უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ჩატარებულ ოპერაციებში მონაწილეებს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, რომელთა შორის 6 ქართველიც აღმოჩნდა.
ზელენსკიმ განმარტა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი პროექტი და ის გააგრძელებს მოქალაქეობის მინიჭებას იმ ხალხისთვის, ვინც მზად იქნება, რომ უკრაინის განვითარებასა და კეთილდღეობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ამის შესახებ აღნიშნულია ზელენსკის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში № 466/2019, რომელიც ძალაში შევიდა 28 ივნისიდან.
უკრაინის პრეზიდენტმა, ამჯერად, სულ 14 უცხოელს მიანიჭა უკრაინის მოქალაქეობა, რომელთა შორის ქართველების გარდა არიან რუსები და ბელარუსებიც.
6 ქართველთა შორის, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტისგან ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, აღმოჩნდნენ: დავით გაჩეჩილაძე, თენგიზ ზანაძე, გიორგი კახნიაშვილი, მერაბ კონცელიძე, მამუკა მუზაშვილი და ლევან ხუციშვილი.
რაც შეეხება დანარჩენ 8 პირს, რომლებმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღეს, ისინი არიან: დმიტრი ბელოგორეცი, აბდულ ჯალილი, ტაჩი ჯაფაროვი, რუდოლფ ეგორენკო, ვალერი კოლოტი, იუი სავილოვი, არსლანბეკ კარიმოვი და იულია ტოლოპა.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ იულია ტოლოპა და არსლანბეკ კარიმოვი უკრაინის მოქალაქეობას მიიღებენ, როგორც „პირები, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით უკრაინის წინაშე".
„ჩვენ 65 მილიონი ვართ, მათ შორის, ვინც უკრაინის მიწაზე დაიბადა. უკრაინელები ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და აფრიკაში არიან. მივმართავ დედამიწაზე ყველა უკრაინელს. ყველას, ვინც მზადაა, რომ ააშენოს ძლიერი და წარმატებული უკრაინა, მე დიდი სიამოვნებით მოგანიჭებთ უკრაინის მოქალაქეობას", - განმარტა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინაუგურაციაზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტყრო პოროშენკომ 2014 წელს ასევე განაცხადა, რომ მისცემდა მოქალაქეობას ყველა იმ პირს, ვინ უკრაინაში იბრძოდა.