებით, ეს არ ყოფილა პოლიციასა და მშვიდობიან აქციას შორის ურთიერთობის დარეგულირება, ეს იყო შტურმის მოგერიება.

მისი თქმით, სიმართლე არ არის, რომ პოლიციელებმა დაიწყეს მშვიდობიანი აქციის დარბევა, რადგან ღამის ორ საათამდე პოლიციას პარლამენტის პერიმეტრი არ დაუტოვებია და ისინი თავს ვერავის დაესხმებოდნენ. თქვა, რომ პოლიცია იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს. გარდა ამისა, მისივე თქმით, ცინიკური ტყუილია, როცა ნარინჯისფერ ტყვიებზე ამბობენ, რომ ის არის დათვის ტყვიები და თანაც, ეს ტყვიები ნაყიდია ჯერ კიდევ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მიერ.

„არც ერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალულია ან არის ლეტალური ამ ღონისძიების დრო გამოყენებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. ამ ტყვიის გამოყენების, ან პროტოკოლის შესაბამისად გამოყენების საკითხი არის გამოძიების შესასწავლი. ეს ტყვიები არსებობს გამოძიების საქმეში და ისინი დაადგენენ და მე არ მივცემ ახლა ამას არც მორალურ და არც სამართლებრივ შეფასებას. რაც შეეხება ამ ტყვიების ყიდვას, ეს ტყვიები ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში და მას შემდეგ არსებობდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღებაში. მას შემდგომ ეს ტყვიები შეძენილი არ ყოფილა,"- თქვა გახარიამ.

მინისტრმა თქვა, რომ რაც არ უნდა ჯალათი თუ სისხლისმსმელი უწოდონ, არავის მისცემს საშუალებას, რომ ძალოვანი სტრუქტურების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა გახდეს მარგინალიზებული.

„რა ავარიდეთ, რა მძიმე სცენარზეა საუბარი? ეს იყო მცდელობა, ქვეყანაში მომხდარიყო ძალადობრივად სახელმწიფო ინსტიტუტის, შესაბამისად ხელისუფლების ხელში ჩაგდება", -თქვა მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამ პროცესების დროს პირდაპირ ეთერში ჩანდა მოწოდებები, იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მოუწოდებდნენ ხალხს სხვადასხვა სიტყვებით.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში არ მოხდეს შტურმებით ხელისუფლების ცვლილების მცდელობა, ეს უნდა დასრულდეს, სხვანაირად სამართლებრივი და ჯანსაღი სახელმწიფო ვერ აშენდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×