სოხუმის რეჟიმი ქართულად სწავლების აკრძალვის შემდეგ ახლა უკვე ქართველ აბიტურიენტებს უზღუდავს გამოცდებზე მისვლას
ეკატერინე ბასილაია
01.07.2019

 სოხუმის რეჟიმი ქართველი მოსწავლეების შევიწროებასა და ერთგვარ „დასჯას" აგრძელებს. გალის სკოლების დაბალ კლასებში ქართულად სწავლების სრული აკრძალვის შემდეგ ახლა უკვე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დარეგისტრირებული აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დასწრებას ვერ ახერხებენ, რადგან საოკუპაციო რეჟიმმა გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ენგურის ხიდზე მიმოსვლა ჩაკეტა.

სოხუმის რეჟიმი არ აპირებს მიმოსვლის ნებართვა დაუშვას ქართველ აბიტურიენტებზე. რის გამოც გალში ჩარჩენილი აბიტურიენტების დიდი ნაწილი პირველ გამოცდას ვერ დაესწრო. რა იქნება შემდეგ, როდის გაიხსნება მიმოსვლა, ჯერ უცნობია. მიმოსვლის ნებართვა სპეციალური საშვით მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებისთვისაა დაშვებული, რომ თავად აფხაზეთს არ შეექმნას ელექტროენერგიის პრობლემა.

აფხაზურმა მხარემ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით 27 ივნისს ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების უწყება აცხადებს, "თბილისში აქციები პროვოკაციული ხასიათისაა და ისინი აფხაზეთის სახელმწიფოებრიობასაც შეეხება".

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. უწყება მოუწოდებს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს, ეროვნულ გამოცდებში იმ მომენტიდან ჩაერთონ, რა დროსაც ხიდის გადმოლახვას მოახერხებენ.

„ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო მოგეხსენებათ, რომ აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ შემდგომ გამოცდებში ჩაერთონ,"-ამბობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე.

მისივე თქმით, სამინისტრო დააკვირდება პროცესს და საბოლოო ჯამში, მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით უზრუნველყოფენ ამ აბიტურიენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას.

გალის სკოლებიდან ეროვნულ გამოცდებზე დაახლოებით 185 აბიტურიენტია დარეგისტრირებული და მათი აბსოლუტური უმეტესობა გამოცდაზე ვერ მიდის.

გალის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა შონია „რეზონანსთან" ამბობს, რომ გალის ოკუპირებული რაიონიდან 185 აბიტურიენტია დარეგისტრირებული, მათგან მცირე ნაწილი გადმოსულია ე.წ. საზღვარზე, მნიშვნელოვანი ნაწეილი კი გზის ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ მხარეს რჩება, რის გამოც აბიტუიენტებიც და მათი მშობლებიც შეშფოთებულები არიან და ითხოვენ გარკვევას, როგორ გადაწყდება ეს პრობლემა.

მისი თქმით, აფხაზურ მხარესთან კომუნიკაცია იყო, რომ აბიტურიენტების გამოშვება მომხდარიყო, თუმცა უშედეგოდ.

„მთელი მთავრობა ჩართულია, რომ ამ ბავშვების დასახმარებლად ღინისძიებები გატარდეს და რა სახის იქნება ეს, როგორ შეძლებენ ეს ბავშვები შემდგომ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას, უახლოეს დროში გახდება ცნიბილი. ამ აბიტურიენტების დასახმარებლად ყველაფერი კეთდება, სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით. აფხაზური მხარე ყველანაირად ცდილობს, შეაფერხოს აბიტურიენტების გადმოსვლა და თვლიან, რომ ამ ბავშვებმა სწავლა ან სოხუმში გააგრძელონ, ან ადგილზე დატოვონ," - ამბობს შინია.

აღსანიშნავია, რომ გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში სულ 30 სკოლაა დარჩენილი და წლებია ამ სკოლებში ქართულად სწავლება იზღუდება.

„ეს თემა წლებია პრობლემურია. ამ სკოლებში მე-8 კლასის ჩათვლით სწავლება მთლიანად რუსულად მიმდინარეობს. სამი წლის შემდეგ კი ყველა ამ სკოლაში ქართული კლასიც აღარ იქნება და სწავლება ბოლომდე რუსულენოვანი გახდება," - ამბობს შონია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათს, 1-ელ ივლისს საქართველოს 11 ქალაქსა და 23 საგამოცდო ცენტრში დილის 9 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება.

წელს გალის 30 სკოლა სულ 410-მა მოსწავლემ დაამთავრა. აბიტურიენტად რეგისტრირებულია 185-მდე.

2005-წლიდან 2018 წლის ჩათვლით ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებიდან სულ 4237 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული და ჩარიცხულია 1300-მდე. ბოლო სამი წლის მონაცემი წლების მიხედვით კი ასეთია:

2018 წელს გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში არსებილი 30 სკოლა დაამთავრა - 372-მა მოსწავლემ, აბიტურიენტად დარეგისტრირდა -244 და ჩაირიცხა - 138.

2017 წელს სკოლა დაამთავრა 362-მა, აბიტურიენტად დარეგისტრირდა - 211 და ჩაირიცხა 120.

2016 წელს სკოლა დაამთავრა 348-მ, აბიტურიენტად დარეგისტრირდა 205 და ჩაირიცხა - 84.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×