საარჩევნო ცვლილებების ,,პროპორციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციას „ქართული ოცნება" დღეს ,,შერატონ მეტეხი პალასში" მართავს.
„რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით გულისხმობს, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
პოლიტიკური გაერთიანება პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს."
„ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებთან დაკავშირებით დღეს მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას არ დაესწრება, თუმცა სხვა განხილვებში მონაწილეობას გეგმავს.
„ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს ყველა იმ პროცედურაში მონაწილეობას, რომელიც გათვალისწინებულია კანონით. რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ საპარლამენტო განხილვაში. რაც შეეხება დღევანდელ პრეზენტაციას, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივის გაცნობა, მათი პარტიული ღონისძიება და ბუნებრივია, პარტიულ ღონისძიებაზე ჩვენ არ მივალთ. მათ უნდათ საკუთარი მარცხი წარმოაჩინონ გამარჯვებად, ვინაიდან ის ხალხთან დამარცხდა," - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს," დაანონსებულ პრეზენტაციაში მონაწილეობას არც ის მიიღებს, თუმცა კონსულტაციებში ჩართვას გეგმავს. „ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ დღეს "ქართული ოცნება" მართავს მხოლოდ და მხოლოდ პარტიულ ღონისძიებას. რაც შეეხება ბარიერის არარსებობას, აბესაძე აცხადებს, რომ აღნიშნულზე კონკრეტული პოზიცია ჩამოყალიბდება.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომოტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადების შესახებ, რომ ისინი მმართველი გუნდის მიერ დღეს დაანონსებულ პრეზენტაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ თქვა, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2020 წელს პროპორციული წესით ჩატარდეს არჩევნები, უპრეცედენტოა.
„ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება გააძლიერებს არამხოლოდ პარტიებს და პარტიულ სისტემას საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში, არამედ, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების ჭრილში, რადგან თითქმის არც ერთი მოქალაქის საარჩევნო ხმა არ დაიკარგება და ეს თანასწორობისთვის არჩევნების კუთხით არის მართლაც ძალიან კარგი.
„ამ პროცესმა აჩვენა ასევე ზოგიერთი პარტიის მართლაც რომ ყალბი დამოკიდებულება იმ პროცესებისადმი, რომელიც ქვეყანაში მიდის და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ზოგიერთს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება და დემოკრატია კი არ აღელვებს, არამედ აღელვებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესი, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ისინი ყოველთვის გამოძებნიან რაიმეს, რასაც გააკრიტიკებენ, თავს დაესხმებიან. ეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაც არის ამის ნათელი მაგალითი," - განაცხადა კილაძემ.