თამარ შუკვანი
28.06.2019

 საპროტესტო აქციების საპასუხოდ, რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უკანონო მოქმედებით ეხმაურება. ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაიკეტა და ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში მოქალაქეებს აღარ ატარებენ. ხოლო აფხაზეთში გადასვლის უფლება ე.წ. აფხაზური პასპორტების ან მოწვევის მქონე პირებს აქვთ, რასაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა.

ციხელაშვილის განცხადებით, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ უკანონო შეზღუდვები მოკლე ვადებში მოიხსნას.

„ჩემთვის ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ამ უკანონო შეზღუდვით ყველაზე მეტად ზარალდებიან. შესაბამისად, ყველა სხვა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართული, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას.

„ჩვენ უკვე გუშინდელი დღიდან გვაქვს კომუნიკაცია ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით. მათ შორის ჩვენი პარტნიორების მეშვეობით. ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა და წუხილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, ახალგაზრდების გადაადგილებას უკავშირდება, მათ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში. განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა გალელ აბიტურიენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე.

„მინდა დავაიმედო მოსახლეობა და დავარწმუნო, რომ ყველა ნაბიჯი ახლაც და შემდგომაც, განსაზღვრული იქნება მათი ინტერესების მიხედვით და მათ დასახმარებლად მაქსიმალურს გავაკეთებთ. პოლიტიკურ შეფასებებს ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ, ახლა ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ისაა, რომ მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს და ყველაფერი ვცადოთ, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაუქმდეს," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მიმოსვლის აკრძალვა ე.წ. პარლამენტმა 25 ივნისის სხდომაზე მოითხოვა და ე.წ. პრეზიდენტს მიმართვაც გაუგზავნა. მიზეზად რუსი დეპუტატის, გავრილოვისადმი საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის სიტყვები დასახელდა. დე ფაქტო რეჟიმი ბობოხიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრასაც ითხოვს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ნაწილობრივ ჩაკეტვა განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა.

„აღნიშნული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ცალსახად, განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა, რაც ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას, მიზნად ისახავს მოსახლეობის იზოლაციას და საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს," - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×