დღეს პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული, რომელიც სავარაუდოდ 17:00 საათზე დაიწყება. რომან კაკულია, მარიამ ჯაში, ალექსანდრე ერქვანია და ბიძინა გეგიძე, - იმ „ურჩი" დეპუტატების სია, რომლებმაც 26 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას წინააღმდეგ ხმა არ მისცა, - 91 ხმა 0-ის წინააღმდეგ. ამ ოთხმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო, რასაც უმრავლესობაში არაერთგვაროვანი შეფასებებო მოყვა.
დღევანდელ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ დეპუტატებისგან განმარტებას მოისმენს.
„ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე, ემუქრება თუ არა 4 „ურჩ" დეპუტატს პარტიიდან გაშვება, აღნიშნა, რომ „ოცნების" ადგილას „ნაცმოძრაობა" რომ ყოფილიყო, ეს დეპუტატები უკვე გუნდიდან გარიცხულებიც იქნებოდნენ.
ცნობისათვის, პარლამენტმა თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს „ნაცმოძრაობის" დეპუტატის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. „ოცნების" დეპუტატებმა მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს.
მმართველი პარტიის სხვა წევრები სწორედ ამ 4 დეპუტატით არიან უკმაყოფილო და თვლიან, რომ თანაგუნდელებმა პრინციპულ საკითხში ერთსულოვნება დაარღვიეს და გუნდს გადაწყვეტილება უნდა აუხსნან. თუმცა შესაძლოა, ამ ადამიანებს გუნდში არა მარტო განმარტება მოსთხოვონ, არამედ დასაჯონ კიდეც. ემუქრებათ თუ არა ამ ოთხ დეპუტატს გუნდიდან გაშვება?
რომან კაკულია ერთ-ერთია ოთხი დეპუტატიდან, რომელმაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა. კაკულია უმრავლესობის სხდომაზე მისვლას გეგმავს. ის კიდევ ერთხელ განმარტავს მიზეზებს, რის გამოც პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმა. ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება არ იყო მყარად არგუმენტირებული და მისი უარი იყო ერთგვარი პრევენცია სხვა დეპუტატებისთვისაც, რათა მომავალში მათთვის იმუნიტეტის შეჩერება მარტივად არ მოხდეს.