"პარტია "თავისუფალი საქართველო" მხარს უჭერს 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ეს იყო ჩვენი დიდი ხნის ბრძოლის შედეგი და ეს მიღწეულია" - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
კახა კუკავა: ის, რაც საქართველოში მოხდა, არის "ქართული ოცნების" მანკიერი შიდა პოლიტიკის შედეგი. წლებია მოვითხოვთ, რომ ქვეყანაში იყოს მრავალპარტიული სისტემა, რასაც ეწინაღმდეგებოდა ხელისუფლება. იგი აძლიერებდა ექსტრმისტულ ძალებს და იგნორირებას უკეთებდა კონსტრუქციულ ძალებს, მათ შორის ვართ ჩვენც. დღეს "ოცნებამ" თავისი თავი ამოწურა, ახლა უნდა გაუძლოს ამ აბრა-კადაბრას, ქვეყანა არჩევნებამდე მიყვანოს და შემდეგ გადასცეს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს.
"რ": თუმცა, საპროტესტო ტალღა არ ცხრება. აქციის მთავარ მოთხოვნდა კვლავ რჩება შს მინისტრის გადაგომა, პროტესტანტები აცხადებენ, რომ გახარიას გადადგომამდე არ დაიშლებიან...
კ.კ: საქართველოს მიტინგების შეფასების დიდი გამოცდილება აქვს და თუ რამე ვიცით, ვიცით მიტინგები. კრიტიკული მასა ამ აქციაზე თავიდანვე არ ყოფილა და მითუმეტეს დღეს. ამიტომ, არა მგონია, რომ საპროტესტო ტალღამ მოიმატოს. თუმცა საფრთხე არის, რადგან, როგორც ჩანს ექსტრემისტული ძალები არა ხალხის, არამედ სხვა რამის იმედად არიან. ხელისუფლება უნდა იყოს ფრთხილად, რადგან ექსტრემისტულ ძალებს არ უნდათ ქვეყანა არჩევნებამდე მივიდეს, თუ ქვეყანა ამ კრიზისს გაუძლებს, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ექსტრემისტული ძალების არსებობა.
რაც შეეხება გახარიას გადაგომას, ეს არის თითიდან გამოწოვეული მოთხოვნა, ყალბი და ფარისევლური და ამას ითხოვს ის ხალხი ვინც 2007 წლის და 26 მაისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ტაშს უკრავდა სააკაშვილის რეჟიმს. გახარიამ გააკეთა ის, რომ არ დაუშვა შტურმი საკონსტიტუციო ინსტიტუტზე, რაც არ გააკეთა ზვიად გამსახურდიას და შევარდნაძის ხელისუფლებამ.
"რ": უერთდებით "ოცნების" პოლიტიკურ ინიციატივას 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით?
კ.კ: რა თქმა უნადა, ეს იყო ჩვენი დიდი ხნის ბრძოლის შედეგი და ეს მიღწეულია. ქვეყანაში უნდა იყოს მრავალპარტიული სისტემა და თუ ვინმე ამას ეწინააღმდეგება არის აბსურდი. "ნაციონალური მოძრაობა" რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგია და იგი მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს. რაც შეეხება ნულოვან ბარიერს და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, ამაზე საუბრობს ის, ვინც ან ინფორმირებული არ არის ან არის "ნაციონალური მოძრაობის" რუპორი. ბარიერი გვაქვს 0,7% და ამ ბარიერის გადალახვას შეძლებს ქვეყანაში მოქმედი დაახლოებით 8 პარტია.