„გავრილოვს საქართველოში არ შემოვუშვებთ," - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას შეეხებოდა, სადაც გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოში მოგზაურობას გეგმავს.
„რეზონანსი" შსს-ს დაუკავშირდა, იმ შემთხვევაში თუკი რუსი დეპუტატი საქართველოში ჩამოსვლას მოინდომებს, ქართული მხარე რას მოიმოქმედებს? უწყებადან პასუხს ამ დრომდე ველოდებით.
ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საბრისას აცხადებს, რომ გავრილოვის ქვეყანაში შეშვება-არშეშვების საკითხს ოკუპაციის შესახებ კანონი არეგულირებს. ხოლო, თავად შს მინისტრი ამ ფაქტს ვერ გააკონტროლებს.
ძაბირაძის თქმით, რუსი დეპუტატი უბრალოდ „გვამასხარავებს" და საქართველოს ხელისუფლება თუკი ამის საპასუხოდ განცხადებებს არ გააკეთებს, უკეთესი იქნება.
„ამას არეგულირებს კანონი ოკუპაციის შესახებ; უშიშროების ორგანოები, რომელთაც შეუძლიათ ესა თუ ის პერსონა, რომელსაც თვლიან, რომ ქვეყნისათვის მტრულად არის განწყობილი ან სახიფათოა, არ შემოუშვან საზღვარზე და განაცხადონ, რომ ქვეყანაში მისი ვიზიტი არ არის სასურველი.
„აქ საინტერესო ის არის, რომ ეს კაცი გვაშაყირებს და ამას თუ არ მოჰყვება მთელი სამთავრობო სტრუქტურების, ოპოზიციის და არასამათვრობო სექტორის ჭკუიდან გადაყვანა, ძალიან კარგი იქნება. რისი ჩამომსვლელია, რას ჩამოვა... უბრალოდ გვამასხარავებს. გააკეთა ერთი განცხადება და ყველა მინისტრის განცხადება მოჰყვა. ეს თემა იქნება თოქ-შოუების განხილვის საგანი. ვერ ხვდებით, რომ მაიმუნობს კაცი?" ან გახარიას რა გადასაწყვეტია, რა საკითხავია," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.