"ჯერ-ჯერობით მიტინგი არ სცილდება იმ მოთხოვნებს, რომელიც აქციის მონაწილეებმა წამოაყენეს. რამდენად გაიზიარებს მიტინგი ოპოზიციის შეთავაზებას - გაიზარდოს მოთხოვნები, არ ვიცი, ვფიქრობ, უფრო არა.
"მოთხოვნების გაზრდა აწყობს ოპოზიციას, რომელსაც ხელს აძლევს რევოლუციური სცენარი, რომ ქვეყანა არჩევნებამდე არ მივიდეს, რადგან არჩევნებში ვერ იმარჯვებს"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარლიძე ოპოზიციის მოწოდებას გაიზარდოს აქციის მოთხოვნები.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისკენ მოუწოდა, რაზედაც მათგან მწვავე პასუხი მიიღო, რომ ისინი თავად გადაწყვეტენ რა მოთხოვნები წაუყენონ მთავრობას.
გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით კი საპროტეტსო აქციის თამას უნდა აიწიოს და ხალხმა მთელი მთავრობის გადაყენება მოითხოვოს.
"გახარიას გადადგომას მიტინგის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე სწორედ ოპოზიცია ითხოვდა, მას შემდეგ კი რაც გახარიამ გააკეთა განცხადება, რომ პასუხისმგებლობას არ ავირიდებ, იმ მძიმე მოვლენების შემდეგო, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებასო, ოპოზიციას არ აკმაყოფილებს გახარიას ეს ფორმულა.
"ანუ ხაზი მიდის ისევ ძლიერ ფიგურაზე, რომელიც უკან არ იხევს, ასეთი ფიგურა კი სირთულეს უქმნის ოპოზიციაში მყოფ ხელისუფლების ოპონენტებს. გახარია რომც გადაგეს, ახალ მიზეზს მოძებნიან. "ნაციოლნალურ მოძრაობას" არ უნდა, რომ ქვეყანა არჩევნებამდე მივიდეს, რადგან არჩევნებში ვერ იმარჯვებს და აწყობს რევოლუციურ რეჟიმში ხელისუფლების ცვლა.
"რაც შეეხება მთლიანად მთავრობის გადაყენებას, ეს ხელისუფლების შეცვლის თემაა. თუ მიტინგი მთელ მთავრობას გადააყენებს, გამოდის, რომ სახელმწიფოს მართავს მიტინგი. შეთავაზება - უნდა ავწიოთ საპროტესტო აქციის თამასა, მიანიშნებს იმაზე, რომ სურთ ქალაქის ცენტრში დაძაბულობის შენარჩუნება და შიშობენ, რომ საპროტეტსო მუხტი არ დაეცეს.
"მიუხედავად, იმისა, რომ ახალგაზრდებს ყოველთვის უნდათ რევოლუცია და ეს მათი ბუნებაა, მათ სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ საპროტესტო აქციები დღემდე მშვიდობიანია და რევოლუციური განწყობა არ შეინიშნება.
"მიტინგი არ სცილდება უკვე დაყენებულ მოთხოვნებს. არ ვიცი, რამდენად გაიზიარებს მიტინგი ამ შეთავაზებებს, უფრო არა. ყველას კარგად გვესმის და მათ შორის ამ ახალგაზრდებს, რომ თუ რევოლუცია მოხდება, ისევ 90-იანებში დავბრუნდებით და ქვეყანაში შეიქმნება არასტაბილური მდგომარეობა"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.