"მოვლენები კონტროლირებადია. თუ ხელისულება კიდევ დიდ შეცდომას არ დაშვებს, არა მგონია, დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს; თუცმა ეს გარემოება აშკარად მიუთითებს, რომ უზარმაზარი პრობლემების წინაშე ვდგევართ და მომავალ წელს მძიმე არჩევნები გვექნება" - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრება.
"რეზონანსი": თქვენი აზრით, რამდენად განმუხტავს შექმნილ სიტუაციას ხელისუფლების შეთავაზება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს.
დემურ გიორხელიძე: ნეგატიური განწყობები, რომელიც მოსახლეობაში გროვდება, ამის საუკეთესო მაჩვენებელი იყო საზოგადოების დიდი აქტიურობა, პროტესტის დაწყებისთანავე. რაც შეეხება ხელისუფლების მიერ შეთავაზებული პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას, კერძოდ ე.წ. ნულოვანი ბარიერის ვარიანტს, ეს პოლიტიკურად სრულიად გაუმართლებელი და უპასუხსმგებლოა, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნები და გარკვეული ბერიერი არის ფილტრი. თუ, ამ ფილტრზე უარს ამბობ, მაშინ ცუდი მიზანი გაქვს. მეორე საფრთხე არის ის, რომ როდესაც არ გაგაჩნია საპრეზიდენტო მმართველობა, სადაც პრეზიდენტი ჩაკეტილი იქნება მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაშინ დაბალბარიერიანი მრავალფეროვანი პარლამენტი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების სრული დამბალანსებელი ამ მონგრეულ საკონსტიტუციო სისტემაში, რომელიც საქართველოში ააგეს.
ახლაც და მაშინც ვამბობდი, რომ ეს არ იყო არაფერი კონსტიტუციური ცვლილება და იყო ვიღაცის ინტერესზე მორგებული უაზრობა, რომელიც მალე იქნებოდა გადაგდებული და ასეც ხდება. რა გააწონასწორებს ძალზედ მრავალფეროვან პარლამენტს? რა პოლიტიკური ძალები ინტერესთა ჯგუფები არ არის, თუ სახელმწიფოზე და ქართული საზოგადოების მატერიალურ და სულიერ განვითარებაზე ფიქრობენ? მანამ არ გეტკინოთ არაფერი, ამაშია სწორედ უპასუხისმგებლობა. მე ვფიქრობ, თუ არაფორმალური მმართველობა შენარჩუნდება, მაშინ, არც პარლამენტს აქვს დიდი მნიშვნელობა, როგორც დღეს, და არც სხვა ინსტიტუტებს. ამიტომ პრობლემა ბევრია და ჯერ-ჯერობით ხელისუფლებას ამ პრობლემების დაძლევის არანაირი პოლიტიკური ხედვა არ გააჩნია. იგი პრობლემებს წყვეტს არა გლობალურად, არამედ ვიწრო ჭუჭრუტანიდან დანახულს. ნორმალური იქნებოდა, ამ ეტაპზე ბარიერი 2-3%-ის ფარგლებში დაწეულიყო, თუმცა, ესეც დროებითი ღონისძიებაა, რომელიც პრობლემას ვერ წყვეტს.
"რ": შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პროცესების ესკალაციას ხომ არ ელით?
დ.გ: მოვლენები კონტროლირებადია. არა მგონია, თუ ხელისუფლება კიდევ რაიმე დიდ შეცდომას არ დაუშვებს, დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს, თუმცა ეს გარემოება აშკარად მიუთითებს, რომ ჩვენ უზარმაზარი პრობლემების წინაშე ვდგევართ და მომავალ წელს მძიმე არჩევნები იქნება.