ლილე სამადაშვილი: ,,მაისის ბოლოდან გვქონდა ჯავშნები, მაგრამ მხოლოდ ორი ნაკადი მივიღეთ".
თეო გუდავაძე
01.07.2019

 რუსი ტურისტების გარეშე დარჩენამ ტურისტულ რეგიონებში პრობლემა შექმნა. ადგილობრივ სასტუმროებში ხალხი ჩივის, რომ რუსებმა ჯავშნები მასიურად გააუქმეს და შუა სეზონზე დამსვენებლების გარეშე დარჩნენ.   

რუსეთის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რაც რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აეკრძალათ, ადგილობრივ ტურისტულ ზონებში, სასტუმროების მეპატრონეები „რეზონანსთან“ იმ პრობლემებზე ალაპარაკდნენ, რაშიც ტურისტების დეფიციტის გამო აღმოჩნდნენ.  სასტუმროებში გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ უამრავი ჯავშანი გაუქმდა და მეპატრონეები მძიმე ფინანსური წნეხის ქვეშ არიან. 

საქართველოში ტურისტების დიდი ნაწილი რუსეთიდან შემოდიოდა, რაც როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენელთათვის, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც მომგებიანი იყო. 

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ ადგილობრივი ბიზნესმენები, ვისაც სასტუმროები აქვს ტურისტულ ზონებში, ამბობენ რომ პუტინის განცხადების შემდეგ უამრავი ჯავშანი გაუქმდა და კრიზისს განიცდიან. 

ქობულეთის ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე ლილე სამადაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ყოველ წელს რუსების რაოდენობა იმატებდა და მაისის ბოლოდან იწყებოდა ნაკადი, თუმცა წელს უამრავი შეკვეთა გაუუქმდა. 

,,ჩემი სასტუმრო მაღალი დონით არ გამოირჩევა, ამიტომ შესაბამისად მისაღები ფასებია. უამრავი ადამიანი ამბობს, რომ რუსები ცოტა თანხას ხარჯავენ და ამ კრიზისსაც ყველაზე მეტად სწორედ მცირე ტიპის სასტუმროების მეპატრონეები განვიცდით. რუსი ტურისტები სწორედ ასეთი ტიპის სასტუმროებს ირჩევდნენ. მაისის ბოლოდან მქონდა ჯავშენები, მაგრამ მხოლოდ ორი ნაკადი მივიღე. ახლა კი ყოველდღე მირეკავენ და მიუქმებენ თარიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ მოკლე დროში დიდი შანსია დავრჩე სტუმრის გარეშე და სეზონი ისე ვერ წავიდეს, როგორც მე ვვარაუდობდი. სეზონის გახსნამდე ბანკიდან სესხი გამოვიტანე, რომ სასტუმრო მომეპირკეთებინა, საუკეთესო ვარიანტში სესხის ფულს თუ ამოვიღებ, სხვანაირად ნამატ თანხაზე და შემოსავალზე ვერც კი ვფიქრობ. შეიძლება ვიღაცეებს ჰქგონიათ, რომ რუსების გარეშე დარჩენა დიდ დანაკარგს არ გამოიწვევს, მაგრამ ასე არ არის. ისინი ბევრნი არიან და ჩენს ტურიზმში დიდი წვლილი ჰქონდათ. ეს იცოდა პუტინმა და სწორედ ტურიზმს ,,დაარტყა". დოლარის კურსიც, კარგად ვხედავთ, სადამდეა ასული. ტურისტები გაგვინახევრდა და ამაზე მეტი ზიანი რა შეიძლება რომ მოგვადგეს!" - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ლილე სამადაშვილმა.

საოჯახო სასტუმროს წარმომადგენელს, გუგა შანიძეს ივნისი-ივლისში თორმეტი ჯავშანი გააუქმეს. მისი თქმით, ყველა გაუქმებული ნომრის პატრონი ეროვნებით რუსია. 

,,12 ჯავშანი გამიუქმდა, ტელოფონის დარეკვისთანავე ავტომატურად ვნერვიულობ, ვცდილობ სხვანარად მოვიზიდო ტურისტები, თუმცა არ გამოდის. ცვლილება ასეთ მოკლე დროში არ ხდება, ვაკეთებ ფასდაკლებებს და სოციალურ ქსელებში ვავრცელებ, მაგრამ ქართველებს მაინც უჭირთ  თანხის გადახდა. უცხოელი ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი გაცილებით მეტი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა მიზერულ თანხას იხდის და რაოდენობრივად მაინც ცოტაა", - აღნიშნა გუგა შანიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ანალოგიური მდგომარეობაა მთის კურორტებზეც, სადაც ხალხი რუსი ტურისტების იმედად იყო და პირველი იმედგაცრუება უკვე იწვნიეს.  ყაზბეგში მდებარე სასტუმრო ,,როიალის" მეპატრონე ნინო გოდერძიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ჯავშენები გააუქმდა, თუმცა ამაზე არ დარდობს და ფიქრობს, რომ ტურიზმს საქართველოში ნამდვილად აქვს დიდი პერსპექტივა, სოციალური კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოშის“ ფარგლებში კი მოუწოდებს სხვა სასტუმროეის მეპატრონეებს, გააკეთონ სხვადახსხვა სახის აქციები, რომ მოუზიდონ რაც შეიძლება მეტი ტურისტი. 

,,ამაზე წუწუნი არ შეიძლება, უნდა ვიმოქმედოთ, რომ გამოსავალი მოიძებნოს. შესაძლოა წლევანდელი ზაფხული არ იყოს იმდენად წარმატებული, როგორსაც ველოდით, მაგრამ ხელს ვერ ჩავიქნევთ. სჯობს, მუშაობა გავააქტიუროთ, რათა მომავალი ზაფხული იყოს ევროპელი, აზიელი ტურისტებით სავსე და შემოსავლიანი. საქართველო საოცარი ადგილია, ტურისტებს უყვართ ჩვენი სამშობლო და რუსების ჩამოუსვლელობით ვერაფერი დაგვაკლდება", - აღნიშნა ნინო გოდერძიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ რუს ტურისტებს მოუწოდა, არ ჩამოვიდნენ საქართველოში. მოწოდება კი მას შემდეგ გაკეთდა, რაც საქართველოდან დუმის დეპუტატი გავრილოვი გააძევეს, ხოლო პარლამენტის წინ დაიწყო აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ.

ტურისტული კრიზისის მერე ადამიანებმა, ფარხმალი არ დაყარეს და სოციალური კამპანია წამოიწყეს „გაატარე ზაფხული საქართველოში" - ამ ჰეშთეგით უამრავ ფოტოს ნახავთ სოციალურ ქსელში, რაც ევროპელი ტურისტების მოსაზიდი სოციალური კამპანიაა. ახალგაზრდების უმეტესობა ფიქრობს, რომ გადაფარავს ტურისტულ კრიზისს, რადგან რუსი დამსვენებლების საპირწონედ, ევროპელების მოზიდვას შეეცდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×