ელზა პაპოშვილი
30.06.2019

 კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძეაცხადებს, რომ 20 ივნისის აქციაზე და შემდეგ მის დაშლაზე, უფრო მეტი კითხვები და ეჭვები აქვს, ვიდრე ჟურნალისტების და საზოგადოების მხრიდან არის გაჟღერებული. ამბობს, რომ დარბევის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად გახარიას არ მიუღია და ეს კოლექტიური გადაწყვეტილება შეიძლება  ყოფილიყო. 

„რეზონანსი“: 27-28 ივნისს მინისტრი გიროგი გახარია საზოგადოების წინაშე პირვალად გამოჩდა, თუმცა მისმა ორაზროვანმა პასუხებმა უფრო მეტი კითხვები გააჩინა ვიდრე იყო. ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება, ის პირდაპირ ამ კითხვას არ პასუხობს, თქვენ რა ეჭვები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

მამუკა არეშიძე: რა თქმა უნდა, კითხვები მეც ბევრი გამიჩნდა და არა მხოლოდ ეს. მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ვიღაცეებს ხელს აფარებს. ასევე საინტერესოა, რატომ ითხოვენ ასე დაჟინებით გახარიას გადადგომას? ეჭვი მიჩნდება, რომ ვიღაცას კვალის დაფარვა უნდათ.  ამ პროცესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშნებია და უამრავი თეთრი ლაქებია დარჩენილი. გახარიას გადადგომის  შემთხვევაში, მე მგონია, რომ ეს გამოძიება არ დასრულდება და რეალურად ვერ გავიგებთ 21 ივნისის ღამეს რა მოხდა. მიაქციეთ ყურადღება, ოპოზიცია თუ აქციის  მონაწილეები არ ითხოვენ კონკრეტულ ვადებს, რა დროში შეიძლება მინისტრი გადადგეს. პირდაპირ ამბობენ , რომ უნდა წავიდეს. 

რაც შეეხება იმაზე აპელირებას, რომ ამ აქციის დარბევის გადაწყვეტილებაში ივანიშვილი მონაწილეობდა, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს და ამაში ვერაფერ კატასტროფას ვერ ვხედავ. მთავარია რეალურად ეს ყველაფერი საიდან დაიწყო და რა როგორ მოხდა. გარდა მაგისა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, პოლიციელები რამდენად კარგად ინსტუქტირებულები იყვნენ და სპეცოპერაციასთან დაკავშირებით უამრავი კითხვაა გაჩენილი. 

„რ“: გეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი კითხვებია გაჩენილი აქციის ასევე დარბევასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რატომ ვერ შეძლო მინისტრმა, რომ ხუთი საათის განმავლობაში სპეცრაზმის მხრიდან მიმდინარე კაკნონდარღვევა აღეკვეთა?

მ.ა:  კი, ბატონო, გეთანხმებით, რომ გახარიას ამ პერიდოის განმავლობაში უნდა ემოქმედა, მაგრამ ჩვენ ხომ რეალურად არ ვიცით, რა და როგორ ხდებოდა? ძალიან რთულია პოლიციელების კონკრეტული ქმედებები ასე პირდაპირ მინისტრმა მართოს. ყველას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს და პასუხისმგებლები მინისტრთან ჯერ ისინი არიან. ყველაზე მთავარია დადგინდეს, ვინ მონაწილეობდა ამ აქციის ასე სასტიკად დარბევაში და ვინ არიან სპეცრაზმის ხელმძღვანელები, რომლებიც გადაწყვეტილებებს სავარაუდოდ, ადგილზევე იღებდნენ. რამდენიმე მთავარ კითხვას გამოვყოფ, რომელზე პასუხების  მიღების შემთხვევაში რეალობას ნათელი მოეფინება. 

პირველი ასეთი კითხვა მაქვს, ვინ გაუკეთა გავრილოვის დარბაზში ყოფნას ტექნიკური უზრუნველყოფა და საიდან გაჩნდა იქ მეორე სკამი. რამდენად სანდოა ის ტექნიკური პერსონალი, პროტოკოლი იქნება ეს თუ პარლამენტის აპარატი ვინც იქ მოქმედებდა? რატომ იყო დარბევის დროს პოლიციელთა რიგებში ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის ძმა, რომელიც პოლიციის ერთ-ერთ ქვედანაყოფშია? რატომ იყო  მერაბიშვილი დროს მოქმედი  კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი გუნდი ადგილზე წარმოდგენილი? გარდა ამისა, რატომ არის სპეცრაზმის ხელმძღვანელებს შორის ისევ ის ადამიანი, რომელმაც 26 მაისის მიტინგი დაარბია? 

ჩაუტარდათ თუ არა პოლიციელებს სპეცოპერაციის  წინ სპეციალური ინსტრუქტაჟი, როგორ უნდა ემოქმედათ და რისი უფლება ჰქონდათ? უშუალოდ მიმდინარეობს თუ არა იმ პირების გამოვლენა, რომლებიც  სადისტურად მოქმედებდნენ? კონკრეტულ მომენტში პოლიციელები ბრძანებებს მოქმედებების შესახებ ვისგან იღებდნენ? გასაგებია, გახარიამ გასცა ბრძანება მიტინგი დაარბიეთო, მაგრამ შემდეგ ადგილზე კონკრეტულ ბრძანებებს ვინ იძლეოდა (ყველა სპეცრაზმს თავისი მეთაური ჰყავს)? 

„რ“: კითხვები  ალბათ თავად აქციის მონაწილეების მიმართაც ჩნდება. მაგალითად,  თქვენც შეამჩნევდით, რომ იყო კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც პოლიციას მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს...

მ.ა:  რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც ბევრი საეჭვო გარემოებებია, რომელსაც გამოძიება აუცილებლად სჭირდება. მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, რომელმაც კონკრეტულად სპეცრაზმის მოქმედებების ტექნოლოგია შეიძლება არ იცოდეს. ის იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინც მის გარშემო იმყოფება და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი უშუალოდ არის. ამიტომაც ვამბობ, რომ ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებებია. 

ეჭვები, რა თქმა უნდა, თავად მომიტინგეების ნაწილის მისამართითაც ჩნდება. გასარკვევია და საკმაოდ უცნაურია, როდესაც დაჭრილი და დასისხლიანებული  მომიტინგეები უკან ბრუნდებიან.  ჩნდება გარკვეული კითხვები, რომ მათ რაღაც სტიმულატორები ჰქონდათ მიღებული. მათი ქცევები ეჭვს აჩენს. კადრების ყურებისას ჩნდებოდა განცდა, რომ იყვნენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც პოლიციის პროვოცირებას ორგანიზებულად ახდენდნენ და ისინი ამისთვის წინასწარ  მომზადებულები იყვნენ. 

„რ“: თქვენ ეჭვს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის  განცხადება არ გიჩენთ, რომელმაც აქციის დაშლამდე რამდენიმე წუთით ადრე თქვა, რომ „ოცნების“ ხელისუფელბა საკუთარ მოსახლეობას რეზინის ტყვიებს და ცრემსადენ გაზს არ ესვრის? რას ნიშნავს ეს, ანუ ბრძანება დაშლაზე მოულოდნელად ვიღაცამ გასცა? 

მ.ა: კი, ბატონო, ძალიან საინტერესოა, რომ პრემიერის განცხადებიდან ორ წუთში აქციის  დაშლის  ბრძანება გაიცა. ამიტომ ვამბობ, რომ  20 დან 21-ი  ივნისის ჩათვლით მიმდინარე მოვლენები ბურუსით არის მოცული. არაერთ აქციაში მიმიღია მონაწილეობა და ტყვიაც მომხვედრია, მაგრამ როგორ ხდებოდა, რომ დაჭრილი ხალხი ისევ პოლიციაზე შეტევისთვის მიდიოდა. სისხლიანი ადამიანები სპეცრაზმელებს ისევ ფარებს  ურტყამდნენ,  ეს რას ნიშნავს?

ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. ძალიან კარგად ვიცი, რომ ემოციური მასის ორგანიზება ძალიან რთულია. მითუმეტეს აქციის ორგანიზება გაუკეთო გამორიცხულია. იყო ორგანიზებული ჯგუფები, რომლებსაც პოლიცია მწკრივიდან ოპერატიულად გამოყავდა, იტაცებდნენ. ამ ხალხს ინსტრუქტაჟი წინასწარ ჰქონდათ ჩატარებული. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისმობ, ვნახეთ კადრები, სადაც პოლიციას ხალხი ზედ ეფარებოდა და ასე იცავდა ამ აგრესიული ჯგუფებისგან.  

„რ“: ამ ყველაფრის გათვალსიწინებით ფიქრობთ თუ არა რომ გახარია უნდა გადადგეს? მითუმეტეს თუ მინისტრი ამდენ რამეს ვერ აკონტროლებს და მოვლენებს მის გარეშე ვიღაცეები მართავენ. მაშინ ქვეყანა უფრო საფრთხეში ყოფილა ვიდრე ჩვენ გვგონია...

მ.ა: მე ვფიქრობ, რომ მას კონკრეტული დრო უნდა მივცეთ, მაგალითად 10 დღე და ვნახოთ რის დადებას შეძლებს... თუ მან ამ ყველაფერზე პასუხები არ გაგვცა, მაშინ უნდა გადადგეს კი არა პასუხისგებაში უნდა მიეცეს. უბრალოდ მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უნდა მოხდეს. რატომ არიან დარწმუნებულები, რომ უმრავლესობასაც გახარიას გადადგომა სურს? გამოკითხეს ვინმე? ასევე აუცილებლად გასარკვევია, რატომ თქვა სააკაშვილმა რომ ის სპეცრაზმის ხელმძღვანელებს ესაუბრა და ხალხის დარბევაზე უარს ამბობდნენ. ამიტომაც ვამბობ, რომ ბევრი რამ არის გასარკვევი.  

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×