„გახარიას საბოლოოდ გადადგომა მოუწევს, თუმცა ჯერჯერობით არ გადადგება. თუკი ახლა გადადგა, ჩაითვლება, რომ აქციების შედეგად მოხდა ეს და ხელისუფლებას არ სურს პოზიციის დათმობა, კობახიძე უფრო უღირდათ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე საპროტესტო აქციების შესახებ საუბრისას, რომელიც უკვე მეათე დღეა რუსთაველის გამზირზე იმართება.
„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ სადამდე გაგრძელდება ეს აქციები, სანამ უშუალოდ მათი მოთხოვნა შს მინისტრი გადადგომასთან დაკავშირებით, არ შესრულდება?
ნიკა ჩიტაძე: გახარიას გადაყენება ძირითად პრობლემას ვერ მოაგვარებს. შეიძლება გახარია გადააყენონ, მაგრამ ახალი მინისტრი მოვა, რომელიც ასევე ოლიგარქის ბრძანებებს შეასრულებს. გახარია რომ არ ყოფილიყო შს მინისტრი, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებს ხალხს მაინც დაუშენდნენ.
გახარიამ, ფაქტობრივად, მიანიშნა, რომ მას არ გაუცია ბრძანება და ასევე თქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ გასცა ბრძანება. ოფიციალური ბრძანება არა, მაგრამ დიდი ალბათობით, ბრძანება ივანიშვილმა გასცა. გახარიას ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ისიც იძულებული იქნებოდა ოლიგარქის ნება-სურვილს დაქვემდებარებოდა.
აგვისტო მკვდარი სეზონია და ვფიქრობ ამ დროს ვნებები ჩაცხრება... აქციები, სავარაუდოდ, სექტემბერში კვლავ განახლდება.
„რ": პოლიტიკური პასუხისმგებლობა გასაგებია, თუმცა, როგორ ფიქრობთ, სამართლებრივი პასუხისმგებლობა სხვა პოლიტიკოსებზეც უნდა გავრცელდეს თუ არა?
ნ.ჩ: წესით სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, ვინც ბრძანება გასცა, მაგრამ ჩვენთან პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ კანონის უზენაესობა არ არსებობს. ჩვენთან არსებობს შერჩევითი სამართალი. შესაბამისად, ვიღაცაზე კანონი ვრცელდება, ისიც მოსაჩვენებლად, ვიღაცაზე კი არა.
ნიკა მელია კორცხელის აქციაშიც მონაწილეობდა. კამერების წინ ადამიანებს ურტყამდნენ, მათ შორის მელიასაც, თუმცა, ამაზე არავინ დაუკავებიათ, ზოგი დააწინაურეს კიდევაც. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ერთია, მაგრამ სამართლებრივიც საჭიროა, გარკვეულწილად ორივე ერთმანეთს ავსებს, რაც აუცილებლად უნდა იყოს.