ელზა პაპოშვილი
28.06.2019

 ერთკვირიანი საპროტესტო აქციების პარალელურად და შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ფონზე, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღოს. რამდენად ახლოს არის ეს გადაწყვეტილება და აწყობს თუ არა ივანიშვილს ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის ფონზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, უახლოეს მომავალში  გაირკვევა.  ანალიტიკსოები „რეზონანსთან“ ამბობენ,რომ  მე-9 მოწვევის პარლამენტს ასეთ ძლიერი პოლიტიკური რყევების პირობებში, უფლებამოსილების ვადის ბოლომდე მიყვანა გაუჭირდება. 

თუმცა 20 ივნისის შემდეგ, ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მომგებიანი ხელისუფლებისთვისაც არ იქნება. არჩევნებისთვის მზად არც ოპოზიციაა, რადგანაც მცირე  ელექტორატის მქონე  პარტიებისთვის დრო მომზადებისთვის და ამომრჩევლის  მობილიზებისთვსი საკმარისი არ იქნება. ამიტომ, მათი აზრით, ხელისუფლებამ ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ პოლიტიკური სიტუაცია როგორღაც განმუხტოს, რათა 2020 წლის არჩევნებამდე მიაღწიოს და ივანიშვილის  მიერ შეთავაზებული პროპორციული წესით 0%-იანი ბარიერით არჩევნების ჩატარება შეძლოს. თუმცა ანალიტიკსოები ამბობენ, რომ ესეც „ოცნებისთვის“ სასარგებლო პირობებია, რადგანაც ივანიშვილი პატარა პარტიების პარლამენტში შეყვანის შედეგად კოალიციური მთავრობის შექმნას შეძლებს. მათი აზრით, ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებით შეეცადა, რომ კრიზისიდან ნაკლები დანაკარგით გამოსულიყო. 

ვადამდელი არჩევნების ჩატარება კი შემდეგნაირად არის შესაძლებელი. კონსტიტუციით, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტს უფლება ექნება 150 დეპუტატი დაითხოვოს. თუმცა პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას ავტომატურად, საკუთარი შეხედულებისამებრ ვერ იღებს.  კონსტიტუციით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის ორი ძირითადი შემთხვევა გამოიყოფა:

პირველი - ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები - ეს არის ის შემთხვევა, როდესაც პარლამენტი მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს არ ამტკიცებს, ამიტომ სახელმწიფო ვერ დარჩება ბიუჯეტის გარეშე, მთავრობასა და პარლამენტს შორის ბიუჯეტზე გაუგებრობა წარმოიშვება, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა ან მთავრობა უნდა გაუშვას სახლში ან პარლამენტი, მაგრამ მთავრობის გარეშე ქვეყანა ვერ გააგრძელებს ცხოვრებას. თუკი პარლამენტი ახალი მთავრობის ფორმირებას ვერ მოახდენს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი დგება ვალდებულების წინაშე დაითხოვოს პარლამენტი და მეორე - ე.წ. "ნდობის საკითხი“.

ეს ის შემთხვევა, როდესაც პარლამენტი უნდობლობას უცხადებს მთავრობას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და შეუძლია ეს საკითხი ყოველგვარი მოტივაციის გარეშე კენჭისყრაზე დააყენოს. მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის დასმის შემდეგ, თუკი პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება შეძლო, მაშინ ახალი მთავრობის არჩევის მეორე დღესვე ძველი მთავრობა კარგავს უფლებამოსილებას.

მაგრამ თუკი საკანონმდებლო ორგანომ ვერ მოახერხა მთავრობის დაკომპლექტება, კვლავ პრეზიდენტი ერევა, როგორც ორ პოლიტიკურ შტოს მიღმა მდგომი სახელმწიფოს მეთაური, არბიტრი. შესაბამისად, ის იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ. 

კონსტიტუციონალისტი და იურისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, პირველ რიგში გასათვალსიწინებელია, როგორი საარჩევნო სისტემით უნად ჩატარდეს. ალაფიშვილი ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები კვლავ შერეული მოდელით ჩატარდება, სადაც 77 პროპორციულით და 73 მაჟორიტარული სისტემით განაწილდება. ხოლო ბარიერი ისევ დარჩება. არჩევნების ჩატარების პროცედურებს რაც შეეხება, იურისტი აცხადებს, რომ დანიშვნიდან მინიმალური  პროცედურების გავლას 3 თვე მაინც დასჭირდება. 

„რაც შეეხება იმას, ვის აწყობს ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოში ყოველთვის არჩევნების დროს მომგებიან სიტუაციაში სახელისუფლებო პარტიაა. თუმცა, „ოცნებას“ 20 ივნისამდე თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდებოდა, საკმაოდ კარგი შანსები ჰქონდა. მმართველი გუნდი ძალაუფლების შენარჩუნებას სრულად შეძლებდა. ერთი კვირის წინ გაანვითარებული მოვლენების შემდეგ კი სახელისუფლებო პარტიამ ეს შანსები დაკარგა. მმართველი პოლიტიკური ძალის იმიჯი კიდე უფრო შეირყა.

 თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება ის პარლამენტში ვერ შევა. მასთან ერთად ისევ შევლენ დღეს წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფები და შესაძლოა ერთი ან ორი პოლიტიკური გაერთიანება დაემატოს. საინტერესო ზუსტად ის იქნება, რომ „ოცნებას“ კოალიციის გაფორმება ვისთან მოუწევს. ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ გაფორმებული ელექტორატი რომელ პარტიებს აქვს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“  შესაბამისად, „ოცნებამ“ ამ ჯგუფებთან ერთად კოალიციური ხელისუფლება უნდა შექმნას, ან მაჟორიტარების დახმარებით ისევ თავის გადარჩენა შეძლოს. მაგრამ 73-ივე მანდატს სავარაუდოდ, ნაკლებად აიღებს. ამიტომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნით, ხელისუფლება დიდად ვერაფერს იხეირებს“,-აცხადებს ალაფიშვილი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ამ ყველაფრის ფონზე ეს საკმაოდ მყიფე პარლამენტი იქნება. ხოლო თუ „ოცნება“ ამ ორ პარტიასთან კოალიციური მთავრობის შექმნას გადაწყვეტს, უკმაყოფილება როგორც  მის ამომრჩეველში, ასევე შიგნით პარტიაშიც გაჩნდება. ეს შეიძლება შიდა პარტიული გადატრიალების მიზეზიც კი გახდეს. ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები  პროპორციულ  სისტემით და  0%-იანი ბარიერით ჩატარდეს, ეს არის გარკვეული მანევრი, რომ ის მძიმე სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგით გამოძვრეს. იურისტი აცხადებს, რომ ეს ვარიანტი ივანიშვილს 2020 წლისთვის  გამარჯვების შანსს აძლევს და პირიქით, უფრო გაძლიერებულიც იქნება. 

„რაც შეეხება იმაზე საუბარს, რა იქნება სწორი, სამწუხაროდ სხვას ვერაფერს ვხედავ გარდა 0%-იანი ბარიერის და პროპორციული სისტემით არჩევნების 2020 წლისთვის ჩატარებისა. ამისთვის კი კრიზისის განმუხტვაა საჭირო. ივანიშვილის ადგილას საზოგადოებაში ყველა აქტიურ ჯგუფს ძალაუფლებას გადავუნაწილებდი. იმ დონემდეც კი, რომ ე.წ. გარდამავალი  მთავრობის  შექმნასაც კი შევთავაზებდი. შესაბამისად, ნაკლები  დანაკარგის მეშვეობით ქვეყანას 2020 წლის არჩევნებამდე მივიყვანდი“,-აცახდებს ალაფიშვილი „რეზონანსთან“. 

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ყველაზე მეტად „ოცნებას“ არ უნდა აწყობდეს. თუ ხელისუფლება ამაზე ფიქრობს, მას სავარაუდოდ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გათამაშება სურს და ჰგონია, რომ მოიგებს. ასევე გამოვა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება უბრალოდ ბლეფი იყო. 

„პირველ რიგში დაიწყება 2002-2003 წლის პროცესები, რაც სახელმწიფო  ინსტიტუტების ჩამოშლას ნიშნავს. გვახსოვს ზუსტად მსგავსი შევარდნაძის დროს ხდებოდა. ასევე,  მაჟორიტარული სიის დაკომპლექტება „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება. ასეთივე პრობლემები სიის შედგენისას შეექმნება. მითუმეტეს იმ ფონზე, რაც 92 დეპუტატს დამართეს, რომლებმაც მელიასთვის  მადატის მოხსნას  მხარი დაუჭირეს. ხელისუფლებას  საკუთარი აქტივის მობილიზება გაუჭირდება, რომელთა დახმარებითაც ეს არჩევნები უნდა მოიგოს. „ოცნებას“  არჩევნებს არავინ გააყალბებინებს“, - აცახდებს „რეზონანსთან“ ლაგაზიძე. 

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები ყველაზე მეტად „ნაციონალებს“ აწყობთ. სხვა პარტიები სათანადოდ მომზადებას ვერ მოასწრებენ. ასევე ახალი პოლიტიკური მოთამაშეების შემოსვლა ვერ მოხდება, ეს კი  „ნაციოანალებს“ კარგ საშუალებას მისცემს იმისთვის, რომ პარლამენტში უფრო მეტი წარმომადგენლობით შევიდეს, ვიდერ ამას 2020 წლისთვის შეძლებდა. 

„ზოგადად ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ „ოცნება“ სახელმწიფოზე მოფიქრალ ძალად  დარჩეს, მთავარი პროპორციული არჩევნები იქნება, თუ მან 2020 წლამდე გაძლო. ნამდვილად არის იმის შანსი, რომ წელიწადნახევარში ქვეყანაში ახალი პოლიტიკური მოთამაშეები შემოვიდნენ და იგივე ის ახალი თაობა, რომელიც ახლა ქუჩაში დგას“,-აცხადებს ლაგაზიძე. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×