
ის ოთხი დეპუტატი, რომლებმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს შესაძლოა, გუნდიდან გარიცხონ - ურჩი დეპუტატების ბედი უმრავლესობის სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო, რომელიც ივანიშვილის თაოსნობით ჩატარდა. თანაგუნდელების პოზიცია არ გაიზიარა საპარლამენტო უმრავლესობის ოთხმა წევრმა: მარიამ ჯაშმა, რომან კაკულიამ, ბიძინა გეგიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ. სწორედ ეს დეპუტატები შეიძლება მმართველი გუნდიდან გარიცხონ.
სხდომიდან გამოსულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ვინმეს გარიცხავზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა მანამდე გარკვეული უკმაყოფილებები თანაგუნდელების მისამართით გამოითქმოდა და არსებობდა მოლოდინი, რომ მათი გარიცხვის საკითხი დადგებოდა.
რატომ შეიკავა ამ ეტაპზე ივანიშვილმა თავი ჯერჯერობით უცნობია. „რეზონანსთან“ უმრავლესობის წევრები იმ საკითზებზე საუბრობენ, რომელიც მათი ინფომაციით სხდომაზე განიხილეს. სავარაუდოდ, ასევე საუბარი გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობიდან გადაყენების საკითხსაც ეხებოდა. თუმცა დეპუტატები ამბობენ, რომ გახარიას გუნდის სრული მხადაჭერა აქვს და ყველა თანხმდება, რომ მან თანამდებობა არ უნდა დატოვოს.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, გუნდში არასოდეს შექმნილა განსხვავებული აზრის გამოხატვის პრობლემა. თუმცა ხუნდაძე ამბობს, რომ როცა გუნდის წევრი, გუნდის შიგნით მსჯელობისას არ საუბრობს განსხვავებულ პოზიციაზე, მაგრამ პულტთან გუნდში შეთანხმებული პოზიციისგან განსხვავებულ აზრს აფიქსირებს - ეს განხილვის საკითხი უნდა გახდეს.
„არც ის შეგვიზღუდავს, მიუხედავად გუნდური გადაწყვეტილებისა, მათ დაეფიქსირებინოთ საწინააღმდეგო პოზიცია, მაგრამ როდესაც გუნდში, შიგნით, კონკრეტული დეპუტატი არ აფიქსირებს საწინააღმდეგო პოზიციას, მაგრამ პოზიცია ღილაკთან მიმართებაში არის სხვა, ვიდრე ეს შეთანხმებაა, რა თქმა უნდა ეს მსჯელობას მოითხოვს,“-აცხადებს ხუნდაძე.
კიდევ ერთი მმართვეი გუნდის წევრი და ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სხდომაზე პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე და იმ ლეგიტიმურ ძალაზე ისაუბრეს, რაც პოლიციამ გამოიყენა. ასევე იმაზე, რომ ამ დანაშაულის ჩადენაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ნიკა მელიას არ ეკისრება.
მისი თქმით, 20-21 ივნისს აქციის დაშლისას გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, თუმცა მის პროპორციულობაზე გაჩენილ კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
„რასაკვირველია, ვისაუბრეთ, პარლამენტში შემოჭრის მცდელობაზე და იმ ლეგიტიმურ ძალაზე, რაც გამოიყენა პოლიციამ. ამავდროულად, ყველამ მხარი დაუჭირა მოსაზრებას, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც მაქსიმალური გამჭვირვალობით მიმდინარეობს.
უნდა ვნახოთ გამოძიება რა შედეგს მოიტანს და აქედან გამომდინარე, როგორც გახარიამ თქვა, თუკი ეს პასუხისმგებლობა ამოვა იმ დონეზე, რომელზეც იგი საუბრობდა, რასაკვირველია, იგი მიიღებს შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ დავაფიქსირეთ ის, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და დავაფიქსირეთ ისიც, რომ პროპაგანდისტული შემოტევა მიმდინარეობს იმ მიმართულებით, რომ თითქოსდა არანაირი შეჯახება და პროვოკაცია არ არსებობდა. გარდა ამისა, იმაზეც იყო საუბარი, რომ არც მხოლოდ ნიკა მელიაა ის პიროვნება, რომელსაც პასუხი უნდა მოეთხოვოს. ბევრი ადამიანი იდენტიფიცირებულია.
პასუხისმგებლობა ამ ოპერაციის ჩატარებაზე თავიდან ბოლომდე, თავის გაცემული ბრძანებით, არის, რასაკვირველია შინაგან საქმეთა მინისტრის, მაგრამ თუკი ამ პროცესში იყო ძალის გადაჭარბება, ამას გამჭვირვალე და სიღრმისეულმა გამოძება უნდა მისცეს პასუხი,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე, მკაცრი ფორმებით აქციის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება შს მინისტრმა ერთპიროვნულად მიიღო თუ ადგილი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციას, ვოლსკი პასუხობს, რომ მსგავს კონსულტაციებს ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, მან ასევე, დასძინა, რომ ივანიშვილის პიროვნების მიმართ შეტევა ხორციელდება.
"საკითხი, უმრავლესობის დატოვების, ან რაიმე საკადრო გადაწყვეტილების, არ ყოფილა დაყენებული,“ - ამის შესახებ მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე არ ყოფილა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკა, უბრალოდ აღინიშნა, რომ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დაფიქსირდა.
„უმრავლესობის დატოვების ან სხვა საკადრო გადაწყვეტილება - ეს მსჯელობა დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში საერთოდ არ დამდგარა. ჩემი მხრიდან არ ყოფილა დამატებითი ახსნა-განმარტების მიწოდება, იყო მსჯელობა განვითარებულ პროცესზე, ზედაპირულად, მოკლედ მოხდა ამ თემაზე შეჯერება. საკითხი, უმრავლესობის დატოვების ან რაიმე საკადრო გადაწყვეტილების არ ყოფილა დაყენებული,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.