კიევის სასამართლომ უკრაინის ცესკო-ს გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც ოდესის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიას, „ახალი ძალების მოძრაობას" რადას არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავდა. შესაბამისად, სააკაშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიმდინარე წლის 21 ივლისს ჩანიშნა.
„ჩვენ გავიმარჯვეთ, მოვიგეთ სასამართლო და მივდივართ არჩევნებზე," - წერს სააკაშვილი „ფეისბუქის" პირად გვერდზე.
რა პოლიტიკური პერპექტივა გააჩნია მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში და რა შანსები აქვს საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ერთ თვეში უნდა გაიმართოს?
ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს არც პიროვნული და არც პარტიული პერსპექტივა არ გააჩნია. მისი თქმით, სააკაშვილის რეიტინგი მხოლოდ 3%-ს შეადგენს.
მაისაიამ საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური ვითარება მიხეილ სააკაშვილის სახელს დაუკავშირა; მისი განცხადებით, სწორედ მას აძლევს ხელს ქვეყანაში არეულობა დაიწყოს.
„სააკაშვილს, არც პიროვნულ და არც პარტიულ დონეზე, რეიტინგი არ აქვს. მისი რეიტინგი საკმაოდ დაბალია, 3%-ს არ აღემატება. თუ სააკაშვილი მოასწრებს, ერთ თვეში რაღაც ექსტრაორდინალურს გამოავლენს და ელექტორატს მოიზიდავს, არ ვიცი. თუმცაღა უკრაინაში საკმაოდ სერიოზული კორუფციული სქემები ამოუქექეს, რაც მას ოდესის გუბერნატორობის პერიოდში ჰქონდა და არამგონია, რომ ოლიგარქიულმა ჯგუფებმაც, რომელიც სააკაშვილის მტრები სამართლიანად არიან, მისი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დუმაშიც კი შეიყვნანო.
„სააკაშვილის პოპულარობა უკრაინაში საკმაოდ ქიმერული და ძალიან უპერსპექტივოა. სააკაშვილი ამიტომაც ცდილობს საქართველოში სიტუაცია არიოს; მისი რადიკალური მოწოდება დაკავშირებულია სწორედ ამ მიმართულებასთან, - დღევანდელი ხელისუფლების ძალისმიერი კუთხით გადაყენებასთან.
„ასე რომ, არამგონია სააკაშვილი უკრაინაში თავს კომფორტულად გრძნობდეს. მისი პარტიის რეიტინგის გათვალისწინებით არამგონია ვინმე ბლოკში და ალიანსში შევიდეს მასთან, თუნდაც ზელენსკი, საკუთარი პარტიით, ან იულია ტიმოშენკო. ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, - მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას პარლამენტისაკენ უმაღლესი რადის მიმართულებით მარტო სვლა მოუწევთ," - აღნიშნა მან.
თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თავისი პარტიის „უდარის" ხელმძღვანელობა შესთავაზა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა.
ვახტანგ მაისაია ოდესის ყოფილი გუბერნატორის გადაწყვეტილებას შემდეგნაირად ხსნის; სააკაშვილს თავადაც დაბალი რეიტინგი აქვს, შესაბამისად მასზე დაბალ რეიტინგიან პოლიტიკოსთან საქმეს არ დაიჭერდა.
„კლიჩკოს უარესი რეიტინგი აქვს, თანაც მისი მერობა უკვე სატირისა და იუმორის გრძნობას იწვევს უშუალოდ უკრაინის მოსახლეობაში. კლიჩკო ნაკლებად სერიოზულ პოლიტიკოსად ითვლება თავისი ექსცენტრული გამონათქვამების გამო. სააკაშვილი, რომელსაც თავადაც დაბალი რეიტინგი აქვს, მასზე დაბალ რეიტინგიან პოლიტიკოსთან საქმეს არ დაიჭერდა. სააკაშვილს მართალია თავი ნაპოლეონი ჰგონია, თუმცა რას წარმოადგენს, კარგად მოგვეხსენება," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.