„ამას ჰქონდა წინაპირობა. მწერალთა სახლი გაუქმდა და მის ნაცვლად ახალი ლიტერუტურული ფონდი შეიქმნა, რაც ძალიან უსამართლოდ მოხდა და ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა, გამომცემელიც და მწერალიც, ამის გამო შფოთავს. მწერლებთან და გამომცემლებთან, ვინც ეს სტრუქტურები შექმნეს და წარმატებაშიც დიდი წვლილი შეიტანეს, არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა, პირიქით, იყო ხაზგასმული იგნორირება და აგრესიაც კი," - აცხადებს „რეზონანსთან" მწერალი ლაშა ბუღაძე „მწერალთა სახლის" გაუქმების შესახებ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ „მწერალთა სახლის" უფლებამონაცვლედ „ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი" გამოცხადდა.
ბუღაძე ამბობს, რომ ახალი ლიტერატურული ფონდის შექმნასა და „მწერალთა სახლის" გაუქმებაში პოლიტიკური ინტერესები ჩანს.
„მოგვეჩვენა, თითქოს პოლიტიკური მიზეზებით შეიქმნა ეს ახალი სტრუქტურა, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური ფუნქციები ექნება; ალბათ ფიქრობენ, რომ საარჩევნოდ ასეთი მობილიზება საჭიროა, მაგრამ ათი დღის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ეს რაღაც სისულელე და აბსურდია. რაღაცეებს არ უნდა გადავაყოლოთ ასეთი წარმატებული სტრუქტურების არსებობა, ამიტომაც ვითხოვთ სტატუს კვოს აღდგენას," - აღნიშნა მან.
„ლიტერატურის ეროვნული ფონდის" დირექტორი ირმა რატიანი აცხადებს, რომ „მწერალთა სახლი" ყოველთვის იყო და დარჩება მწერლების სახლად და გაუგებარს უწოდებს მის გაუქმებაზე გავრცელებულ ინფორმაციას.
„ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა ეს მითი, რომ მწერალთა სახლი უქმდება. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მწერალთა სახლი, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბრენდია, არათუ უქმდება, არამედ ფუნქციონირებას იწყებს ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარი მიზანია წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში. მწერალთა სახლს თავისი ისტორიიდან გამომდინარე ვერავინ შეუცვლის სახელს, ამიტომ, მეგობრებო, მინდა ყველა დაგამშვიდოთ და დაგიდასტუროთ, რომ ეს ისტორიული შენობა ყოველთვის იყო და იქნება მწერალთა სახლი.
„მწერალთა სახლი" ყოველთვის იყო და დარჩება მწერლების სახლად, გაძლიერებული ფუნქციებით და რესურსებით, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ითქვა და კიდევ განვმარტავთ, - სიცრუეა ინფორმაცია, რომ მწერალთა სახლი და წიგნის ცენტრი გაუქმდა. ახალი, გაერთიანებული და გაძლიერებული ლიტერატურის ეროვნული ფონდი სწორედ მწერლების სამსახურში იქნება „მწერალთა სახლში"!
„ფონდი აერთიანებს ყველა იმ აქტივობას და ფუნქციას, რაც აქამდე ეკისრებოდა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს, მწერალთა სახლს და სამინისტროს ქართული წიგნის და ლიტერატურის პროგრამების სამსახურს, თუმცა, ფონდის მისია კიდევ უფრო გაფართოვდება და ძლიერდება," - აცხადებს რატიანი.
ამავე დროს ლაშა ბუღაძე აღნიშნავს, რომ უკვე ოთხი თვეა „მწერალთა სახლის" სტატუს კვოს აღდგენას ითხოვენ, თუმცა ამაოდ. ჰქონდათ შეხვედრა პარლამენტის ახალ თავმჯდომარესთანაც, თუმცა უშედეგოდ.
„ჩვენ ამის აღდგენას ვითხოვთ უკვე ოთხი თვეა და არ რეაგირებენ. ვითხოვდით მინისტრთან და მის მოადგილეებთან შეხვედრას, თუმცა ამას არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება. პარლამენტის ხელმძღვანელობა ჩემ კოლეგებსა და გამომცემლებს შეხვდა, მათ შორის ყოფილი უწყებების ყოფილ ხელმძღვანელებს, თანაც მათ შორის ახლადარჩეული პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ არ აქვთ გავლენა მთავრობის ამ ჯგუფზე. განათლების მინისტრს მე მგონი საერთოდ წარმოდგენა არ აქვს თუ რა ხდება, არც არავინ ეკითხება და არც თვითონ სვამს შეკითხვებს," - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
ამის საპირისპიროდ რატიანი ირწმუნება, რომ "ორივე სსიპ-ის თანამრომლები აქტიურად გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, მათი რესურსი ბოლომდე იქნება გამოყენებული. მე შევხვდები თითოეულ მწერალს, ამ სფეროს წარმომადგენლებს, რათა გავაცნო ფონდის სამომავლო გეგმები, მოვისმინო მათი წინადადებები და ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ ეროვნულ საქმეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ქართულ ლიტერატურაზე, მის პოპულარიზაციაზე საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლებაზე!"
ცნობისათვის, „მწერალთა სახლი" 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. ორგანიზაცია ცნობილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის მიერ 1905 წელს აშენებულ, ისტორიულ მაჩაბლის #13-შია განთავსებული. ამავე შენობაში 1921-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირი.