დღეს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდით დილის 9:00 საათზე დაიწყო, გამოცდებისთვის რეგისტრაცია 41 ათასამდე აბიტურიენტმა გაიარა, ხოლო დღეს დილით გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 92% გამოცხადდა, მეორე სესიისთვის რეგისტრაცია კი 14:00 საათზე დაიწყება.
გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად მიმდინარეობს. წელსაც გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება, რაც ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე ნახულობს, პასუხებს კი პასუხების ფურცელზე ნიშნავს ან წერს. წელს მცირედი ცვლილება შევიდა 4 საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია და უცხო ენები) საგამოცდო ტესტში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი: 1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა; 1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა; 1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა; 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;5 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა; უცხოური ენა: 8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 8 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა; 8 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა; 10 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;11 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;12 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია; 16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;19 ივლისი (მეორე სესია) - სამოქალაქო განათლება;22 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;23 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.
საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს ყველას, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითთებულ ინფორმაციას გამოცდებზე რეგისტრაციის დროს და ადგილს, რადგან რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტები გამოცდაზე აღარ დაიშვებიან
ზუსტად ამიტომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წინასაგამოცდოდ დაიწყო საინფორმაციო კამპანია #არდაიგვიანო, რომლითაც აბიტურიენტებს მოუწოდა იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და არ დაიგვიანონ საგამოცდო ცენტრებში.
ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
აღსანიშნავია, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დასწრებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები ვერ ახერხებენ, რადგან ჩაკეტილია ენგურის ხიდი და მის გახსნას ელოდებიან, ენგურის ხიდზე გადმოსვლა მხოლოდ სპეციალური საშვით არის შესაძლებელი.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. უწყება მოუწოდებს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს, ეროვნულ გამოცდებში იმ მომენტიდან ჩაერთონ, რა დროსაც ხიდის გადმოლახვას მოახერხებენ.