თამარ შუკვანი
01.07.2019

 „პროპორციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციას, რომელიც 14:00 საათზე დაიწყო, ირაკლი კობახიძე ისე უძღვება, თითქოს არსადაც არ გადამდგარა და ისევ პარლამენტის თავმჯდომარეა. აღსანიშნავია, რომ კობახიძე „ქარული ოცნების" აღმასრულებელი მდივანია და შეხვედრაზე ამ ამპლუაში იმყოფება. შესაბამისად, იკვეთება, თითქოს ის ისევ პოლიტიკურ "მეინსტრიმში" რჩება და პარტიული ბოსის ამპლუას ირგებს.

შეხვედრას ირაკლი კობახიძესთან ერთად უძღვებიან დედაქალაქის მერი კახა კალაძე, „ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის ახალი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც მმართველი გუნდი გამოდის, გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ პრეზენტაციაზე მოიწვია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსი, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციები, თუმცა დაგეგმილი ღონისძიების დაწყებამდე პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ ამ შეხვედრას არ დაესწრებიან, მაგრამ სხვა განხილვებში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ. ამავე პოზიციაზე დგას ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოც."

შეხვედრას უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად ესწრებიან „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი, „სამოქალაქო მოძრაობის" წევრი ალექსანდრე ელისაშვილი, „სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე და სხვები.

შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი წესის შემუშავებაზე მუშაობს. მისი თქმით, დღეს არსებული დაფინანსების სისტემა ხარვეზიანია.

„პარტიების დაფინანსების წესი ასევე არის ერთ-ერთი განხილვის საგანი იმ ფორმატში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით და იქ იქნება ახალი ფორმულა შემოთავაზებული. დღევანდელი ფორმულა არავის მოსწონს, რადგან სუბიექტურად ხარვეზების მქონეა. შესაბამისად, დამუშავდება დაფინანსების ახალი წესი. ამაზე მსჯელობა წარიმართება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ამის პარალელურად, სასტუმროსთან შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს აქვთ პლაკატები წარწერით - „გახარია წადი", „ნუ გვაბრმავებთ".

„ჩვენ არ ვაპროტესტებთ იმას, რაც აქ ხდება და არაფრის ჩაშლას არ ვაპირებთ. უბრალოდ, მაქსიმალურად გვინდა ვიყოთ ყველგან, სადაც ხელისუფლების წამომადგენლები არიან, ვინც წყვეტენ გახარიას გადადგომას. ჩვენი ეს მოთხოვნა კვლავ შეუსრულებელია," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×